უფლის ლტოლვა ეგვიპტეში

ეგვიპტეში ლტოლვა და ყრმათა მოწყვეტა

(მათე 2, 13-23)

egvipteshi_ltolva

სად და როდის მოიკიდა იესო ქრისტემ თავისი მძიმე ჯვარი, რათა გოლგოთაზე აეტანა იგი? სად და როდის დაიწყო მისი ტანჯვა-წამება ჩვენი გადარჩენისათვის? არც იერუსალიმში, არც პილატეს სამსჯავროზე, არამედ ბეთლემში, როცა იგი ჯერ კიდევ სახვევებში იყო შეკრული.

მთელი ქვეყნიური ცხოვრება მისი, იყო დიდი ჯვარის ზიდვა. თავისი მიწიერი ცხოვრების დასაწყისშივე, მან გადაიტანა იროდისაგან სასტიკი დევნა. აი, რას გვიყვება მახარებელი მათე ამის შესახებ: და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, ალბათ პირველივე ღამეს, მოგვების წასვლის შემდეგ, რადგან დაყოვნება არ შეიძლებოდა, იროდის ბოროტება არ თვლემდა, – აჰა, ანგელოსი უფლისა ისევ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს, როგორც წმიდა ქალწულზე მზრუნველსა და ღვთაებრივი ყრმის აღმზრდელს და ჰრქუა: აღსდეგ ამ ღამესვე, არ დააყოვნო მცირე ხნითაც, ეხლავე წარიყვანე ყრმაი ეგე – პირველ რიგში ყრმა და მასთან დედაი მაგისი, დედა, და არა ცოლი შენი, როგორც ადრე ვუწოდე მას პირველი გამოცხადებისას, რადგან ეხლა შენ უკვე იცი, რომ ამ ყრმას არა ჰყავს ქვეყნიური მამა და არც ამ ქალს ჰყავს ქმარი.

ასე, ადექი, გააღვიძე თუ საჭიროა, ხელი მოკიდე დედას, და წაიყვანე, კიდეც რომ ძნელად მოგეჩვენოთ გვიან ღამით, შორეულ გზაზე დადგომა, ადექი და ილტვოდე, როგორ გარბიან სახლიდან, სადაც ხანძარია, როგორც გარბიან მძვინვარე მხეცისგან, რაც შეიძლება ჩქარა, ნუ დაზოგავ თავს, და განერიდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, სამუდამოდ არ დარჩებით ევგიპტეში, არამედ დროებით, – მე კვლავ გეჩვენები შენ და გეტყვი, როდის გადაივლის საშინელება: რამეთუ ეგულუების იროდის მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე. მაგრამ არ შეშინდეთ; თქვენ არავითარი განსაცდელი არ შეგეხებათ, რადგან თქვენთან მუდამ იქნება ღვთის ძალა, თქვენთან თვით ღვთის ძეა, რომელიც სიმდაბლით ჩვრებშია შეხვეული. – ალბათ არ მოელოდა მართალი მოხუცებული იოსები ასეთ შემაწუხებელ სიზმრეულ ჩვენებას ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ ნახა და მოისმინა.

მან თავად იხილა აღმოსავლელი მოგვები, რომლებმაც ძღვენი მიართვეს ახალშობილს და თაყვანისცეს, მას მოსმენილი ჰქონდა მათგან საკვირველი ვარსკვლავის შესახებ, იცოდა მეფე იროდი სურვილიც, რომ მასაც სურდა ყრმის თაყვანისცემა, და აი, უცებ, – ღვთაებრივი ყრმის სიცოცხლის გადასარჩენად უნდა დასტოვოს თავისი ქვეყანა და უცხო და შორეულ ქვეყანაში გაარიდოს ყრმა დედასთან ერთად. მაგრამ ეხლა არ იყო დრო განსჯისა და გამოძიებისა, არც მერყეობა დაუფლებია წმიდა მოხუცს, არამედ მაშინვე დაეშურა უწყებულის აღსრულებას, ხოლო იგი აღსდგა, და წარიყუანა ყრმა იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ.

„წარმოიდგინეთ, – ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, – წმიდა მოხუცი, შუაღამისას თავისი ღარიბული საწოლიდან წამომდგარი წარმოიდგინეთ, ანგელოზისგან უწყებულის აღსასრულებლად როგორ ფეხაკრეფითა და მოწიწებით მიუახლოვდა მძინარე ყმაწვილ ქალსა და ყრმას და ძილისაგან ფრთხილად გამოაღვიძა, შემდეგ კი როგორ მორიდებით გამოუცხადა მას, რომ უკიდურესი საჭიროების გამო, მაშინვე, ღამით, ვიდრე ხალხისათვის იქნებოდა დაფარული, უნდა დაეტოვებინათ არა მარტო თავიანთი სამყოფელი, არამედ სამშობლო ქვეყანა, და თავი ეგვიპტისათვის შეეფარებინათ; ამის შემდეგ როგორი მოჩქარებით იწყებენ ისინი გასამგზავრებლად მზადებას; დედამ, რომელსაც არასოდეს ემოგზაურა უწყლო და ხრიოკ უდაბნოში, როგორ აიყვანა ხელში მძინარე ყრმა, ფრთხილად დაჯდა სახედარზე და იოსების წინ ძღოლით გაუყვა გრძელ გზას. და ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით.

