მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (VI)

კომენტარების კომენტარები VI

      

ვაგრძელებთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე (church.ge) და ,,თბილისის ფორუმზე“ (forum.ge) გამოსაქვეყნებელ (ორივეგან ამკრძალეს) თუ გამოქვეყნებულ მიმოწერას. ჩვენს მოპაექრეთა სტილი და პუნქტუაცია დაცულია.

      წინათქმა: წმ. მამათა სწავლებით, უფლისთვის საძაგელია, როცა გულით განუწმენდავი ერისკაცი საღვთისმეტყველო საგნებზე იწყებს მსჯელობას. აქ, საჯაროდ მოპაექრე ერისკაცთ ვურჩევთ, სანამ ამ საქმეს შეუდგებოდნენ, ჯერ წმინდა ცხოვრების გზას დაადგნენ და შემდეგ, ყოველი ,,პოსტის“ დაწერის წინ თავმდაბლურად და მშვიდად ილოცონ, რადგან იგივე მამათა სწავლებით, _ ყველაზე დიდი ფილოსოფია წმინდა ცხოვრებაა.

                                                                               *  *  *     

      ,,ლაშაბს“: ლაშა, მშვიდობა თქვენ თანა; უფალმა დაგლოცოთ!

   თვალს ვადევნებ ,,თბილისის ფორუმზე“ მიმდინარე სარწმუნოებრივ კამათს. კათოლიციზმად წოდებულ პაპიზმს მწვალებლობად მიიჩნევს ყველა წმინდა მამა, ვინც ამ ერესის საბოლოოდ ჩამოყალიბებისას (1054წ.) და შემდგომში მოღვაწეობდა. თქვენს ერთ-ერთ მოპაექრეს მაგალითად მოჰყავს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც მიაწერს გამოთქმას: ,,ლათინებთან (კათოლიკებთან) ერესი არასოდეს არსებულა“. აქ ფრჩხილებში, თითქოსდა, განმარტების სახით მოთავსებული ,,კათოლიკებთან“ კომენტატორისეული და არა წმინდამამისეულია, რადგან VII საუკუნეში მოღვაწე წმ. მაქსიმე, ბუნებრივია, იგულისხმებდა მის ეპოქამდე არსებულ ერესებსა და მის დროს მძვინვარე მონოთელიტობას და არა ოთხი საუკუნის მერე ჩამოყალიბებულ კათოლიციზმს. რაც შეეხება იგივე კომენტატორის მიერ მოყვანილ გამონათქვამს არქიმანდრიტ გრ. ფერაძისა _ ,,კათოლიკური და მართლამდიდებლური ეკლესიები განუყოფელში არიან და უნდა გაერთიანდნენ“ _, თხოვეთ, ზედმიწევნით, დედნისეულად მოიყვანოს ეს ციტატა და ამაზეც გაგცემთ პასუხს.

      ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს მოპაექრეებთან ერთად! 

      უცნობის კითხვა: დამლოცეთ, მამაო! მამაო, მაინტერესებს, ეკლესიურად რამდენად მისაღებია, როცა ასაკით უფროს გოგოს შეუყვარდება  ბიჭი? მე ძალიან მომწონს ერთი  ბიჭი, რომელიც ჩემზე 4 წლით პატარაა. რჯულის კანონი რას ამბობს ასეთ ასაკობრივ სხვაობაზე? თუ ჩვენს შორის ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული იქნება, ასაკს აქვს რამე მნიშვნელობა?

      ჩვენი პასუხი: ღმერთმა დაგლოცოთ!

      საეკლესიო კანონებში ჯვარდასაწერი წყვილისათვის განსაზღვრული არ არის ასაკობრივი ზღვარი (უბრალოდ, ადამიანურად გასათვალისწინებელია, რომ ცოლ-ქმარი არ გამოიყურებოდეს, როგორც მშობელი და შვილი; მით უფრო, _ ბებია-ბაბუა და შვილიშვილი); მითითებულია, რომ მართლმადიდებელს უფლება არა აქვს, შეეუღლოს არამართლმადიდებელს. ასევე, განჩინებულია, რომ ქორწინება უნდა მოხდეს კანონიერად (შესაძლოა, ეს თქვენ არ გჭირდებოდეთ, მაგრამ შეგიძლიათ, სხვებს გადასცეთ): დაქვრივებულისაგან ან ღალატის მიზეზის გარეშე განშორებულისგან განსხვავებით, ღალატის მიზეზით გაშვებული ცოლის შერთვის უფლება სხვას არა აქვს; არც ამ მიზეზის გარეშე ცოლის გამშვებზე დაქორწინების უფლება აქვს ვინმეს.

      იგივე: ,,დამლოცეთ, მამაო! შეიძლება თუ არა, რომ ჩემს ძმას გავახსენო მისი ჩადენილი ცოდვა, რომელიც მან ჩემთან ერთად ჩაიდინა და შეიძლება, აღარ ახსოვდეს?“.

      პასუხი: დაგლოცოთ უფალმა!

      ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ მართლაც აღარ ახსოვს მას ეს ცოდვა, როგორც ქმედება. თუ ამაში დარწმუნდით, შემდეგ, ის უნდა გაირკვეს, ცოდვად თუ მიაჩნია ეს ქმედება. თუ ესეც გაირკვა, საჭირო აღარ იქნება მისი შეხსენება. ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ, არათუ შეიძლება, ვალდებულიც ხართ, მას ეს ცოდვა გაახსენოთ და მისი მნიშვნელობა განუმარტოთ, რომ ამით მის შენანებაში დაეხმაროთ. 

      ,, KAIROS “ (სხვათაშორის, ამ პიროვნების ვინაობაც ვუწყით და ადგილსამყოფელიც, მაგრამ ჯერ-კიდევ, თავს ვიკავებთ ამის საჯარო განცხადებისაგან _ ,,არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს“ _ მ. 10,26; ლ.: 8,17; 12,2): ,,1. თუ ცეცხლი არ გადმოვიდა მწვალებელზე ( აქ მიაფიზიტი ) და გადმოდის დიოფიზიტ მართლმადიდებელზე, მაშინ ეს ხომ ნიშნავს, იმას რომ ცეცხლი გადმოდის იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ფლობს ეკლესია? ანუ რაღაც თავისით კი არ ხდება რაიმე, არამედ აჩვენებს იმას სადაა ჭეშმარიტება, ამას უარყოფთ? არის ჭეშმარიტება ჩვენს ეკლესიებში? 2. აქედან თხოვნაც და კითხვაც, იქნებ დაწეროთ გასარკვევად ( ორჯერ დაიწყეთ ამაზე საუბარი და არ დაამთავრეთ) აღიარებთ თუ არა მაცხოვნებელ მადლს ჩვენს ეკლესიაში? მოკლედ, კი თუ არა  “.

      პასუხი: რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს, ამჯერად, აღარ განვმეორდები და ამ თემის ჩვენეული განმარტება შეგიძლიათ, იხ. ,,დიდგორზევე“ ჩვენს ,,კომენტარების კომენტარებში“, ნაწ. I, თ. IV: ,,მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა“.

      საერთოდ, თითქმის, ყოველთვის, არასწორად სვამენ საკითხს მართლმადიდებლურ სამყაროში მადლმოსილების შესახებ როგორც ერთი უკიდურესობიდან, ისე, _ მეორედან; განსაკუთრებით, მაშინ, როცა საუბარი აშკარად მკრეხელი ეპისკოპოსის ანუ ცრუეპისკოპოსის მხილებას შეეხება: ,,_ რა გინდათ, მადლი ხომ გადმოდის ჩვენს ეკლესიაში და რატომ უნდა განვუდგე ჩემს მღვდელმთავარს?“. _ ეს იგივეა, მძიმედ მცოდველმა თქვას: ,,რას მერჩით, რატომ უნდა გამოვსწორდე, ჰაერს ხომ ვსუნთქავ და მზე მეც ხომ მათბობს?“ (,,…მზე მისი [მამისა თქუენისა ზეცათაისა] აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ _ მთ.: 5, 45; შდრ.: ,,ვარდთა და ნეხვთა, ვინათგან, მზე სწორად მოეფინების“ _ შ. რუსთველი). რატომ მოვახდინეთ შედარება, მაგ., ჰაერსა და სითბოზე? _ თუნდაც, იმიტომ, რომ მადლის ქვეყნად მყოფობა ასეც განიმარტება: კაცობრიობა, მოყოლებული მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს აღსრულებული სულთმოფენობიდან, ეკლესიით, ვითარცა ფილტვებით, სუნთქავს სულიწმინდას (წმ. თეოფანე დაყუდებული) და იგი, ვითარცა სხეულებრივი სითბო, როგორც მივიღეთ, ისევე ხშირად და ადვილად განგვეშორება, თუკი სულიერ ჯანმრთელობას არ გავუფრთხილდებით (წმ. ბასილი დიდი). აკი, ყოველდღიურად ვიმეორებთ ,,ფსალმუნებიდან“: ,,[ღმერთო,] ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ (განმაშორებ, წამართმევ _ ავტ.) ჩემგან“ (50, 11)! მაგრამ ვინ განსაზღვრავს, უფალი რა შემთხვევაში ინებებს იკონომიითა (შერბილება) თუ აკრიბიით (გამკაცრება) მიდგომას? _ ,,მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ.: 7, 22-23). საღვთო მადლის გარეშე ადამიანი ისეთ სასწაულებს ხომ ვერ აღასრულებს, რაც აქაა ჩამოთვლილი?! მაგრამ უფალი მაინც არ მიგვიღებს ასეთთ თავის წიაღში. ასე, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ მადლზე, არამედ ჩვენს საქმეებზეც; ანუ ცხონებისათვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა მადლის მყოფობა იმ ეკლესიაში, რომელშიც დავდივართ (რომლის წევრიც ვართ)…

      ,,სჯულისკანონი“ მძიმე, სასიკვდინე ხორციელ ცოდვაში ჩავარდნილ სამღვდელოზე ამბობს, აღარ გაბედოს ტრაპეზთან მისვლა ანუ ღვთისმსახურების აღსრულებაო. ,,პატერიკიდანაც“ ვიცით მაგალითები, როცა რომელიმე სასულიერო პირი სიძვის ცოდვაში ვარდებოდა, როგორ უკრძალავდნენ იერარქები მღვდელმსახურების გაგრძელებას. რატომ? _ იმიტომ, რომ ასეთის ან ერესში ჩავარდნილის ხელიდან აღვლენილი უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება და მადლიც არ გადმოვა. მადლი რომ ნებისმიერი მსახურებისას გადმოდიოდეს, მაშინ, საეკლესიო სამართალი, სამღვდელოთა ხარისხიდან განკვეთის განჩინებებით, საერთოდ არ იარსებებდა. მაშ, ჩვენს სინამდვილეში, რატომ მოიწვია წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა ,,რუის-ურბნისის“ კრება და რატომ განჰყარა ეკლესიიდან მამათმავალნი და სხვა უღირსნი? წმ. მაქსიმე აღმსარებელი თავის თანამედროვე, მწვალებლობაში ჩავარდნილ იერარქიას აფრთხილებდა: ,,ამ და სხვა მიზეზთა გამო, მწადია, გავიგო, რომელი წმიდა საიდუმლო შეიძლება, აღასრულოთ? ან კი, როგორ გადმოვა თქვენზე სულიწმიდა ასეთი წინააღმდეგობების გამო?“ 