როგორი შემძვრელი სანახაობაა! რამოდენა თავდადებაა ღვთის ნების აღსასრულებლად!“ – წმიდა მახარებელს არ ჰქონდა გეგმაში დაწვრილებით აღეწერა მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრება; მას სურდა მხოლოდ ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად აღთქმული მესია ქვეყნისა, ამიტომაც არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ მიაღწიეს ეგვიპტეს წმინდა მოგზაურებმა, სად გაჩერდნენ და როგორ ირჩენდნენ იქ თავს; არამედ მხოლოდ ამბობს, რომ: და იყო მუნ იოსებ ვიდრე აღსრულებამდე იროდისა. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ღვთაებრივი ყრმისათვის აეცილებინათ ყოველგვარი საფრთხე და დევნა, დედისათვის კი – შიში და დარდი განსაცდელებისა.

შემორჩა რამდენიმე ძველი გადმოცემა წმიდა ოჯახის მოგზაურობიდან: არ ენდო რა საკუთარ თავსა და შესაძლებლობას, წმ. იოსებმა თან იახლა თავისი შვილი წმ. იაკობი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ძმად იწოდა. რამოდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ წმიდა მოგზაურნი მოხვდნენ იმ უწყლო და უმკაცრეს უდაბნოში, რომელიც ეგვიპტიდან წამოსულმა ებრაელებმა გაიარეს. საშინელი სიძნელეები და უსიამოვნებები შეხვდა მათ აქ. გზა უმეტესად უდაბნოს ქვიშაზე მიდიოდა და ხშირად საერთოდ იკარგებოდა. უდაბნოში საკვები არ მოიძებნებოდა, ამიტომ ყველაფერი განსაზღვრული რაოდენობით წინასწარ უნდა მოემზადებინათ. იმათ კი მხოლოდ ერთი ვირი გააჩნდათ, რომელზედაც ყმაწვილი დედა ღვთაებრივ ყრმასთან ერთად იჯდა.

დღისით აუტანელი სიცხის გადატანა უხდებოდათ, ღამით სიცივისგან იცავდნენ თავს; მაგრამ როგორ უნდა დაეცვათ თავი ყოველივე ამისგან იქ, სადაც დასასვენებელი ადგილი იყო უდაბნოს ქვიშა, საფარველი კი – ცის კამარა. – ამბობენ, რომ უდაბნოში, ერთგან, მათ ყაჩაღები დაესხნენ თავს და სურდათ მათთვის სახედრის წართმევა, მაგრამ ერთი ყაჩაღთაგანი ღვთაებრივი ყრმის სალამაზემ ისე მოხიბლა, რომ არ მისცა ნება თავის თანამზრახველებს წმიდა მოგზაურთათვის რამე დაეშავებინათ: „ღმერთს რომ ადამიანის სახე მიეღო, – თქვა მან, – იგიც კი ამ ყრმაზე უკეთესი არ იქნებოდაო“. მაშინ ღვთის დედამ უთხრა ამ კეთილგონიერ ყაჩაღს: „გწამდეს, რომ ეს ყრმა არ დაგივიწყებს შენ ამ სიკეთეს, იგი სიკეთით გადაგიხდის იმისათვის, რომ ეხლა შენ დაიცავი მისი სიცოცხლე“. და ეს იყო სწორედ ის ყაჩაღი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის მარჯვნივ იქნა გაკრული ჯვარზე და ღირსი შეიქნა მისგან სანატრელი სიტყვების მოსმენისა: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43), ასე აღსრულდა მასზე ღვთისმშობლის სიტყვა.

როცა ყოვლადწმიდა ქალწული თავისი ღვთაებრივი ყრმით ეგვიპტეში გამოჩნდა, წარმართულ ტაძრებში კერპები დაეცა, რითაც აღესრულა მათზე წინასწარმეტყველება: „აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე (ყოვლად წმიდა ქალწულის ხელში), და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები“ (ეს. 19,1). ეხლაც აჩვენებენ კაიროსთან ახლოს, დასახლება მატარიესთან, იმ უზარმაზარი ხის კუნძს, რომლის ძირშიც ისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სადაც იყვნენ ისინი გაჩერებულნი. გადმოცემა გვეუბნება, რომ ამ ხის მახლობლად მაშინ გაჩენილა წყარო, სასიამოვნო გრილი წყლით, რათა უწმიდეს ქალწულსა და მის კურთხეულ ყრმას დაეცხროთ წყურვილი. ეს წყარო ეხლაც არის შემორჩენილი, წმიდა ხის ნარჩენიდან ეხლაც ხარობენ წვნიანი ტოტები.

წმ. მახარებელი მათე ამ დაწვრილებითი ცნობების ნაცვლად გვიხსნის, თუ რატომ ისურვა ღმერთმა სწორედ ეგვიპტე და არა სხვა რომელიმე ქვეყანა, წმიდა ოჯახის თავშესაფრად: რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა თქმული წინასწარმეტყუელისა ოსიას მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა (ოსია 11,1; ფს. 79,9; რიცხ. 24,8). ბაბილონი და ეგვიპტე, – ამბობს წმ. ოქროპირი, – აი ორი ადგილი ყოველგვარი არაწმიდებისა. ბაბილონელი მოგვებისგან ქრისტემ მიიღო ღირსეული თაყვანისცემა, ეგვიპტე კი, თავისი იქ მიბრძანებით, განსწმიდა უფალმა, რითაც მან გვაჩვენა, რომ იგი ქვეყნად მოვიდა ყველაზე უსაშველო ცოდვილთა სახსნელად, თუ კი ისინი საშველად სინანულით მიმართავდნენ მას. ეგვიპტე ყველაზე ახლო იყო ბეთლემთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანა. იქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რომელთა შორისაც იოსები და მარიამი იპოვიდნენ საიმედო თავშესაფარს.

ეგვიპტე განასახიერებდა სატირალ მდგომარეობას ცოდვისა და სიკვდილისა, საიდანაც ღვთის ძე მოვიდა, რათა კაცთა მოდგმისათვის ეუწყებინა გამოხსნა, ისე როგორც თავის დროს მოსემ გამოიყვანა ებრაელობა ეგვიპტიდან. ქრისტე მაცხოვარი არის თავი ახალი ისრაელისა – მისი მორწმუნეებისა, ამიტომ მასზე, როგორც ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, აღსრულდა ყოველივე, რასაც წინასწარმეტყველი ოსია ამბობს ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოხსნაზე. და მართლაც ვისთვის შეიძლებოდა ღვთის ერი გვეწოდებინა: ებრაელი ერისათვის, რომელიც არა ერთ გზის განუდგა უფალს, კერპებს თაყვანი სცა და ჩვილი ბავშვები ეშმაკებს შესწირა მსხვერპლად, თუ იმისთვის, რომელიც ბუნებით არის ძე ღვთისა და აღიარებს თავის მშობელ მამას?

ამასთან წმ. ოქროპირი სამართლიანად შენიშნავს, რომ ქრისტე ეგვიპტეში რომ არ მისულიყო, მაშინ წინასწარმეტყველება ჯეროვნად ვერ აღსრულდებოდა, რადგან ეგვიპტიდან ებრაელი ერის დაბრუნება იყო მხოლოდ პირველსახე იგივე ეგვიპტიდან ქრისტეს დაბრუნებისა. მაგრამ თუ ვინმე იკითხავს: განა არ შეეძლო ღვთაებრივ ყრმას, რომ თვით ბეთლემში დაფარულიყო რაიმე სასწაულით? რა საჭირო იყო ასეთი სამძიმო მოგზაურობა? ამაზე წმ. ოქროპირი პასუხობს ასე: მაშინ შეიძლებოდა დაეჭვებულიყვნენ, რომ მან მთლიანად მიიღო ადამიანური ბუნება. აკი მართლაც იყვნენ შემდგომში ერეტიკოსები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ თითქოს უფალს სინამდვილეში ხორცი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ხორცის სახეს ფლობდა. ქრისტე მაცხოვარს ჩვენთვისაც უნდოდა მოეცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელებს: განა მას არ გააჩნდა საკვირველი საშუალებანი, იროდისაგან თავის დაღწევისა? იმას ეხლაც შეეძლო მოეწოდებინა თავის დასაცავად ანგელოზთა სიმრავლისათვის (მთ. 26,53), მაგრამ ანგელოზთა მაგივრად მან ამჯობინა მოხუცი იოსებისა და ქალწულ მარიამის დასაქმება: ეგვიპტეში იგი, როგორც ადამიანი, ისე გაიქცა, რათა ამით თავი ეხსნა, ნუ დაელოდები შენც, საჭიროების გარეშე, რაღაც სასწაულებს, რათა მოგარიდოს მოსალოდნელ საშიშროებას, არამედ ისარგებლე იმ საშუალებებით, რაც შენს ხელთაა.

ნუ ჩაიგდებ საფრთხეში თავს, თუ შეგიძლია მისგან მორიდება, რომ არ დაარღვიო განგებულება, ნურც შეძრწუნდები, ნურც მოიწყენ ზედმეტად: მწუხარება – საერთო ხვედრია მართალთა (ფს. 33,20).

გავაგრძელოთ სახარების თხრობა…

wm_giorgis-makhvili_r

Advertisements

მოგვთა თაყვანისცემა

მოგვთა თაყვანისცემა

(სახარების განმარტება)

mates_saxarebis_ganmarteba

ზეციური მამისგან არავინაა დავიწყებული მის დიდებულ ოჯახში. იგი მარტო იუდეველების ღმერთი კი არ არის, არამედ წარმართებისაც. იგი არის ღმერთი და მხსნელი მთელი ადამის მოდგმისა. „და შეჰქმნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთაგანი, დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღაურის-დადებანი დამკვიდრებისა მათისანი. მოძიებად ღმრთისა, და უკეთუმცა ვინ ეძიებდა, ჰპოვამცა იგი“ (საქ. 17,26-27), გვამცნებს საღვთო წერილი. მართალია ხალხმა დაივიწყა ღმერთი და დაიწყო კერპების თაყვანისცემა, მაგრამ მათ გულებსა და სინდისში, მართალია ძნელად, მაგრამ მაინც ისმოდა ღმერთის ხმა, და წარმართებს შორის უკეთესნი, არ წყვეტდნენ ღვთის სიმართლის ძებნას, როგორც ჩააგონებდა მათ საკუთარი სინდისი.

ამიტომ ქრისტეს შობის წინა ხანებში, არა მარტო იუდეველები მოელოდნენ აღთქმულ მესიას – ქრისტეს, მთელი მსოფლიო, რომელიც ცოდვებში იყო ჩაძირული, მოელოდა გამომხსნელს. ეს მოლოდინი განსაკუთრებით იგრძნობოდა აღმოსავლეთში; სპარსელებში, ბევრად მეტად, ვიდრე სხვა ხალხებში, დაცული იქნა ბიბლიური გადმოცემები. იქ, ბაბილონელთა ტყვეობის შემდგომ, დარჩა ბევრი ებრაელი, რომლებიც აღმოსავლეთის ხალხებში ავრცელებდნენ თავიანთ რწმენას, თავიანთ მოლოდინს აღთქმულ მესიაზე. ებრაელები ყველაზე მეტად და შემდგომ სხვა ხალხებიც მოელოდნენ დიდებულ მეუფეს, რომელიც უნდა შობილიყო იუდეაში და დაემორჩილებინა მთელი ქვეყანა. და აი, როგორც კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში, – ურწმუნო ქვეყანაში, სიბნელესა და კერპთაყვანისმცემლობაში, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ისე გულმოდგინედ მოელოდნენ ისრაელთა მხსნელისაგან შველას, რომ ზეციდან პირველივე ნიშნანზე, არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე, წამოვიდნენ, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილი მაცხოვრისათვის.