      წმ. ბასილი დიდის ,,ცხოვრებაში…“ (მონრეალი, 1987) ვკითხულობთ, რომ იგი ,,ასეთ მადლმოსილ უნარსაც ფლობდა. როცა წირვისას წმიდა ძღვენს აღამაღლებდა, ის ოქროს მტრედი, რომელშიც საღმრთო ძრვენი ინახებოდა და წმიდა ტრაპეზზე ბრძანდებოდა, უფლის ძალით ამოძრავებული სამჯერ ირხეოდა. ერთხელ, როდესაც ბასილი მსახურობდა და წმინდა ძრვენი აღამაღლა, ჩვეული მინიშნება მტრედით, რომელიც თავისი რხევით სულიწმინდის გარდამოსვლას მოასწავებდა, არ მოხდა. როცა ბასილი ამის მიზეზზე ჩაფიქრდა, მაშინვე დაინახა, რომ ერთ-ერთი დიაკონთაგან, რომელთაც რიპიდები* ეჭირათ, ეკლესიაში მდგომ ერთ ქალს შესცქეროდა. ამ დიაკონს ბასილიმ უბრძანა, წმინდა საკურთხეველს განშორებოდა და მას ეპიტიმია დაადო _ შვიდი დღე ემარხა და ელოცა, მთელი ღამეები უძილოდ, ლოცვაში გაეთენებინა და თავისი ქონებიდან გლახაკთათვის მოწყალება გაეცა. იქედან მოყოლებული, წმინდა ბასილიმ განაწესა ეკლესიაში, საკურთხევლის წინ კრეტსაბმელისა და ტიხრის** ჩამოფარება იმისათვის, რათა საღმრთო მსახურების აღსრულებისას დედაკაცთაგან არავის შესძლებოდა საკურთხეველში თვალთვალი; ურჩთათვის კი ეკლესიიდან გაძევება და წმიდა ზიარებიდან განყენება ბრძანა“ (თარგმ. ავტ.).

________________________          

      *წრიული ლითონები, რომლებზეც ექვსფრთიანი სერაფიმებია გამოსახული.

      **მოგვიანებით _ ახლანდელი კანკელი. 

      მაცხოვნებელი მადლი (პნევმატოლოგიური ასპექტი) რომ არაეკლესიაში ანუ არამართლმადიდებელ რელიგიურ საკრებულოებში არ იმყოფება, ეს საყოველთაოდ ცნობილი ,,ორჯერ-ორია“ (თუმცა, ამ ,,ფორუმთა“ მესვეურთათვის ესეც კი სადავო გამხდარა). მაგრამDდოგმატურ-ოფიციალურად მართლმადიდებლური ეკლესიების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა…

      საერთოდ, მადლმოსილების საკითხზე ვრცელი გამოკვლევის დაწერას ვფიქრობთ…

 

                                                                                   *  *  *

      ,,მხევალი ნინო“: ,,თქვენ, მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანი ჯვარს როცა იწერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიპამდე ხელით ვერ ცამოაღწია, ამით ბოროტი გაახარა? ტქვენ, გჯერათ რომ ჯვრის გარდასახვა უხარია ბოროტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანტიმეტრებშია სხვაობა? და რა იცით რომ როცა მღვდელი ჯვარს სახავს მრევლს, ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სიმეტრულად გამოდის? თუ არ გამოდის, ანუ სატანისტურად* გადასახა ჯვარი??? გჯერათ ტქვენ ამის? ანუ, ხანდახან ტქვენ სატანისტურად სახავთ ჯვარს თქვენს მრევსლ და ბოროტს უხარია არა? თუ იმდენად გაქვთ ნავარჯიშევი, რომ მილიმეტრებში ჯდებით?; რა საწყენია, სასულიერო პირი… სანტიმეტრებით ზომავს გარდასახული ჯვრის სისწორეს. მდა….“.

________________________

      *,,ioana“: ,,ვერც სატანურობას ვხედავ მაგაში და ვერც ნაკლს და არც შეიიძლება ვხედავდე, რადგანაც მაგ ჯვრის გამოსახვაში მადლობა, ღმერთს მადლის, გადმოსვლა მაქვს ნანახი“ (შენიშვნ. ავტ. _ მ. გ. ს.).

      პასუხი: ამ შენიშვნას მივიღებდით, ისეთ მორწმუნეს რომ ვაკრიტიკებდეთ, ვინც პირჯვრის გამოსახვისას ხელს მხრებზე იდებს… მაგრამ როცა ხელს მხრის ნაცვლად მუცელზე იდებ (მაგ., პატრიარქი ილია II და მისი ბევრი სამღვდელო), მაშინ, სხვაობა სანტიმეტრები კი აღარა, _ თითქმის, ნახევარი მეტრია და რაც მთავარია, ჯვარს ჯვრის ფორმა ეკარგება და ამის გამო, _ ძალაც.

      ისე, საინტერესოა, თქვენ თვითონ და თქვენი სხვა თანამოაზრე ,,ფორუმელები“ პირჯვარს როგორ იწერთ?

      სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».

____________________________

      *ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ. ს.)?!

                                    

                                                                         II

      ,,კანუდოსელი“ (ზაზა ოსმანოვი) მოგვმართავს: ,,მიჩმორებულს*, ფორუმში უმიზნოდ წერის შეტევა დაგემართა?  წადი ჯორდანვილში წიგნები იკითხე “;

      მოაქვს რა ,,კანონისტის“ ციტატა ჩვენზე _ «მთელ თქვენ პოსტში ერთადერთი მართალი წერია: ,,უღირსი მღვდელი“. ისიც მხოლოდ პირველი სიტყვა…..» _, დასძენს: ,,დაგლიჯა* “.

      მიმართავს ,,მხევალ ნინოს“ ჩვენზე: ,,მაგ უვიცმა არ იცის, წმინდა ანდრია მოციქული როგორ ჯვარზე ეწამა… კაკ რაზ*, მით უმეტეს წმ. პეტრე… ამათ ქრისტიანობა კუთხეებში და სანტიმეტრების დაცვაში ჰგონიათ…დაახვიონ* თავის ჯორდანვილში აბა ერთი თქვენმა გაზდამ ზუსტი ციტატა და კონკრეტული წყარო დადეთ! პ.ს. იმედია ახლაც არ ჩაისვრით*“.

სურათზე მარცხნიდან არტურ ჰაკობიანი და ზაზა ოსმანოვი – იგივე „კანუდოსელი“.

________________________

      *მკითხველს ვუბოდიშებ ჩვენი ზოგიერთი მოპაექრეს მიერ ხმარებული ამ და მსგავსი სიტყვების განმეორებისათვის (ავტ.).

      პასუხი: ვიმეორებთ ჩვენი ,,კომენტარების კომენტარები-IV“-დან: ყველგან, სადაც ჯვარს ისახავდნენ, შუბლი იქნებოდა, სახე თუ გულ-მკერდი, ჯვრის კვეთა იყო მაცხოვრის ისტორიული ჯვრის ფორმისა და არა ამობრუნებულისა (როგორზეც აცვეს წმ. მოც. პეტრე*) ან იქსისებურისა (როგორზეც გააკრეს წმ. მოც. ანდრია), რადგან გამოხსნა მოიტანა არა მოციქულის, არამედ მაცხოვრის ჯვარმა.

________________________            

      *მან ეს თვითონვე სთხოვა ჯალათებს სწორედ ამ აზრით: ღირსი არა ვარ, უფლის ჯვრის მსგავსზე მიმალურსმნოთ…

                                                                               *  *  *

      ღვთის მორჩილება არის ის მთავარი სათნოება, რომელიც კაცობრიობის პირველმამამ _ ადამმა დაარღვია, რისთვისაც მან უფალთან სიახლოვე დაჰკარგა. ამის დასაბრუნებლად ადამიანს მართებს ღვთის მორჩილებაში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა აგვერიოს  ღვთისმორჩილება კაცთმორჩილებაში. უღვთო საბჭოთა სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა ,,მორჩილების“ ცნება თავისთვის, როცა ჯერ თვითონ მღვდელმსახურნი დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, მათი პირით სრულ ,,მორჩილებას“ ქადაგებდა, რითაც მორწმუნე  მრევლიც მონურად დაიმორჩილა და მორჩილად დაიმონა. მათ მცნება ,,არა განიკითხო!“ ცალმხრივად, სათავისოდ განმარტეს და ამით მთლიანად ჩაჰკლეს მორწმუნეში ბოროტების მხილების სურვილი, ძალა  და უნარი. რა თქმა უნდა, განკითხვა და მხილება იგივე არაა, მათაც ,,შუა უზის დიდი ზღვარი“: პირველი _ ცოდვაა, ხოლო მეორე _ სათნოება. ,,ბნელის უნაყოფო საქმეებს ნუ თანაეზიარებით, არამედ უმეტესად ამხილეთ“ _ მოგვიწოდებს სულიწმიდა პავლე მოციქულის პირით. თუ როგორ უნდა ვამხილოთ, ამას საღვთო სჯული განგვიმარტავს, რის მაგალითებსაც უამრავჯერ ვხვდებით ,,საღვთო წერილსა“ თუ წმიდანთა ცხოვრებაში. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაცხოვარი ურწმუნო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? _ მხილება. ,,ცხრა ნეტარებიდან“ ორი სწორედ მხილებით სიმართლეს შეეხება (მ.: 5,10-12): ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის (იგულისხმება: სიმართლის თქმისთვის _ +გ.ს.) დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“; ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც“ (თითქმის ყველანი ამიტომ არ ,,დაისაჯნენ“ და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი, განა, სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და  წმიდანებსაც მაცხოვარივით? _ შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა (IVს.) და თეოდორე სტოდიელის (VIII-IXსს..) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა“. ,,ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ  ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: ,,ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ  სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს ,,მორჩილებას“ ,,მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: ,,იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად  უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: ,,მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა _ ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: ,,ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში.Mმხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ არ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და ,,სამეუფო გზას“  უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XIსს..) გვაფრთხილებს: ,,შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება ,,საღმრთო წერილს“, შეითვისებ, ხოლო ყოველივე  ცრუსა და უვარგისს _ განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა“ (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების _ ,,აპოსტასიის“ _ ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე ,,საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5,29). რაც შეეხება ,,მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა _ საჯაროდ ამხილე და თუ  ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ, განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული _ ,,დიდი სჯულისკანონი“ _ არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს, კიდეც, ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდვის შესახებ და არ ამხელს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე, გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, _ რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნაწილი IX: თავი 33-ე: წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი). ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ, მხელა ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება.

                                                                               *  *  *

      ,,დიდგორის“ მკითხველი: ძვირფასო მამა გიორგი, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და იმედია, რომ ამ შენიშვნას არ ჩამითვლით კადნიერებად. ბოლო წერილში რომ თქვენი შესანისშავი ლექსია ჩასმული და მას თავზე აწერია ,,შექსპირულად“, იქნებ, სხვა რამ მოუფიქროთ _ წმინდა მამათამიერი, ან მარტო ლექსიც შესანიშნავია, რადგან შექსპირი, ალბათ, არ იცით თქვენ, რომ პოეზიის მკვლევარ-ისტორიკოს-ექსპერტთა შორის სოდომიზმში იყო არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ აშკარა სოდომისტური ლექსების ავტორიც არის. სამი სონეტა აქვს შექსპირს აშკარა სოდომური, რომლებიც კაცის _ ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭის ტრფიალისადმი აქვს მიძღვნილი; ალბათ, წაკითხული გექნებათ მწერალ თომას მანის რომანი ,,სიკვდილი ვენეციაში“… აი, იმდაგვარი. ამიტომ, გთხოვთ, ეს ერთი სიტყვა ამოიღოთ თქვენი წერილიდან: ,,შექსპირულად“. მაპატიეთ, რომ შემომაქვს ეს შენიშვნა! ვისაც შექსპირი არ წაუკითხავს, ის ვერც მიხვდება, რატომ მოუხმეთ შექსპირს, რადგან მე წაკითხული მაქვს და ვერ მივხვდი. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ ასე ზედმეტად გაწუხებთ! რაც შეეხება ამ ბოლო კომენტარს, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ეროვნული თუ სარწმუნოებრივი ასპექტით.

      პასუხი: სხვათა შორის, ჩვენს სონეტს დავარქვით არა ,,შექსპირულად“, არამედ ,,შექსპირისეულად“, რითაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესოა არა პოეტი, არამედ მისი ფრაზა და ისიც, პერიფრაზის შინაარსით; დიახ, ასე დავარქვით არა იმიტომ, რომ შექსპირის მეხოტბე ვართ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ვიწყებთ პერიფრაზით მისი ცნობილი 66-ე სონეტიდან: ,,ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი მრჩება“. რახან მას აქვს ,,სანატრელად სიკვდილი მრჩება“, მის შესაპირისპირებლად შევცვალეთ: ,,სანატრელად ბერობა მრჩება“. ამით, პირიქით, ისიც ჩანს, რომ მის, როგორც არამართლმორწმუნე ადამიანის (და ადვილი დასაშვებია, იმ ცოდვით ძლეულის, რაზეც მომწერეთ) მსოფლმხედველობასა და აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესსაც არ ვეთანხმებით…

                                                                               *  *  *

       წმ. პავლე მოციქულის გამოთქმა, _ ეპისკოპოსი უნდა იყოს ,,ერთი ცოლის ქმარი“, ნიშნავს არა იმას, რომ ეპისკოპოსს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ცოლი, არამედ მის ერთნაცოლარობას. ,,მცირე სჯულისკანონი“, VI კრების კანონები, 83: «…რას ნიშნავს ,,ერთი ცოლის ქმარი“? ეს არის: ადრე თუ იქორწინა და შემდეგ, დაქვრივდა. ასეთს ნუ ეტყვიან უარს მღვდელმოძღვრად მოსვლაზე. ორჯერ ქორწინებული ვერ გახდება ეპისკოპოსი. ამიტომაა ნათქვამი ,,ერთი ცოლის ქმარი“…».

                                                                               *  *  *

      რამდენადაც, ქართველებს ძველთაგანვე გვქონდა კულტურული ურთიერთობა ბერძნებთან, როცა ისინი ხმარობდნენ ასო-ბგერა ,,ბ“-ს, ქართულშიც, შესაბამისად, შემოვიდა ,,იბერია“, ,,ბაბოლონი“, ,,ბასილი“, ,,ბარბარე“, ,,ბიქტორი“, ,,ბაბილა“, ,,ბიკენტი“, ,,ბენიამინი“, ,,ბენედიქტე“ და სხვ. და ასევე დამკვიდრდა. მოგვიანებით, როცა ახალბერძნულში ,,ბ“ იცვალა ,,ვ“-თი, იმ დროიდან დაამყარეს ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობა სლოვენურმა ერებმა და ამიტომაცაა მათთან ზემოხსენებულ და სხვა მსგავს სიტყვებში ,,ბ“-ს ნაცვლად ,,ვ“. ჩვენში კი, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ მოიკიდა ფეხი სლოვენურმა ფორმებმა ბერძნულის ნაცვლად. აქ საქმე გვაქვს არა იმდენად სალიტერატურო ნორმის დარღვევასთან, რამდენადაც ისტორიულ და პირველწყაროსთან მიახლოვების საკითხთან, რაც ჩვენი აზრითა და გემოვნებით, ძველქართულის სასარგებლოდ იხრება…

                                                                                  *  *  *

      (ელგუჯა მარდალეიშვილს)

      მშვიდობა თქვენ თანა!

      რატომ გაქვთ გამოტანილი თქვენს ზედმეტსახელად ,,მამა ჯემალი“ (რისი უფლებაც, ზნეობრივად, როგორც ერისკაცს, არ გაქვთ), რომელსაც ქვემოთ მღვდლის გაშარჟებულ სურათს ურთავთ ათეისტური მხატვრული ფილმიდან? განა, ვერ ხვდებით, რომ ამით _ რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ზედმეტად თამამ გამოთქმებზე _ სასულიერო პირთა წმინდა წოდებას შეურაცხყოფთ მორწმუნეთა და განსაკუთრებით, ურწმუნოთა თვალში?! თუ თქვენც ჯერ ურწმუნო ხართ, დასვით შესაბამისი კითხვები და გიპასუხებთ _ დასკვნები დროზე ადრე ნუ გამოგაქვთ და სამღვდლო ცეცხლს ნუ ეთამაშებით! თუ არც ის იცით, რას ეუბნება უფალი თავის მსახურთ _ თქვენი პატივისმცემელი პატივს მცემს მე და თქვენი შეურაცხმყოფელი მე შეურაცხმყოფსო, ეს, უკვე, მიგითითეთ. უფლის შეურაცხყოფას კი არავის ვუსურვებ! თან, ,,დიდგორის“ ერთ მკითხველს რომ ემუქრებით, ყელს გამოგჭრიო (უფალმა გაპატიოთ!), ისე არ მოხდეს, რომ შეუნანებლობის შემთხვევაში ანუ თუ მაგ მკრეხელურ ზედმეტსახელს, ,,ავატარს“ და აზრებს არ შეიცვლით, განგებამ თქვენზე სასჯელად განსაცდელი დაუშვას და ვიღაც საბრალო ეშმაკეულმა მართლა ყელი გამოგჭრათ, რასაც ნამდვილად არ გისურვებთ! ბევრი გვინახავს სამყაროს შემოქმედზე აყელყელავებული, როგორ ბოლოს იმკის ამქვეყნადვე…

   შვილო ელგუჯა, კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, როგორც ღვთისმსახური,

შეინანეთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი“ და ღვთის პირიდან გავარდნილებს ნუ აჰყოლიხართ!

   ,,დასაბამი სიბრძნისაი _ შიში უფლისაი“.

   ღმერთმა დაგლოცოთ!

                                                                               *  *  *

      მოგესალმებით ყველას ქრისტესმიერ სიყვარულით; დაგლოცოთ შემოქმედმა!

      აქ ზოგი კომენტატორი ანვითარებს აზრს, რომ კათოლიკობად წოდებული პაპიზმის მიმართ წინააღმდეგობის სული საქართველოში რუსებმა შემოიტანეს… ეს რომ მთლად ასე არ არის, ამის დასამტკიცებლად შესაძლებელია მოყვანა ბევრი საბუთისა, რომელთაგან აქ აღვნიშნავთ ორს: 1. აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ბესარიონ ორბელიანს (ზოგგან ბარათაშვილ-ორბელიშვილადაც მოიხსენიებენ), ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე (1724-37წწ..), შედარებითი ღვთისმეტყველების დარგში დაწერილი აქვს წიგნი, სახელწოდებით ,,გრდემლი“, რომელშიც კათოლიციზმის ათეულობით ცდომილებაა განქიქებული როგორც დოგმატურ, ასევე, კანონიკურ დონეზე. 2. წარმოსადგენია, რამდენად მძლავრი იყო ქართველობაში ანტიპაპისტური განწყობა, რომ მეფე იესე ბაგრატიონის ძე _ კათალიკოს-პატრიარქი ანტონი I (1744-55, 64-88წწ..), ფილოსოფოს-მეცნიერად წოდებული, ტახტიდან დაამხო და გადაასახლა საეკლესიო კრებამ, რომელმაც განაჩინა, რომ იგი მწვალებლობისკენ ოდნავ მიდრკა, რაშიც მას დაჟინებით ამხილებდა მღვდელი ზაქარია გაბაშვილიც (შემდგომში, ეპისკოპოსი ტიმოთე, ცნობილი ,,მიმოსვლის“ ავტორი). ესეც საქართველოში რუსების შემოსვლამდე ხდებოდა… ისე, იმ ეპოქაში (XVII-XIXსს..) და შემდგომაც, პრო-კათოლიკურ-პროტესტანტული განწყობა არც რუსეთის სახელისუფლებო კარის ,,ევროპული ფანჯრიდან“ მასონურად მომზირალ წევრებს აკლდათ და ამავე დროს, რუსი წმინდანები, ისევე, როგორც რომაული სქიზმის (1054წ.) შემდგომი მსოფლიოს წმინდანნი, მართლმადიდებლობის სვეტები იყვნენ. ასეა დღესაც…

                                                                                  *  *  *

      დავით ჩიკვაიძე (,,კანონისტი“): ,,მამა გიორგისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (განსაკუთრებით, გუშინდელი დღის შემდეგ. თუ რატომ, პირადად შეიტყობს), მისი ნათქვამი, ,,12 წელია აქ ვარ და კარგად ჩანს, სჭირდება თუ არა პაპიზმს კრებაო“, არ არის კანონიკური სამართლისთვის არგუმენტი, რადგან კრებას საჭიროებს ყველა ახალი ერესი და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ერთ საუკუნეში ორ კრებას (I, II) არ მოიწვევდნენ“.