ხოლო იესოს შობასა, გვიყვება მახარებელი მათე, ბეთლემს ჰურიასტანისასა, (იყო სხვა ბეთლემიც – გალილეაში), დღესა იროდი მეფისათა. მახარებელი აქ იროდის იმიტომ ახსენებს, რათა დაგვანახოს, რომ იმ დროს იუდეველებს აღარ ჰყავდათ მეფე, არამედ მათზე მეფობდა უცხო წარმოშობის იროდი, რაც მიანიშნებდა ქრისტეს შობის ჟამის დადგომას, რაც იაკობ მამამთავარს ჰქონდა ნაწინასწარმეტყელები. მეფედ იმიტომ იხსენებს იროდის, რომ განასხვავოს იგი სხვა იროდისაგან, რომელიც იყო პირველის შვილი და სამეფო ტიტულს არ ატარებდა, – აჰა მოგუნი აღმოსავლეთით მოვიდეს იერუსალიმად. შორი ქვეყნიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში შეიძლება მოსულიყვნენ უფლის შობამდე გაცილებით უფრო ადრე, ანდა უფრო გვიან, ისინი კი მოვიდნენ სწორედ უფლის შობის ჟამს, რათა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა დიდხანს არ დარჩენილიყო დაფარული იერუსალიმისათვის. მოგვების მოსვლის ჟამის უფლის შობის დროსთან ასეთი დამთხვევა ამტკიცებს იმას, რომ მათი მოგზაურობა განსაზღვრული იყო ღვთისაგან და იმას, რომ მათი მოგზაურობა ცოტა ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე უფალი დაიბადებოდა (ის. 60,3).

ვინ იყვნენ ეს მოგვები? – ესენი იყვნენ მეტად განსწავლული, მეცნიერი და ბრძენი ადამიანები. ამასთან მეტად ღირსეულნი, სარწმუნოებისა და სიწმინდეებისადმი მეტად გულმოდგინენი. სწორედ თავიანთი დიდი სიკეთისა და გულის სიწმიდისათვის გახადა ისინი ღმერთმა ღირსნი, რომ პირველებს ეცათ თაყვანი ბეთლემში შობილი ქვეყნიერების მხსნელისათვის. გადმოცემის თანახმად, ისინი იყვნენ მეფენი, მათი სახელებიც კია შემორჩენილი: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. იგივე გადმოცემით ისინი წარმოშობით იყვნენ ძველი ბაბილონიდან, სადაც 500 წლის წინათ ცხოვრობდა წინასწარმეტყველი დანიელი. ეს დიდი წინასწარმეტყველი თავის დროზე ყველაზე გამორჩეული იყო ბაბილონელ ბრძენთა შორის. მან, რა თქმა უნდა, გადასცა სხვებსაც ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე.

შეიძლება ითქვას, რომ დანიელის წინასწარმეტყველების წიგნი მოგვებისათვის იყო ცნობილი. ასე, რომ დანიელის დროიდან მოყოლებული, ქრისტეს შობამდე, აღმოსავლელ სწავლულებში ინახებოდა გადმოცემა ისრაელთა სახელოვანი მეუფის მოსვლის შესახებ. ძველ დროს, ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და სიკვდილს ყოველთვის თან სდევდა გამოჩენა ან გაქრობა ცაზე ვარსკვლავებისა. მოელოდნენ რა ღვთის განგებულების აღსრულებას, მოგვები თვალს ადევნებდნენ ასეთი ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე, ისრაელთა მეფის დაბადებამდე. და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ იგი უკვე დაიბადა, მაშინვე იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ, იერუსალიმში მათ გაიკითხეს ახლადშობილი მეფის შესახებ. და ამბობდნენ: სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა?

რა ვარსკვლავი იყო ის, მოგვებმა რომ იხილეს? – წმ. ოქროპირის განმარტებით ეს იყო ანგელოზთა უხილავი ძალი, რომელმაც მიიღო ვარსკვლავის სახე, სინამდვილეში, ნახეთ როგორ მოქმედებს ეს საკვირველი ვარსკვლავი: ყველა ვარსკვლავი მიემართება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ეს კი – ჩრდილოეთიდან, სპარსეთიდან, სამხრეთისაკენ – იერუსალიმისაკენ. ჩვეულებრივი ვარსკვლავები ჩანან მხოლოდ ღამით, ეს კი კაშკაშებდა დღისითაც, მზის სინათლეზეც კი. იგი ხან გამოჩნდებოდა, ხანაც იმალებოდა. როცა მოგვები მივიდნენ იერუსალიმში, ვარსკვლავი აღარ ჩანდა, ხოლო როცა გამოვიდნენ იერუსალიმიდან, იგი ისევ გამოჩნდა. იგი ემსგავსებოდა ღრუბლის სვეტს, ებრაელებს უდაბნოში რომ უძღოდა. იგი მოგვებს წინ მიუძღოდა, მიდიოდნენ თუ ჩერდებოდნენ, ვარსკვლავი მათ მისჩერებოდა და ასე მიიყვანა იმ ადგილიდან, სადაც ახლადშობილი ყრმა იმყოფებოდა; ამის შემდეგ ვარსკვლავი სრულიად გაუჩინარდა.

ცხადია, რომ უბრალო ვარსკვლავით მოგვების ასეთი წინამძღოლობა ვერ მოხდებოდა: ეს იყო ანგელოზთა ძალა. „რატომ მაინც და მაინც ვარსკვლავის სახით მოხდა ქრისტესთან მოგვების მიყვანება? – კითხულობს წმ. ოქროპირი და თავადვე პასუხობს: ადამიანური სისუსტეებისადმი უფლის განსაკუთრებული შემწყნარებლობისა გამო. ღმერთმა მათ მოსაქცევად გამოიყენა ის, რაც უფრო ნაცნობი იყო მათთვის. ისინი ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ ადრეც, ამიტომ ღმერთმაც ვარსკვლავით ინება მათი მოწოდება. ასე რომ, როგორც საეკლესიო საგალობელშია ნათქვამი, „რომელნი ვარსკვლავსა თაყვანისცემდნენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყუანისცემა სიმართლის მზისა – ქრისტესი“.

როგორ მიხვდნენ მოგვები, რომ ვარსკვლავი მათ აუწყებდა სწორდ იუდეველთა მეუფის დაბადებას და არა სხვა ვინმესას? – „მე ვფიქრობ, – ამბობს წმ. ოქროპირი, რომ ეს არ იყო მარტო ვარსკვლავის საქმე, არამედ ღმერთმა თავად მისცა მათ ისეთი გულისხმიერება, როგორც თავის დროს სპარსეთის მეფე კიროსს ჩააგონა, იუდეველთა ბაბილონელთა ტყვეობიდან გაშვება“ (1 ეზდ. 1,1). ისინი მოელოდნენ ებრაელთა დიდებულ მეუფეს, – აი მადლი ღვთისა, ყოველთვის რომაა მართალთა სულებთან; სწორედ ღვთის მადლმა ჩააგონა მათ ყველაფერი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ იუდეაში. – როდის გამოჩნდა ეს ვარსკვლავი? – წმ. ოქროპირი ამბობს, რომ მოგვებმა იგი შეამჩნიეს ბევრად უფრო უწინ ქრისტეს დაბადებამდე, ყოველ შემთხვევაში იმდენი ხნით ადრე, რამდენიც მათ ებრაელთა ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდებოდათ. მაგრამ რატომ პირდაპირ ბეთლემში არ მიიყვანა მოგვები ვარსკვლავმა? – ისინი რომ არ შეჩერებულიყვნენ იერუსალიმში, მაშინ ხომ ყოველგვარ განსადცელს აარიდებდნენ როგორც საკუთარ თავს, ისე ახალშობილს იროდისგან? ღმერთს თავად სურდა, რომ იერუსალიმისათვის სწორედ მოგვებს ეუწყებინათ ქრისტეს დაბადება, ებრაელთა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს სწორედ წარმართი მოგვებისგან უნდა შეეტყოთ თავიანთი მეუფის დაბადება, რათა ამით გაცხადებულიყო მათი სულიერი მოშვებულობა და მოუქნელობა.

ასე, რომ მოგვებმა იერუსალიმელებს კეთილად აუწყეს მხსნელის დაბადება. როგორ იმოქმედა მათზე ამ სასიხარულო უწყებამ? ვითარცა ესმა ესე იროდი მეფესა, შეჰძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა. განსაკუთრებით კი, ცხადია, შეშფოთდებოდნენ მომხრენი იროდისა. როგორ არ შეშფოთდებოდა ეჭვიანი იროდი, რომელმაც აღმოფხვრა მის მეფობამდე მიმყვანებელი ყველგა გზა? იგი იყო უკანონო მეფე, უცხო ტომისა, თვითმარქვია, რომაელთაგან რომ გამეფდა. იგი სძულდა ხალხს თავისი სისატიკისა გამო, რომელიც იქამდე მივიდა, რომ უმნიშვნელო ეჭვის გამოც კი, სასჯელისათვის თავის საკუთარ შვილებსაც იმეტებდა. იროდი, ის-ის იყო სისხლით გაუსწორდა მის წინააღმდეგ შეთქმულთ, რომელთაც სასხლეში მისი მოკვლა უნდოდათ. წლებითა და მძიმე სატკივარებით გულდამძიმებული მბრძანებელი შეშინდა, როცა მას მოახსენეს, რომ სწორედ იმ დროს, როცა მას ძალები აკლდებოდა, დაიბადა მესია, ჭეშმარიტი შვილი დავითისა, კანონიერი მეუფე ურიათა, რომელიც ალბათ წაართმევდა მას მეფობას. როგორ არ შეძრწუნდებოდა ასეთი ტირანი მსგავსი უწყებისას? მაგრამ რა აშინებდა იერუსალიმს? წინასწარმეტყველებს ხომ ადრევე ჰქონდათ ნათქვამი, რომ ქრისტე უნდა მოსულიყო ხალხის გადასარჩენად, რომელიც მადლსა და თავისუფლებას მიანიჭებდა მათ.