      პასუხი: გმადლობთ ჩემდამი კეთილგანწყობის გამოხატვისათვის; უფალმა გაგახაროთ (თუმცა, ვერ ვხვდები, ,,გუშინდელი დღის“ ანუ 26 მაისის რა ,,დამსახურებას“ გულისხმობთ; გთხოვთ, განმიმარტოთ!)!

      როცა ,,დიდგორზე“ წავიკითხე, რომ იქ თქვენი კომენტარები აღარ გამოქვეყნდებოდა, მართალიçგითხრათ, მაშინათვე სურვილი გამიჩნდა, ამ ელ-გვერდის რელიგიური განყოფილების ხელმძღვანელისათვის მეთხოვა, ეს არ გაეკეთებინა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისაგან თავს მაკავებინებს შემდეგი: მხოლოდ ზემომოტანილ ჩვენს ნათქვამს (ციტატას) რომ უხმობთ, ახალბედა მკითხველს უნებურად აფიქრებინებთ, საკითხში გასარკვევად, თითქოს, მხოლოდ ეს პირადული (სუბიექტური) დასკვნა მოგვქონდეს, როგორც საკმარისი პირობა. არადა ეს, უბრალოდ, დავსძინეთ, ხოლო იგივე აბზაცში, ვრცელ ახსნა-განმარტებასთან ერთად, მოტანილი გვაქვს რამდენიმე საღვთისმეტყველო-კანონიკური მტკიცებულება (არგუმენტი), რომლის გაცნობის საშუალებითაც მიუკერძოებელი (ობიექტური) მკითხველი იგივე დასკვნას გამოიტანდა, რაშიც ჩვენც დაგვარწმუნა იმან, რაც მხოლოდ დავსძინეთ (ანუ კათოლიკურ გარემოში ტორმეტწლიანი ყოფნა…)… დიახ, პაპისტური კათოლიკობა ნამდვილად არ იყო ახალი ერესი, რომელიც მსოფლიო საეკლ. კრებას დაიჭირვებდა, რადგან ყველა ის ცრუსწავლება, რომლებსაც ის, სამწუხაროდ, დაეფუძნა, პროექციულად იყო, უკვე, განკანონებული საყოველთაო თუ ადგილობრივი საკრებო სისავსით: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!“ (იხ. მსოფლ. VI-VII წმ. კრებათა I კანონები).

      თქვენ შენიშნავთ, რომ წმ. მამათა ყველა სიტყვა უცდომელი არ არის და რიტორიკულად კითხულობთ კათოლიციზმისადმი დამოკიდებულების კონტექსტში: ,,უცდომელია წმ. მარკოზ ეფესელი?“. აქ, ალბათ, გულისხმობთ მაცხოვრის სწავლებას: ,,არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“. მაგრამ უფლის ამ სიტყვებში იგულისხმება ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკილება გონებით, გულისთქმით და გულისწყრომით ნაწილებში, რაც, რა საკვირველია, ვრცელდება წმინდანებზეც და ეს, მათ შემთხვევაში, ძირითადად, ვლინდება, ფიქრითა და საქმით, რადგან ჯერ ერთი, წმინდანი გაორმაგებული ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება სიტყვათა სწავლების სახით ჩამოყალიბებას; მეორეც, _ ეკლესიას თავის ქრესტომათიაში შეაქვს წმ. მამათა თანხმიერი აზრი (,,Consensus patrum“), როგორც კრებითი ცნობიერება. მიუხედავად ამისა, პატროლოგიაში მაინც ვხვდებით მამათა შორის იდეის, მიდგომისა თუ ტერმინოლოგიის ინტერპრეტაციათა სახესხვაობას, მაგრამ ეს ეხება ეკლესიის მოწყობის კანონიკურ-საწესჩვეულებო მხარეს და არა დოგმატურ-მოძღვრებითს. თანაც, წმ. მარკოზ ეფესელის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, რადგან ეს მოღვაწე წმინდანად შერაცხულ-იქნა სწორედ ცრუკათოლიკური ერესის მხილებისათვის და არა სხვა, უფრო დიდი ღვაწლისთვის (ეს ჩვენ ადრეც დაგიწერეთ ,,Church-ge“-ზე). ასე, რომ ტრივიალური ლოგიკაა: თუ თქვენ ხსენებულ მამას წმინდანად აღიარებთ (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაშინ მისი ეს მთავარი აზრიც უნდა მიიღოთ… ხოლო თუ ადამიანი, მით უფრო _ მღვდელმთავარი, წმ. ეკლესიას მწვალებლურად მოიხსენიებს, ამის გამო საკუთარ პატრიარქსა და სინოდს განუდგება და ამას სიცოცხლის ბოლომდე არ შეინანებს, ვინ შერაცხავს მას წმინდანად ან რანაირი წმინდანი იქნება იგი?

      წერთ: ,,რატომ არ განკვეთა ან განკვეთს იგი (მისი უწმიდესობა) ზოგიერთ სასულიერო პირს, ამაზე სანამ იფიქრებდეთ, ჯერ აბა იმაზე იფიქრეთ, იუდა რატომ არ განაძევა უფალმა მოციქულთაგან…“.

      ამაზე სიამოვნებით გიპასუხებთ, მაგრამ სანამ ამას ვიზამდე, მანამ გთხოვთ, ეს ჯერ თქვენს სულიერ მამას ჰკითხეთ! _ შესაძლოა, მან ჩემზე კარგად აგიხსნათ ამის პასუხი. თანაც, ისიც ჰკითხეთ, უნდა განიკვეთოს თუ არა აშკარად მძიმედ მცოდველი სასულიერო პირი? საერთოდ, თქვენ, როგორც მედავითნემ, სანამ თქვენს აზრებს სააშკარაოზე გამოიტანდეთ, მოძღვართან უნდა გაარკვიოთ მათი სისწორე!.. ვთქვათ, იმის მერე, რაც ზემოხსენებულ ელ-გვერდზე წერდით, ეკლესია მის მიღმა აღსრულებულ ნათლობას ცნობსო (წამოძახების ჟინით არ გახსენებთ!), ჩვენი შენიშვნის შემდეგ ეს საკითხი სულიერ მამასთან გაარკვიეთ თუ ისევ ისე ფიქრობთ? _ წესით, ეს შეცდომა უნდა შეგენანებინათ და იგივე გვერდზე გამოგესწორებინათ, ისედაც დაბნეული მკითხველი რომ უფრო არ დაგებნიათ… თუ ასეა, მაშინ, ეს მხოლოდ გაგვეხარდება; ხოლო თუ ეკლესიოლოგიის ამ უძირითადეს საკითხზე მართლმადიდებელი მართლმადიდებლურად არ აზროვნებთ და ,,ცოდვათა სიჭაბუკისათა“ აღიარება გიჭირთ, მაშინ, უბრალოდ, აზრი ეკარგება ჩვენგან იმის თხოვნას, რომ ცდომილი აზრების გავრცელებაში დაგეხმაროთ _ სხვებისთვისაც და თქვენთვისაც ცუდი სამსახური გამოგვივა, რისი არც უფლება გვაქვს და არც სურვილი, რადგან თქვენს მიმართ, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდისადმი, ჩვენც კეთილგანწყობა გვაქვს და ნეტავ, ახალი ,,რუის-ურბნისის“ კრებაზე მთავარ მერჩულედ მოგვვლენოდეთ!..

      შენდობას გთხოვთ, თუ ადრე ან ახლა უნებურად გული გატკინეთ; ღმერთმა გაკურთხოთ! 

                                                                                  *  *  *

      ,,guja“ (ელგუჯა მარდალეიშვილი): ,,ისმის კითხვა: მართლმადიდებელი მსოფლიო პატრიარქი და კათოლიკე პაპი ცდილობენ, შეუერთდეს ეს ორი გახლეჩილი ეკლესია ერთმანეთს, მაგრამ არსად სჩანს, რომ მსოფლიო პატრიარქი ან ადგილობრივი ეკლესიის პატრიარქები ცდილობდნენ განსხვავებული აზრის მქონე ე. წ. სქიზმატების შემოერთებას და განდგომილებთან ერთად გაერთიანებას“.

      (პასუხის მაგივრად)  

      ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდს: მის თავმჯდომარეს _ სრულიად საქ. კათალიკოს-პატრიარქს; მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს.

      უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო; მაღალყოვლადუსამღვდელოესო და ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

      როგორც მოგეხსენებათ, XXს-ში ,,ძველი გველი“ _ სატანა განსაკუთრებული ცბიერებით ეკვეთა ქრისტეს ეკლესიას და მის ამქვეყნიურ ნაწილში _ ,,მებრძოლ ეკლესიაში“ დიდი არევ-დარევა შემოიტანა. საეკლესიო კალენდრის, ეკლესიოლოგიისა და სხვა საკითხებში სიახლეების შემოღებამ 20-30-იან წლებში ბერძნულ და რუსულენოვან, ხოლო დღეისათვის თითქმის ყველა ადგილობრივ ეკლესიაში მორწმუნე  ხალხი _ სამღვდელონიც და საერონიც რამდენიმე  დაჯგუფებად დაჰყო. ბევრი კლერიკოსი და ერისკაცი გულწრფელადაა დაბრკოლებული ასეთ ,,კანონიკურ ქაოსში“.

      საერთო მართლმადიდებლური ერთობის ადგენის მცდელობად, ჩვენი აზრით, გამოვლინდება ,,ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრება“, რომელზეც წარმოდგენილ-იქნება მსოფლიოში არსებული, უკლებლივ, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისა (,,ოფიციალური“ თუ ,,არაოფიციალური“) და ყველა მართლმადიდებლური დაჯგუფების პირველიერარქი (თავიანთი თანმხლები სულიერი და ღვთისმეტყველი კაცებით), რომლებმაც უნდა იმსჯელონ არსებული განხეთქილებების  შესახებ საღვთისმეტყველო-კანონიკური და ისტორიული ანალიზის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მსგავსი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა არასდროს განხორციელებულა; რომ ისტორიულად საქ. ეკლესიას მწვალებლობანი ყველაზე ნაკლებად შეეხო; რომ ადგილობრივ ეკლესიათაგან საქართველო პირველია, ვინც თანამედროვე ერესთა ერესი _ ,,ეკუმენიზმი“ სინოდურ დონეზე მიუღებლად მიიჩნია; რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ,,იურისდიქციული პარალელიზმები“ საქ. ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მცირე გაქანებით (,,მასშტაბი“) არსებობს და ბოლოს, გამომდინარე იქიდანაც, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიაში განისვენებს ,,სიმბოლო“ და ძალა ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობისა _ კვართი მაცხოვრისა, ამიტომ, ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით, მართლმადიდებლობაში გამაერთიანებელი ასეთი შეკრების მოწყობა, სასურველი იქნებოდა, იბერიის ეკლესიას ეთავა და საქართველოშივე განხორციელებულიყო. ბოლოს და ბოლოს, ასეთი შეხვედრა (თუ ის ღვთისმოსაწონად წარიმართა) გაურკვევლობაში მყოფ მრავალ მორწმუნეს თავის სწორ გადაწყვეტილებაში განამტკიცებს.

      ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, ასეთი, ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრების საკითხი წმ. სინოდის უახლოეს სხდომაზე განხილულიყო; მანამდე კი საქ. საპატრიარქოს პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებულიყო. წინასწარ გწირავთ მადლიერებას და მოტევებას ვითხოვ ჩემი უღირსობით თქვენი შეწუხებისათვის.

 დიაკონი გიორგი სხილაძე
პარიზი, 18/31.V. 2000წ.
(7 მსოფლ. კრებ. წმ. მამათა ხს. დღე)

*  *  *

         იგივე: ,,რატომ არის საიტი ,,დიდგორი“ და მისი მომხმარებელი ,,შეშლილი ფართხალი“ და რატომ არიან ამ ფორუმის მართლმადიდებელი ქრისტიანები და საქ. ეკლესიის მრევლი ერეტიკოსები????“.

         პასუხი: ყოველი კარგის მიზეზი _ მადლი, ხოლო ცუდისა _ ცოდვაა. კაცობრიობის მთელი წარსულიც, სწორედ, ცოდვა-მადლის ისტორიაა. ერთადერთი რამ, რაც ადამიანს თავის შემოქმედსა და აქედან გამომდინარე, სწორ გზას აშორებს ყველაფერში, ცოდვაა, რომელიც, თავის მხრივ, განიტოტება და გამოვლინდება, ძირითადად, კერპთაყვანისმცემლობაში, გემოთმოყვარეობასა და დიდებისმოყვარეობაში (ღმერთი ამპარტავანს ეწინააღმდეგება, ხოლო მდაბალს მოსცეს მადლი _ წერილ-არს). დღეს რომ ვინმეს ჰკითხო, უკვე, იშვიათად გეტყვის, ურწმუნო ვარო, მაგრამ სინამდვილეში, მცირე გამონაკლისის გარდა, საქმე გვაქვს არა მორწმუნეობასთან, არამედ მცირედმორწმუნეობასთან. ხოლო აქედან თუ როგორ მიიღწევა ნამდვილ რწმენამდე ღვთისა, რასაც იგი ჩვენგან ითხოვს, ამას, წმ. მამებთან ერთად, შესანიშნავად ხსნის XXს-ის გამოჩენილი სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, განმარტავს რა ერთ ადგილს ,,სახარებიდან“ (მარკოზი: 9, 24): «ყრმის მამა ატირდა და ცრემლმორეულმა შესძახა: ,,მრწამს, უფალო! შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. ისე არაფერი განალღობს ურწმუნოების ყინულს, როგორც ცრემლები. იმავდროულად, როცა უფლის წინაშე ატირდა, ამ კაცმა შეინანა თავისი ურწმუნოება და ღვთის იქ მყოფობისას მას რწმენა მოასკდა, სწორედ ისე, ვითარცა მდინარის წყალი წყალდიდობისას. მან მხოლოდ მაშინ წარმოსთქვა სიტყვები, რაც ადამიანთა ყოველი მოდგმისთვის ხმამაღალ დამოძღვრად შთენილა: მწამს, უფალო! შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. ეს სიტყვები მიგვანიშნებენ, რომ ღვთის შემწეობის გარეშე ადამიანს რწმენის მოპოვებაც კი არ ძალუძს. საკუთარი ძალებით ადამიანს შეუძლია, მოიპოვოს მხოლოდ მცირედმორწმუნეობა, ე. ი. რწმენა სიკეთისაც და ბოროტებისაც, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაეჭვება სიკეთეშიცა და ბოროტებაშიც. მაგრამ მცირედმორწმუნეობიდან ჭეშმარიტ რწმენამდე _ დიდი გზაა და ამ გზის გავლა ადამიანს არ შეუძლია, თუკი იგი ღვთის მარჯვენას არ მოეჭიდა. შემეწიე, უფალო, შენს რწმენაში! შემეწიე ბოროტებისადმი ურწმუნოებაში! შემეწიე, რათა სრულიად განვეწებო ბოროტებას და შენ შეგივრდე! აი, რას ნიშნავს სიტყვები: შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა» (თარგმ. ჩვ. _ მ. გ. ს.).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ლევილი, საფრანგეთი

ტკივილიანი სინამდვილე – კომენტარების კომენტარები(ნაწ. V)

კივილიანი სინამდვილე
(კომენტარების კომენტარები-V)

ჭეშმარიტებაზე დადუმება იგივეა, რაც მისი უარყოფა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VIIს.)

 

monazvnebtan-ertad

  მონაზვნებთან ერთად

   წინამდებარე წერილი, რომელსაც აქ იხილავთ, უკვე, გამზადებული გვქონდა გამოსაქვეყნებლად, როცა პატრიარქ ილია მეორეს ავად გახდომა შევიტყვეთ. მაგრამ ამისაგან (გამოქვეყნებისაგან), ძირითადად, სწორედ ამან შეგვაკავებინა თავი, რადგან იმ დროს ეს არაკორექტული იქნებოდა. ამასწინათ, ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” დაიწერა, როცა პატრიარქმა სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, მამა გიორგიმ მრევლში ლოცვა-კურთხევა გასცა, მის გამოსაჯანმრთელებლად ილოცეთო; და ეს ერთ-ერთმა მკითხველმა ვერ დაიჯერა (როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენია, თვითონ კეთილი უსურვოს თავის არათანამოაზრეს). ვადასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ვთხოვეთ ჩვენს სულიერ შვილებს შემდეგი სიტყვებით: ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და დაე, ეს ავადმყოფობა მაინც ქცეულიყოს მისთვის ღრმა სინანულისა და იმ დიდი სულიერ-ზნეობრივი დარღვევების გამოსწორების ბიძგად, რომლებიც ქართულ ეკლესიაში ხდება! რა თქმა უნდა, ეს გამოვაცხადეთ საკუთარი სურვილით, რადგან არანაირი გარემოება ამას არ გვაიძულებდა. რა არის აქ გასაკვირი და დაუჯერებელი?! ნუთუ, ქრისტეანებმა, რომლებსაც უფლისგან ნამცნები გვაქვს თვით პირადი მტრებისთვისაც კი ლოცვა და ჩვენი მაწყევრებისთვის _ კეთილისყოფა, სიკეთე არ უნდა ვუსურვოთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ერის უწმინდეს და უნეტარეს საკათალიკოსო ტახტზე ზის?! განა, ეს ქრისტეანობის ,,ანი-ბანი” არ არის?! ან რა გასაკვირი იყო ეს ჩვენგან, როცა ჩვენს 2004წ. გამოცემულ ნარკვევში ამას ვწერთ (როგორც ჩანს, ჩვენი მოპაექრენი ჩვენს ნაწერებს ან არ კითხულობენ, ან _ ზერელედ)?:

   უზნეობაა, ძმამ ძმას დააყვედროს, შენზე მეტად მიყვარს მამა ან მამას მე ვუყვარვარო და მით უფრო, ეს მამას გააგონოს. სიყვარული პირადი განცდაა და მხოლოდ ღმერთია გულთამხილავი, ვის როგორ უყვარს მოყვარე თუ მტერი. ჩვენი მხრივ, ერთსღა ვიტყოდით მხოლოდ: უბედნიერესად ჩავთვლიდით თავს, თუ უფალი ღირსს გაგვხდიდა, მამამთავრისთვის მოსახვედრი მახვილი ჩვენ მოგვხვედროდა; ანდა, შესაძლოა, უფალს კათალიკოს-პატრიარქის მოღვაწეობა არ სათნო-ეყოს და ჯოჯოხეთში განიმწესოს (ღმერთი ვისაც მეტს აძლევს, მისგან მეტსაც ითხოვს), ხოლო მოხდა სასწაული და ჩემი უღირსობა სთნავდეს და სასუფეველი გვიწყალობოს. _ უფალს შევევედრებით, მის მაგივრადაც ჩვენ შთაგვაგდოს სატანჯველში, ოღონდ, ის ცხოვნდეს… (გვ. 12).

   ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ეს სიტყვები უგულოდ და ყალბადაა დაწერილი? განა, ეს, უბრალოდ, შესაძლებელია? სხვათაშორის, იმ ნარკვევს ,,შესავალშივე” წარვუმძღვარეთ ი. ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები, რომლებითაც იგივეს თქმა გვსურდა, რაც მას:

        ჩემზედ ამბობენ: ის ქართვლისას სიავეს ამბობს;
ჩვენს ძვირს არ მალავს. ეს ხომ ცხადლივ სიძულვილია?!
_ ბრიყვნი ამბობენ! კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ „სიძულვილში“ რაოდენი სიყვარულია.          

   ახლა კი, სანამ ზემონახსენებ წერილზე გადავიდოდეთ, იძულებული ვართ, მას გარკვეული, ზოგჯერ, დაწვრილებითი, წანამძღვრები გავუკეთოთ, რადგან როგორც ვაკვირდებით, პატრიარქის პიროვნებისადმი პირდაპირ მხილებითი დამოკიდებულება ზოგში ბადებს გაბოროტებული წინააღმდეგობის ვნებას, რაც, სხვათაშორის, აშკარად ბოროტისგანაა, რადგან გაიხსენეთ, თუნდაც, რა საბაბით სცემდნენ მაცხოვარს, _ ჩვენს მღვდელმთავარზე აუგს როგორ ამბობო! ხოლო როცა სიმონ-პეტრემ თავისი, მართლაც, უსაყვარლესი და უცდომელი მოძღვრის _ უფლის დასაცავად ჯარისკაც მალქოზს ყური ჩამოათალა, მაცხოვარმა მას საქციელი დაუწუნა. ყველა შემთხვევაში, გულს გვიკლავს ის, რომ ამ ტკივილიანი სინამდვილის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, გაშიშვლების აუცილებლობა და ამაში ჩვენი პირადი ვალდებულება ზოგში ვერგაგებასა და უარყოფით გრძნობას იწვევს. დიახ, ადამიანურად კარგად გვესმის მისი, ვისაც საკუთარი მოძღვარი ან მამამთავარი მართლა უყვარს და მის დაცვას ანგარება არ კარნახობს… ერთმა ,,ფორუმელმა” პირდაპირ აღიარა, _ მამა, როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ჩემი მამაა და მის გალანძღვას არავის ვაპატიებო… ჯერ ერთი, მამას არავინ ლანძღავს (ყველას თავისი საქმე ლანძღავს ან აქებს), _ ამხელს; მეორეც და რაც მთავარია, კარგია, რომ მამა გვიყვარს (აქ რაა განსაკუთრებული?!), მაგრამ არ დაგვავიწყდეს უფლის შეგონება: ,,რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს” (მ. 10,37). ვისაც თავისი მამა სიმართლეზე მეტად უყვარს, გამოდის, რომ უფალზე მეტადაც ჰყვარებია, რადგან სიცრუის მამა თუ ეშმაკია, სიმართლისა _ უფალი.

   ამავე დროს, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ,,ფორუმზე”, ჩვენს მოწინააღმდეგეთა შორის, ძირითადად, ორი ჯგუფია: ჭეშმარიტების მაძიებლების და წინასწარგანწყობილების. მოპაექრეების ძლევა ნამდვილად გაგვეხარდებოდა, ეს მოპაექრე, ვთქვათ, რუსეთის ჯარს რომ წარმოადგენდეს. მაგრამ მიკერძოებულნიც (დაინტერესებულნი) და გულწრფელნიც _ ღვთის მადლით, ორივე მხარე გვიყვარს, როგორც მტერ-მოყვარე.

   ,,მართლმადიდებლური ფორუმის” ზოგი ,,სტუმარი” ჩვენზე გაგულისებულა, _ რატომ პასუხს არ გვცემსო; ,,კაიროსი” იქამდეც კი მიდის, რომ ბრალდებას გვიყენებს, ჩემს კითხვებს თავს არიდებსო… _ ჩემო ძამიკო, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ ისეთი კითხვა არ არსებობს, ერთისთვის მაინც, თავი აგვერიდებინოს. უბრალოდ, ყველა კითხვის წაკითხვის, გასიგრძეგანების (გაანალიზების) და პასუხის დაწერის დრო ნაკლებადა გვაქვს სამწყემსო-ლიტურგიული და სხვა უამრავი საქმის გამო. თანაც, მოძღვრის ყოველი აზრი და სიტყვა ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი და გაწონასწორებული უნდა იყოს უკიდურესობათა შორის. ერისკაცნი თუ ხელის ერთი მოსმით აცხობთ სახელდახელო ,,ოპუსებს”, ჩვენ ამ ,,კომენტარებზე” მუშაობისას გვიწევს ღამეების თევა (ისევ, თქვენი სიყვარულიდან გამომდინარე), რადგან სასულიერო პირის ნაწერებს, გასაგებ მიზეზთა გამო, მეტი პასუხისმგებლობითი და სამერმისო მნიშვნელობაც აქვს. კი, მაგრამ რაც უკვე დავწერეთ, განა, ის საკმარისი არ იყო?! რამდენჯერ შეიძლება, ერთი და იგივე საკითსს ვუტრიალოთ?! განა, უფალი არ გვეუბნება, შემცოდეს ერთი-ორჯერ შეაგონეო?! ზოგს, სამწუხაროდ, მიწისა ვერ გავაგებინეთ და ზეცისას როგორ გაიგებს?! ბევრმა ჩვენს გაწვდილ ხელს უგულოდ, ცილისწამებით და უზრდელადაც კი უპასუხა. რომ გამოგიტყდეთ, ეს ყველაფერი ჩვენზე ძალზე მოქმედებს, ,,რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი; შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი” (ფსალმ.: 54,13-14). დიახ, ჩვენს მოპასუხეებს გულგრილად რომ ვუყურებდეთ, ზოგიერთი მათგანის ნაღველივით მწარე სიტყვა არ დაანაღვლიანებდა ჩვენს, ისედაც, ნოსტალგიის სიმწრით დალტობილ გულს, რომელმაც, ამასწინათ, ესეც აღმოთქვა:

                     ზოგს მკვდარი დედა ენატრება, მე კი _ ცოცხალი.  

   ,,ცხოვრებით დევნილები ხართ…” _ ერთი ,,ფორუმელი”, ,,Subterranean“-ი ნიშნისმოგებით მიმართავს მეორეს _ ,,დევნილს”.

   _ დიახ, მართლალს ბრძანებთ ერთი შესწორებით: ოღონდ, არა _ უფლის მიერ შექმნილი მშვენიერი ცხოვრებით, არამედ ,,დიდი ნათლია-ნათლულის” მიერ ერთობლივად მოტანილი იმ ცხოვრებით, რომელიც, ბოლო ათწლეულებია, გადასაკარგავში დევნის არა მხოლოდ ჩვენისთანა, არამედ მილიონნახევარ ჩვენს თანამემამულეს: ჩემისთანა მცირეს _ სულიერი, ხოლო უმრავლესობას _ არსობის (საარსებო) პურის მოსაპოვებლად…

   სულ არ გვიკვირს, _ რაც ახლა ვთქვით, ეს რომ ვერ დაიჯეროთ ახალგაზრდა თაობამ, რომელთა რიგს მიეკუთვნებით, ძირითადად, ამ ,,ფორუმის” წამყვანებიც და მკითხველებიც. ამიტომ, იძულებულნი ვართ, მცირეოდენი განმარტება დავურთოთ ჩვენს ნათქვამსა და სათქმელს, რათა თუ თქვენ ჩვენზე ხართ დაბრკოლებულნი, _ ჩვენს პატრიარქს ყველაფერში რატომ არ ემორჩილებითო, ჩვენ მასზე ვართ დაბრკოლებულნი საეკლესიო და ეროვნულ საკითხებში და მაგალითად, ამ უკანასკნელში, აი, რატომ:

   ჩვენ იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლის ყრმობაში ნაოცნებარ სამშობლოს ,,რუსის ჩექმისგან” დამოუკიდებლობის გამოცხადებას სიჭაბუკეშივე მოესწრო. თავისუფლად ავირჩიეთ ეროვნული მთავრობაც, მაგრამ კრემლის (,,თეთრი სახლის” დასტურით) მოწყობილმა რევანშმა ჩაგვამწარა ღმერთმებრძოლი კომუნისტური მთავრობის დამარცხებით გამოწვეული დროებითი აღფრთოვანება. ხალხის მხარდაჭერა რომ ვერ მოიპოვა, ეროვნული მთავრობის ,,ოპოზიცია” კაენის ხერხზე გადავიდა და სამხედრო-სისხლიანი გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში (22.12.91/6.01.92).

   რა მოიმოქმედა, ამ დროს, სრულიდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა? რა ღვაწლი იდო თავს? _ მხოლოდ მომრიგებლის და არა მოსამართლის. სიმართლის სამართლითა და სამართლის სიმართლით არ ჰსაჯა და გვერდით დაუდგა არა ხალხს, არამედ მკვლელებს… ეროვნული ხელისუფლების იარაღით განდევნას მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით დედაქალაქში რამდენიმეგზის გაიმართა ათეულათასობით შეკრებილი ხალხის მშვიდობიანი გამოსვლა, რომლებიც რბევასა და სისხლში ჩაახშო სამხედრო ,,ხუნტამ” დიდუბეში (3.01, მოკლეს 2 ადამიანი), რკინიგზის სადგურთან, ,,თამარის ხიდთან” (2.02, მოკლეს 9 ადამიანი: ყველაზე ახალგაზრდა 15 წლისა და ყველაზე ხნიერი 70 წლისა) თუ სხვაგან _ იხ.: http://www.youtube.com/watch?v=W2HUO0TLlHg _ მათ შორის, პირდაპირ ქუჩებში დაიხვრიტნენ თქვენი ასაკისანიც: 17წლ. მამუკა ტერიშვილი და 21წლ. გივი რეხვიაშვილი)… მაგრამ ამ ყველაფერზე არათუ დუმდა ერის მამა, არამედ ,,ხუნტის” ყველა მნიშვნელოვან შეკრებას ხალისითა და კმაყოფილებით ესწრებოდა (ეს მას სახესა და ქცევაზეც ეტყობოდა) და სახელმწიფო დამნაშავეებისათვის _ მხილებას ვინღა ჩივის! _ ლოცვა-კურთხევასა და ტაშს არ იშურებდა*.

______________  

   *მაგ., ,,პუტჩიდან” 6-7 კვირის შემდეგ (21.02), თბილისის სპორტის სასახლეში შედგა მოჯანყეთა ყრილობა, რომელიც საზეიმოდ აკურთხა ილია მეორემ და მას დაესწრო, კიდეც. ამ შეკრების მიზანი იყო, მოქმედი ეროვნული კონსტიტუციის გაუქმება და აღდგენა 1921წ. 21 თებერვლის ,,მენშევიკური” კონსტიტუციისა, რომელშიც, სხვა ხარვეზებს რომ თავი დავანებოთ, სტატუსი აფხაზეთისა, როგორც ავტონომიური ერთეულისა, განსაზღვრული არ ყოფილა. ეს იყო მოსკოვის კრემლიდან მომდინარე დაკვეთა, რომელსაც მისი წინასწარი გათვლითა და გეგმით, უნდა მოჰყოლოდა აფხაზეთის მხარის აფსუა-ადიღეური მოსახლეობის წინააღმდეგობა (აქაო და საქართველოს ახალ _ სინამდვილეში, მოძველებულ _ კონსტიტუციაში ჩვენი ადგილი აღარ არისო…), რაც ეთნიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო და ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტის შედეგად, ეს უძველესი ქართული კუთხე, საბოლოოდ, უნდა ჩამოგვჭროდა… _ ცოდვათა ჩვენთა გამო, განგებამ დაუშვა ამ ბოროტი განზრახვის სისრულეში მოყვანა სწორედ ბოროტზე და სიკვდილზე კეთილის გამარჯვების დღესასწაულზე _ ჯვართამაღლების დღეს. 

   შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობამ სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლა და მარტო სამეგრელოს მხარე ცეცხლითა და მახვილით ხუთგზის დალაშქრა ,,ნაკურთხმა” ხელისუფლებამ (ეს ძალზე მოკლედ; ვრცლად მალე იტყვიან…). გვახსოვს, ქ. ზუგდიდის მორიგი ,,ეგზეკუციისას” ილია II ტელევიზიით გამოვიდა (თუ გამოიყვანეს _ რა მნიშვნელობა აქვს?), მეგრელებს კერპთაყვანისმცემლობის ცოდვა შეახსენა (ამაში ამ კუთხის შვილთა ზ. გამსახურდიასადმი აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობდა) და თქვა, რომ კაცის, ვინც უნდა იყოს ის, კერპად გახდომა არ შეიძლება. რატომღაც, იგივე არ შეუგონებია მათთვის, ვინც მის თვალწინ საკუთარ ,,ნათლულ” ედუარდ-გიორგის, მოგვიანებით, პირდაპირ ქუჩაში დაუჩოქეს (სხვათაშორის, კარგი იქნება, იგივეს დღეს მაინც თუ შეაგონებს, უკვე, საკუთარ თაყვანისმცემლებს…).

   ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელი იყო გასული, როცა, საქ. საპატრიარქოს შენობასთან მოგვიწია შეჩერებამ და ვხედავთ, რომ _ პატრიარქის დაბადების დღეაო და _ ყოველი მხრიდან მოემართებიან მღვდელმთავრები მისალოცად. ირგვლივ სახლები ჩაბნელებულან, ბევრგან, უკვე, სიცივე და შიმშილი მეფობს და მხოლოდ ეს შენობა გაჩირაღდნებულა და გაფუფუნებულა სადღესასწაულოდ. ჩვენმა ყოფილმა სულიერმა და-ძმებმა გვითხრეს, ზემოთ წვეულებაა, მონაზვნები შენც გეპატიჟებიან, რომ როიალზე დაკვრით, რაც პატრიარქს უყვარს, ეს დღე შენც მიულოცოო. უცებ, ჩვენს თვალწინ წარმოსდგა ყველაფერი ის, რაც ახლახანს მოგითხრეთ; ასევე, ისიც, რომ ამ ყველაფრისა და ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ბომბებით განდევნის შემდეგ, როცა ,,დემოკრატ” რევოლუციონერთაგან მოკლულთა გვამები ჯერ არ გაცივებულიყო, ეს, ამ შენობაში, კათალიკოსმა დიდი საზეიმო წვეულება (,,ბანკეტი”) გადაიხადა, რომელზეც სისხლიანი სახელმწიფო დამნაშავეები და მათი მხარდამჭერები მოიწვია დევიზით: ,,სატანა განვდევნეთ!” (გულისხმობდნენ საქართველოს განთავისუფლებისათვის და ეკლესია-მონასტერთა გახსნისათვის ბავშვობიდანვე მეოცნებე და მოღვაწე, მორწმუნე და პატიოსან პრეზიდენტს*, რომლის ადგილზეც უნდა მოეწვია მისი სრული ანტიპოდი _ ე. შევარდნაძე, რომელიც ,,თეთრ გიორგად” უნდა ,,გარდაქმნილიყო”…). და მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორესადმი, როგორც ადამიანისადმი, სიძულვილის გრძნობა, ღვთის მადლით, არასდროს გვქონია, მაინც არ გაგვიშვა სინდისმა სადღესასწაულო სუფრაზე საჯარო ,,ვირტუოზობით” თავის წარმოსაჩენად… ჩვენს ამ უარს ჩვენს ახლობელთაგან ჩვენთვის ძალზე მტკივნეული სკანდალი მოჰყვა ბრალდებით: შენ პატრიარქი არ გიყვარს, თანაც, ამპარტავანი ხარ და ამიტომ არ იკადრე მის დაბადების დღეზე დაკვრაო… ისინი რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ადამიანურად პატრიარქისადმი ბოროტგანწყობა ნამდვილად არ გვქონია, დავთანხმდით, _ თუ იგი ამას ისევ ისურვებდა, რამდენიმე დღეში, ოღონდ მხოლოდ მისი თანდასწრებით, ვეწვეოდით და მხოლოდ კლასიკურ მუსიკას შევუსრულებდით (თანაც, ეს თუ ჩემს თავმდაბლობასაც წაადგებოდა _ როგორც ისინი მეუბნებოდნენ). მართლაც, მიწვევა მივიღეთ და დანაპირები შევასრულეთ საპატრიარქოს ცნობილ თეთრ როიალზე (მაშინ, ჯერ მღვდელი არ ვიყავი)… ეს მაგალითი პირადი ცხოვრებიდან იმისთვის მოვიყვანეთ (რისთვისაც მკითხველს ვუბოდიშებთ), ჩვენი ოპონენტები დარწმუნებულიყვნენ, რომ ილია მეორეს მიმართ არანაირი პირადი წყენა და ქვენა გრძნობა არ გვამოძრავებს, რადგან ვფიქრობთ, შეუძლებელია, გძულდეს ადამიანი და მისთვის ამაღლებული ჰარმონიის შესრულება შეძლო…   

______________

   *მისი ანტროპოსოფიულ-ერისკაცული ცოდვები, რომლებიც ვერასგზით გადასწონიდნენ ეკუმენისტი მღვდელმთავრისას, საუბრის სხვა თემაა, რომლებზეც ჩვენ, ადრეც _ ზეპირად თუ წერილობით _ არაერთხელ, მის პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც კი, გაგვიმახვილებია ყურადღება (განსხვავებით კათალიკოსისაგან, რომელსაც ეს პირდაპირ ევალებოდა)…

   არაფერი ისე არ ახარებს ჩემს გულს, როგორც ჩემს სულიერ შვილთა (ამაში იგულისხმება მომავალი თაობაც) წარმატებაო, _ წერდა მათ წმ. მოციქული იოანე ქალწულ-მახარებელი. ეს სიტყვები ნებისმიერმა მოძღვარმაც, მათ შორის, ჩემისთანა უღირსმაც კი, სიხარულით უნდა გაიმეოროს. ამ გრძნობითა და მოვალეობის შეგნებით, მშობლიურ-ემიგრანტული სულისკვეთებითა და სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ: არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში დღეს ისევ ,,ნათლია-ნათლულის” რეჟიმის ნაშთი მძვინვარებს! ხალხის დიდი ნაწილი მოქცეულია სიმართლისა და სინამდვილისგან სრულ ჩაკეტილობაში, რადგან საინფორმაციო სივრცე, ძირითადად, ტელეხედვა, ისევ იმ ძალებს უპყრიათ და იქ ისევ ისეთებსა და მათ შთამომავლებს იწვევენ თქვენს (განსაკუთრებით, ახალი თაობის) ,,დასამოძღვრად” და თავგზაასაბნევად, რომლებმაც მოახდინეს, საზოგადოდ, მთელს მსოფლიოში იურიდიულ-კრიმინალური გაგებით ყველაზე მძიმე დანაშაულად მიჩნეული რამ _ სახელმწიფო გადატრიალება. მით უფრო: დაამხვეს ეროვნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ამისკენ მავალი პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ჯერ ძმათამკვლელი ომითა და შემდეგ, ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინათ, _ სისხლიანი ტერორითა და ძარცვა-გლეჯვით, ანუ სწორედ იმ მეთოდებით, ჩაკირულ კომუნისტებს* ადრეთაც კარგად რომ ეხერხებოდათ… მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის (და ჩემთვისაც), _ ბაბილა დიდობასა** და ამბროსი ხელაიობას ვინ სთხოვდა, _ ამ ყველაფერს ხან ლოცვა-კურთხევით, ხან ტაშითა და ხან დუმილით საცდურად აკანონებდა ერის სულიერი მამა, რომელსაც ამისთვის ანუ დანაშაულთა და ბოროტებათა თანამონაწილეობისთვის, ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, სასამართლოში დაიბარებდნენ (თუმცა, ჩვენ, პირადად, პიროვნულად, კი არ გვწადია ამ ბერიკაცის _ ორივე გაგებით: ბერის და ასაკოვნის _ დასჯა; ჩვენი წილი საპატიებელი ანუ მისი ნაკურთხი რეჟიმისგან სულში ჩანერწყვება ყველა გამოვლინებით, დიდი ხანია, მივუტევეთ)… უბრალოდ, იქნებ, იქ მაინც აეხსნა ჩვენთვის, ვინც მასზე დაბრკოლებულნი ვართ (და ასეთი, ბევრია), _ რა როგორ იყო, რომ ეგებ, ამით მაინც განგვბრკოლოს! უნდა აგვიხსნას, მაგალითად, რატომ ,,ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით” (მისი სიტყვებია ედუარდ-გიორგი შევარდნაძის მიმართ 1993წ. 27. 09.) დღე სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ანუ ქართული კუთხის დაკარგვისა? საერთოდ, რატომ სდუმდა და ამით, ხელს აფარებდა იმ ურიცხვ მძიმე დანაშაულს (ძირითადად, ხელისუფლების ძალადობრივ ცვლას), რომლებმაც, ჩვენს ქვეყანაში მაშინათვე გამოიწვიეს შესაბამისი უბედურებანი: ძალადობა, უწესრიგობა (ანარქია), უკანონობა, ქართველთა სამშობლოდან განთესვა და საბოლოოდ, დღევანდელ სავალალო დღემდე მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა?***

______________

   *აი, სიტყვები ამ ყველაფრის ერთ-ერთი დამგეგმავის და უშუალო ორგანიზატორის, საბჭოთა კავშირის უშიშროების გენერალ (,,შეთავსებით” _ მასონ) ე. შევარდნაძისა, მისივე თანაავტორობით დადგმული ,,პერესტროიკის” გარიჟრაჟზე წარმოთქმული: კომუნისტური პარტია ყველამ რომ დატოვოს, მე მაინც მისი უკანასკნელი წევრი ვიქნები…

   **წმ. მღვდელმოწამე, ანტიოქიის პატრიარქი (+251წ.), რომელმაც სისხლით მოსული მეფე დეკიუსი ტაძარში არ შეუშვა, რასაც შეეწირა, კიდეც.

   ***საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის ციხეში ჩასვა ჩვენი რამოდენიმე თანამოქალაქე (მათ შორის, მრავალშვილიანი დედა); ეს _ მცდელობისათვის (ისიც, ვითომ მცდელობისათვის…). ხოლო ვინც ხელისუფლება ძალადობით, უკვე, დაამხო (ზოგმა _ ორჯერაც), მათ ანუ სახელმწიფო დამნაშავეებს ილია II გვერდით ედგა (ორივეჯერ) და უდგას…

   იურისტ-,,კანონისტს” მივმართავთ: როცა თქვენ ,,ფორუმზე” სამართალმცოდნეობის ერთ-ერთ თანრიგზე, კერძოდ, ,,უდანაშაულობის პრეზუმპციაზე” საუბრობთ და აღნიშნავთ, რომ საერო სამართალში ეს კატეგორია საეკლესიო სამართლიდანაა აღებული (რასაც, სხვათაშორის, საეკლ. სივრცეში, კონტექსტურად, არაზუსტი აქცენტებით აკეთებთ), კარგი იქნებოდა, იქვე მიგენიშნებინათ, რომ საერო, კერძოდ, სისხლის სამართლის, კოდექსმა საეკლესიოდანვე ისესხა ისეთი იურისპუდენციული განსაზღვრებაც, როგორიცაა ,,დანაშაულის დაფარვა”, რაც დანაშაულადვე კვალიფიცირდება, როგორც თანამონაწილეობა* (ეს არ უნდა აგვერიოს მოძღვრის მიერ პირადული აღსარების დაფარვაში).

______________

   *ეს კლასიკურადაა ჩამოყალიბებული წმ. ბასილი დიდის 71-ე განწესებაში, რომელიც მსოფლ. საეკლ. სამართალში კანონადაა შეტანილი. 