და აი იროდის ბნელ სულში საშინელი სურვილი გაჩნდა: თავად მოგვებისაგან შეეტყო ყოველივე ახლადშობილი ყრმის შესახებ, შემდეგ კი იგი მოეკლა, და თუ საჭირო იქნებოდა, მასთან ერთად მოგვებიც დაეხოცა, რომელთაც ააფორიაქეს მისი ქვეყანა. და შეჰკრიბნა ყოველნი მღუდელთ-მთავარნი, სინედრიონის ყველა წევრი (სულ 72) და მწიგნობარნი ერისანი, საღვთო წერილში განსწავლული მეცნიერნი, და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე? – სად უნდა დაბადებულიყო იგი ძველი აღთქმისა და წინასწარმეტყველების მიხედვით? მართალია მოგვებს არ უთქვამთ, რომ მეფე, რომელსაც ისინი დაეძებდნენ იყო ქრისტე, მაგრამ იროდი მაშინვე მიხვდა, საუბარი რომელ მეფესაც შეეხებოდა. და, აი ვერაგმა მეფემ, ვითომდა ისრაელთა ღმერთის გულმხურვალე მაღიარებელმა, იკითხა აღთქმულ ქრისტეზე, და ამათაც მაშინვე პირდაპირ მოახსენეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა. სწავლულ კაცებს არ შეეძლოთ სიმართლის დაფარვა, რადგან იგი თითოეული ებრაელისათვის იყო ცნობილი (ინ. 7,42), რამეთუ ამაზე გარკვევით საღვთო წიგნი ამბობდა: რამეთუ ესრეთ წერილ არს მიქეა წინასწარმეტყველისა მიერ, 700 წლის წინათ: და შენ, ბეთლემ, ქუეყანა ეგე იუდასი. მართალია პატარა ხარ, სხვა ქალაქებთან შედარებით მცირეა შენი მოსახლეობა, მაგრამ შენ დიდი უპირატესობა გაქვს, არა სადა უმრწემეს-ხარ მთავართა შორის იუდასთან, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი ე.ი. ყოვლისშემძლე მეუფე ქვეყნიერებისა, რომელმაც დამწყსოს, როგორც კეთილმა მწყემსმა, ერი ჩემი, ისრაელი, (მიქ. 5,2; ინ. 10,11; გამ. 2,27; იეზ. 34,23), ყველა, ვისაც კი ექნება ღვთის რწმენა, რადგან „არა ყოველნი ისრაელისაგანნი, ესრეთ არიან ისრაელ“ (რომ. 9,6). – „შეხედე, – ამბობს წმ. ოქროპირი: როგორი საკვირველი და არაჩვეულებრივი საქმეები ხდება! წარმართები და იუდეველები ასწავლიან ერთმანეთს რაღაც ძალზედ დიდს.

იუდეველებს ესმით მოგვებისგან, რომ სპარსთა ქვეყანაში ვარსკვლავი ქრისტეს აუწყებდა, მოგვები კი იუდეველთაგან გებულობენ, რომ ის, ვის შესახებაც შეიტყვეს ვარსკვლავებისაგან, წინასწარმეტყველთაგან წინასწარუწყებული იქნა“. ამრიგად, იუდეველთა სინედრიონმა დაამოწმა, რომ ქრისტე იუდესა ბეთლემში უნდა შობილიყო; მთელმა იერუსალიმმა შეიტყო მხსნელის დაბადება და აღელდა. ბეთლემელმა მწყემსებმაც მოუთხრეს ხალხს, თუ როგორი დიდებულებით გამოეცხადნენ ანგელოზები მათ, როგორ მიაგნეს ახლაშობილს და თაყვანი სცეს მას.

ნახე სიზუსტე წინაწარმეტყელებისა, – ამბობს წმ. ოქროპირი: მიქეამ არ თქვა, რომ იცხოვრებს ბეთლემში, არამედ ბეთლემიდან „გამოვა“, რაც ნიშნავს: მხოლოდ დაიბადება ბეთლემში. ტყუილად ამბობენ ებრაელნი ეხლა, რომ თითქოს ეს წინასწარმეტყველება ეკუთვნოდეს ზორობაბელს. ზორობაბელი დაიბადა არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში. ისედაც, განა შეიძლება წინასწარმეტყველის დანარჩენი სიტყვები მას მივაკუთვნოთ, რაზეც, იროდის საამებლად, მწიგნობრებმა დუმილი ამჯობინეს: „და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“. – მისი წარმოშობა დასაბამიდანაა, მარადისობიდან? მოკლედ ებრაელნი ამ წინასწარმეტყველების ზორობაბელს მიაკუთვნებდნენ ქრისტეს შობის შემდგომ, მაშინ კი, როგორც ეს ჩანს იროდისათვის სინედრიონის განმარტებიდან, მას ყველა ქრისტეს მიაკუთვნებდა. ყურადსაღებია ისიც, რომ თვით სიტყვა „ბეთლემი“ ებრაულად ნიშნავს „პურის სახლს“, იესო ქრისტე კი თავის თავზე ამბობდა: „მე ვარ პური ცხოვრებისა“ (ინ. 6,35).

როგორ მოიქცა იროდი? მაშინ იროდი იდუმალ მოუწოდა მოგუთა და ჰკითხა მათ სად შეიძლებოდა ქრისტეს მოძიება და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისა. იგი ფიქრობდა, რომ ებრაელნი დაუმალავდნენ მას ყრმას და შეეცდებოდნენ მის გადარჩენას, როგორც თავიანთ მეფესა და გამომხსნელს, ამიტომ მოგვებს შეხვდა ფარულად, მას არ უნდოდა პირდაპირ ეკითხა მათთვის თუ როდის დაიბადა ყრმა, შიშობდა რა იმას, რომ მოგვები შეიძლება მიმხვდარიყვნენ მის ბოროტ განზრახვას, ამიტომ ეშმაკურად გაიგო მათგან ჟამი ვარსკვლავის გამოჩენისა, რადგან ფიქრობდა, რომ ქრისტე სწორედ მაშინ დაიბადა.

ბეთლემი მდებარეობს ორი საათის სავალზე იერუსალიმის სამხრეთით მთიან ადგილზე, რომელიც მშვენიერი ბაღებითაა დაფარული. დიდი დრო არ დაჭირდა მოგვებს ახლადშობილი მეფის მიგნებისათვის. არ იყო საჭირო სხვებისათვის კითხვა ამისთვის: გზამკვლევი ვარსკვლავი ეხლა პირდაპირ მიუძღოდათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, – და თითქოს თითით მიანიშნაო იმ ადგილზე, რომელსა იყო ყრმაი იგი. შესაძლოა ვარსკვლავი ისე შესამჩნევად დაეშვა ქვევით, რომ მისგან ძირს დაშვებული სხივებით, ადვილად იქნა ის ადგილი მოძიებული, სადაც იყო ჩვილი. ხოლო მათ, ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, სადაც დაეშვა იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, როგორ არ უნდა გაეხარათ მოგვებს, როცა ასე ახლოს იყვნენ თავიანთჲ ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის მიზანთან. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას – ცხადია იგულისხმება ის გამოქვაბული, რომელიც წმ. მოხუცმა იოსებმა მონახა ახალგაზრდა დედისა და მისი ახალშობილისათვის (ლკ. 2,16), – იხილეს ყრმაი იგი, დაინახეს მათთვის სასურველი, დიდი გულმოდგინებით მოძიებული ყრმა-მეფე სიღარიბეში, ბაგაში, უბრალოებასა და მორიდებაში, მარიამისთანა ყოვლადწმია დედისა თვისისა.

იოსებს მახარებელი აქ არ იხსენებს, შესაძლოა იგი ამ დროს რაღაც ოჯახური საზრუნავის გამო იყო გასული. მიუხედავად ასეთი სიღარიბისა, რითაც იყო ახალშობილი ყრმა და მისი დედა გარემოცული, მოგვები, როგორც კი იხილეს იგი, მაშინვე დავარდეს, – ძრწოლითა და კეთილკრძალულებით დაემხნენ მიწაზე და თაყუანის-ჰსცეს მას, – თაყვანისცეს როგორც ღვთის სახებას. მათმა კეთილმა და წმიდა გულმა მაშინვე შეიგრძნო მათი გონებისათვის მიუღწეველი დიდი საიდუმლო ღვთისა, ისე როგორც ეს წმ. იოანე წინამორბედს შეემთხვა (ლკ. 1,41), ჯერ კიდევ თავისი დედის მუცელში ყოფნისას, რომელიც სასიხარულო კრთომით მიესალმებოდა მასთან მიახლოებულ ღვთაებრივ ყრმას, რომელიც ასევე თავისი დედის მუცელში იმყოფებოდა.

და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეჰსწირეს მისსა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური, – და მას, თავის უბადრუკ აკვანში მიაგეს ისეთი პატივი, რაც მეფე იროდისთვისაც არ მიუგიათ სამეფო სასახლეში. სამი ძღვენი მიართვეს ერთს სამებიდან, პატივად წმიდა სამებისა: ოქრო – როგორც მეფეთა მეფის მისართმევი; გუნდრუკი – სუფთა, კეთილსურნელოვანი, როგორც ღვთისა და ამავე დროს მარადიული ზეციური მღვდელმთავრის უსისხლო შესაწირი, და მური – როგორც მოკვდავს მომავალში (ინ. 19,39), რომელიც შემდგომში სიკვდილის სამეფოს დაარღვევს თავისი სიკვდილით. ცნობილია, რომ მურს, რომელსაც აგროვებდნენ ხიდან, ებრაელნი ცხებდნენ მიცვალებულის სხეულს. ოქრო, გუნდრუკი და მური – ყოველივე ის, რითაც განთქმული იყო მოგვთა სამშობლო – შორეული აღმოსავლეთი.

და როგორც ეს ძღვენი არაფრით ემსგავსებოდა ებრაელთა სისხლიან მსხვერპლს, ისევე განსხვავებული იქნებოდა ქრისტიანული ძღვენიც. წმ. ოქროპირი ტყუილად როდი უწოდებს მოგვებს ქრისტიანული ეკლესიის პირველ წევრებს, წარმართთაგან ქრისტეს პირველ მორწმუნეებს. მათი სახით „წარმართების უნაყოფო ეკლესიამ“ იცნა ხალხთა მოლოდება – ქრისტე, და ქედი მოიხარა საკვირველი ყრმის წინაშე, რომელიც მალე შეკრებდა ერთად თავის გაბნეულ შვილებს. ახალ მეფესთან ძღვენით მისვლა აღმოსავლეთის ხალხებში ისედაც წესად ჰქონდათ (შექ. 32,14; 43,11; 1 მეფ. 10,27); არასოდეს წმიდა ოჯახისათვის ისე არ ყოფილა საჭირო შეწევნა, როგორც მაშინ. კიდევ რომ ჰქონოდათ, რაიმე ნაზარეთში, ბევრს მაინც ვერ წაიღებდნენ თან, რადგან ფიქრობდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, ეხლა კი მიუწია ნაჩქარევი და სრულიად მოულოდნელი შორეული მოგზაურობა ეგვიპტეში. როგორ გაემგზავრებოდნენ უცხო ქვეყანაში საკვირველი დახმარების გარეშე, რომელიც მათ მიიღეს მოგვებისგან? მათი ძღვენი იყო შორეული მოგზაურობისათვის დახმარება ზეციდან.

მაგრამ ვის ეკუთვნოდა ეს ძღვენი? მას, რომელიც საკვირველი სიღატაკით მოვიდა ჩვენთან, რათა ჩვენთვის სიმდიდრე და სიკეთე მოეტანა, რომელიც სიცოცხლესა და სუნთქვას ანიჭებს ყოველივეს. როგორი დიდია მისი ღვთაებრივი სიმდაბლე! წმიდა დიმიტრი როსტოველის თქმით, ღვთისმშობელმა მოგვებისაგან შეწირული ოქრო, ღარიბ-ღატაკებს დაურიგა.

ეხლა მივუბრუნდეთ მოგვებზე საუბარს. როგორც კი შეასრულეს თავიანთი ნანატრი სურვილი და თაყვანი სცეს უფალს, მოგვებმა ისრუვეს იერუსალიმში დაბრუნება, რათა იროდისთვის მიცემული სიტყვა შეესრულებინათ, და მეფისა და იერუსალიმელთათვის გაეზიარებინათ თავიანთი სიხარული, რითაც უხვად იყვნენ აღვსილნი. მაგრამ სწორედ ეს იყო საშიშროება დიდი. და აი, უფალმა ისევ ჩააგონა მათ, მაგრამ არა ვარსკვლავით, არამედ ძილში, როგორც ეს შეემთხვევა იოსებს: და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, რათა არ მიაქციონ იროდისა, მათ არ დაიწყეს მიზეზის ძებნა, არამედ კეთილად ირწმუნეს უწყებული და დამორჩილდნენ უფლის ნებას, და სხვა გზით, ალბათ ქებრონის მხრით, მკვდარი ზღვის შემოვლით, წარვიდენ სოფლად თვისსა. საეკლესიო გადმოცემა გვამცნებს, რომ მოგვები თავიანთ ქვეყანაში ყველას მოუთხრობდნენ რაც ნახეს და გაიგონეს ქვეყნიერების მხსნელზე, რითაც წარმართებს შორის ქრისტეს პირველ მქადაგებლებად იქცნენ.

საკვირველია ღვთის განგების გზები. ვინ იფიქრებდა, რომ სადღაც სპარსეთსა და არაბეთში ასეთი მოლოდინით ელოდნენ იმას, ვისი შობის შესახებაც არაფერი იცოდნენ თვით იერუსალიმში. მიუხედავად ამისა, წარმართმა მოგვებმა ამის შესახებ არა მარტო შეიტყვეს, არამედ ახლადშობილი მხსნელის თაყვანისსაცემად შორი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს ისინი ღვთის ასეთი დიდი წყალობის ღირსნი იყვნენ. მოგვები არ კითხულობდნენ წინასწარმეტყველებებს, არამედ მხოლოდ წინაპართა გადმოცემებიდან იცოდნენ, რომ იუდეველბში უნდა შობილიყო დიდებული მეფე, და დაინახეს თუ არა საკვირველი ვარსკვლავი, მაშინვე იერუსალიმისაკენ გამოეშურნენ, და მისი ძებნა მხნედ დაიწყეს. და მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ იმ დროს ებრაელთა ამაყი და მკაცრი მეფის შესახებ, ისინი სხვა მეფის მოძიებას არ მოერიდნენ, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს. ისინი არ დაუბრკოლებია ახალშობილის დიდ სიღატაკეს, მის ღარიბულ სახვევებს, უბრალო დედას… სიღატაკეში მათ შეიცვნეს მაცხოვარი და სცეს თაყვანი. რისთვის გადაიტანეს მათ ამდენი სიმძიმენი, საფრთხე და განსაცდელი? რათა მხოლოდ მისულიყვნენ ახალშობილ მეუფესთან თაყვანის საცემად, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო დაჯილდოვება მისი თაყვანისმცემლებისა და წასულიყვნენ თავიანთი გზით?.. ხომ არ არის ეს რწმენა, მორწმუნეთა მამამთავრის – აბრაამისათვის დამახასიათებელი? სწორედ ასეთი რწმენისათვის გახდნენ ისინი იუდეველებზე უფრო დაფასებულნი.

ქრისტეს მოციქული შემთხვევით არ გვასწავლის, რომ: „ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისსა და იქმს სიმართლესა, სათნო მისსა არს“ (საქ. 10,35). მოგვების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება ყოველ ხალხში იყვნენ. იუდეველები კანონს ეყრდნობოდნენ, იცოდნენ ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეზე, მოგვებს კიდეც მიუთითეს თუ სად უნდა შობილიყო ქრისტე, და მიუხედავად ამისა, მათგან არც ერთს არ მოსვლია აზრად, თუნდაც ცნობისმოყვარეობით, რომ მოგვებთან ერთად ბეთლემში მისულიყვნენ, და ეხილათ ქრისტე, რომელსაც მოგვები ეძებდნენ… როგორი დაუდევრობაა! როგორი სულიერი სიბრმავეა!.. სწორედ ამისთვის მოაკლდნენ ებრაელნი დიდ სულიერ სიხარულს, რომლის ღირსნიც წარმართი მოგვები გახდნენ. „დედოფალი იგი სამხრისა აღჰსდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამისთანა, და დაჰსაჯოს იგი; რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა“ (მთ. 12,42). აღსდგებიან სამსჯავროზე ეს წარმართი მოგვებიც და განსჯიან ებრაელთა უსულგულობას. წმ. იოანე ოქროპირი მოგვთა თაყვანისცემაში ხედავს ეკლესიის მომავალს: მოგვებმა ებრაელებზე ადრე სცეს თაყვანი ქრისტეს, ასევე წარმართები ებრაელებზე ადრე მოვლენ ქრისტეს ეკლესიაში.

–––––––––––
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

wm_giorgis-makhvili_r