   მცირე ისტორიული წიაღსვლა, აღწერილი ღირსი შიო მღვიმელის XII სასწაულში:

   VIIIს. ქართლის კათალიკოს სარმეანეს მწვალებელი იაკობიტები ეახლნენ შიომღვიმელობის დღესასწაულის მწუხრზე, მიართვეს მას ოქრო და სთხოვეს, წირვაზე ეზიარებინათ. სარმეანე დათანხმდა და აზიარა ისინი ისე, რომ არც გამოკითხა, თუ რა სარწმუნოებისანი იყვნენ. აი, ამის შემდეგ, ძილში გამოეცხადებიან მას წმინდა მამები _ კირილე ალექსანდრიელი (IVს.) და შიო მღვიმელი (VIს.), რომლებიც ,,მივიდეს და მოსძარცვეს ზეწარნი მისნი”; ხოლო წმ. შიო ეტყვის: ,,იგინი, რომელთაგან ძღვენი მიიღე და ამან დააბრმო გული შენი, არღარა გამოკითხვად, თუ ვინ არიან იგინი და ესრეთ შეურაცხყავ სჯული ღვთისა მწვალებელთა მათ ბილწთა მიერ და აჰა, ესერა, შიშველ ხარ მადლისაგან ღვთისა შენცა”. როდესაც სარმეანე შეეკითხება წმ. შიოს, თუ ვინ იყო მასთან ერთად ის მეორე ადამიანი ეპისკოპოსის სამოსელში, წმინდანი ასე პასუხობს: ,,ეპისკოპოსი იგი კვირილე, მამათ მთავარი ალექსანდრიისა, რომელმან მრავალი ღვაწლი თავს იდვა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათვის მართლმადიდებელთასა, რომელი დღეს შენ დასთრგუნე არაწმინდად”. სარმეანემ ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინა სხვა ეპისკოპოსებს. საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელ ეპისკოპოსთა კრებამ კი კათალიკოსი სინანულისათვის მამა შიოს მღვიმეში შეაყენა (ე. ი. დროებით, ყოველნაირ მღდელმასახურებას განაშორა) და თვითონაც მარხვასა და ლოცვას მიეცა. ტირილითა და ლოცვით გათანგულ სარმეანეს ისევ გამოეცხადება ორივე წმინდანი, უკვე, თვით მაცხოვართან ერთად და აი, რას ამბობს უფალი: ,,მტერნი ჩემნი შეიყვანნა ჭამად ხორცისა და სმად მისცა მათ სისხლი ჩემი და არა არს ღირს შენდობისა სარმეანე და განა სიყვარულისა თქუენისა და ვედრებისა მიმიცემიეს შენდობა და არქუთ, რამეთუ ამიერიდან ეკრძალოს”. ცალკე, ხუთ ეპისკოპოსს აუწყა ღირსი შიოს სულმა გამოცხადებით, რომ  სარმეანეს ეპატია დანაშაული და ეპისკოპოსთა კრებამ დაადგინა მისი დაბრუნება კათალიკოსად (+779წ).

   მრავალგზის აღუნიშნავთ, რომ დღევანდელ კათალიკოს-პატრიარქს არაერთხელ, საკუთარი ხელით უზიარებია არამართლმადიდებლები (იხ., მაგ., საქ. საპატრ. ოფიც. ორგ. ,,ჯვარი ვაზისა”, ##2,1980; 2,1984წწ..). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის საეკლესიო სასამართლოზე დასასმელი კითხვა: ამისათვის ვინ დაადო ეპიტიმია ილია მეორეს, ან სად, როდის, რა ვითარებაში მოინანია ეს უმძიმესი ცოდვები და რაც მთავარია, რომელი წმინდანი გამოეცხადა მას ან სხვა მღვდელმთავრებს ამის დასტურად? _ რამდენადაც, ასეთი რამ არათუ არ მომხდარა, ამისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია საქ. სინოდის პაპისტურ წყობაში, _ სინამდვილე, სამწუხაროდ, მეტად ტკივილიანი და სავალალოა.

   ,,მთელი ძალით უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან და არც ჩვენ მივცეთ მათ ჭეშმარიტი ზიარების მიღების საშუალება. აკი, თვით უფალიც ასე გვიბრძანებს: ,,ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ” (მ.: 7,6), ანუ რათა არა შევიქმნათ თანაზიარნი და თანამონაწილენი მათი გარდაქცეული სწავლებისა და ამით, მათ ხვედრ გაკიცხვას არ ვეწიოთ. რამეთუ თუკი ზიარების მეშვეობით ნამდვილად აღსრულდება ერთიანობა ქრისტესი და ჩვენიც _ ერთმანეთთან, მაშინ, ჩვენ თავისუფალი კეთილგანწყობით ნამდვილადვე ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანთანაც, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება; რადგანაც ეს გაერთიანება ხდება ჩვენი თავისუფალი ნების მიერ, სწორედ, ჩვენი თანხმობით” (წმ. იოანე დამასკოელი: ,,მართლმად. სარწმ. ზედმიწევნითი გადმოცემა”, წიგნი IV, თ. XIII).

   აქვე, უკვე, სინდისის სასამართლოზე დასასმელი უბრალო შეკითხვაც: როგორ შეუძლიათ ერის სულიერ მამებს მდიდრულად ცხოვრება და კერძოდ, კათალიკოსს _ 165 000-იანი (ას სამოცდახუთ ათასიანი) ჯუჯა-ხის ყურება საკუთარ ოთახში; მით უფრო, დღევანდელი სახალხო გაჭირვებისას, როცა წმ. მამები, შიმშილობისას, თვით საეკლესიო ნივთებს ჰყიდნენ (რაც, ჩვეულებრივ დროს, აკრძალულია), სამწყსო რომ დაეპურებინათ?!!

   განა, არაფერს გეუბნებათ ის ამბავი, რომ სულ ახლახანს, როცა ილია II რომში ,,პაპს” უნდა შეხვედროდა, განგებამ იგი იქამდე არ მიუშვა (ავად შეიქნა)?! ეს თქვენ თუ არაფერს გეუბნებათ, მაშინ, ჩვენ შეგახსენებთ ერთ ცნობილ ამბავს XXს. 70-იანი წლებიდან: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე _ მიტროპოლიტი ნიკოდიმ როტოვი, ცნობილია, როგორი წამყვანი ეკუმენისტ-მოდერნისტიც იყო და რომისგან _ რუსეთში საიდუმლო კარდინლად დადგენილი. თავისი ასეთი არამართლმადიდებლური მოღვაწეობის გამო ის, ერთხელ, მორწმუნე დედაკაცმა გააფრთხილა: შე ქოფაკო, იცოდე, რომის პაპის ფეხებში აღმოგხდება სული! გავიდა ხანი და როცა პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა, მოულოდნელად, პაპად აირჩიეს, მიტროპოლ. ნიკოდიმე მისალოცად რომს გაეშურა და როცა ,,პაპის” ხელს ემთხვეოდა, უცებ, გული გაუსკდა და მის ფეხებთან უსულოდ დავარდა (ის მიტროპოლიტი თანამდებობრივად, სხვათაშორის, რუსეთის ახლანდელმა პატრიარქმა შეცვალა)… აქ არ შეგვიძლია, არ გავიხსენოთ, ილია მეორემ კარდინალ იოზეფ რატცინგერის, უკვე, მომდევნო, დღევანდელ, პაპად ,,არჩევის” მისალოცად როგორ გაგზავნა მორიგ ეკუმენისტურ თავშეყრაზე დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, რომელიც ხელზე ემთხვია მას ანუ ლოცვა-კურთხევა აიღო მისგან (ამის ამსახველი ვიდეომასალა იხ.: http://www.synodinresistance.org/Publications_en/VideoSeriesA.html _ Documentary entitled: ,,Papocentric Globalism and the Alienation of the Orthodox Ecumenists”, 23′ 08″, 47.4 MB, 11წ. და 42წმ-ზე, ან: http://www.youtube.com/watch?v=mXphOYp519o&feature=channel, 9′ 20′′ _  7წ. და 47წმ-ზე. ამის შემდეგ დაწინაურებული, აწ, უკვე, პროტოპრესვიტერი გ. ზვიადაძე პირად საუბრებში ამ ფაქტს უარყოფს ანუ ცრუობს). ასევე, წინამორბედი ,,პაპის” (ღმერთმა მიუტევოს ცოდვანი მისნი!) დაკრძალვაზე ილია მეორემ გაგზავნა მიტროპოლ. დანიელი, იობი და გერასიმე, რომლებიც სწორედ პაპიზმთან მებრძოლი წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღეს დაესწრნენ ,,წესის აგებას”, სადაც მართლმადიდებლებმა ბერძნულად იგალობეს კვერექსი გარდაცვლილისთვის, რომელსაც უწოდეს ,,მამაი ჩვენი და ეპისკოპოსი რომისა” (?!!).

   _ დიახ, თუ შეიძლება, ერის მამამ განგვიმარტოს, განგვბრკოლოს და განგვიქარვოს ეს, სარწმუნოებრივადაც და ეროვნულადაც, მწარე განცდა, აგერ, უკვე, ორი ათეული წელია, რომ გვიღრღნის გულს: ,,ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამისა” (,,გოდება იერემიასი”: 5,3). 

   ქართველო ახალო თაობავ; ჩემო სისხლო და ხორცო; შვილნო ჩემნო!

   ესაა ტკივილიანი სინამდვილე და უნდა გეყოთ მხნეობა და ვაჟკაცობა, რომ მას თვალი გაუსწოროთ! ვიცით რა, რომ რჯულში ბევრი თქვენთაგანის მიმოტაცება უფრო საქ. საეკლ. ხელისუფლების გამოისობითაა, ვიდრე თქვენივე გამოუცდელობითა თუ გულგრილობით, _ ამიტომ, კარგად გვესმის თქვენი, რომ რასაც აქ ვწერთ, ამას ადვილად ვერ იჯერებთ, ამის წაკითხვამ ბევრნი, უკვე, აგაფორიაქათ და რისხვითაც და შესაძლოა, გაბოროტებითაც აღგავსოთ ამის დამწერის მიმართ (რადგან უმრავლეს არააპოკალიპსურ ეპოქაში _ და არა ,,ბოლო ჟამს” _ ეს, მართლაც, დაუჯერებელი იქნებოდა******), მაგრამ დაე, ჩემი უღირსი თავი სამსხვერპლოდ თქვენთვის მომირთმევია, ოღონდ, ამან ოდესღაც მაინც გამოგაფხიზლოთ, რათა ჯერ თქვენ გეშველოთ, მოწამეობრივი სულისკვეთებით აღგავსოთ, რომ მერე, ჩვენს საერთო სამშობლოს უშველოთ!..

   ბოლო ათწლეულებში, მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერზე რუსეთმა და დასავლეთმა (ჩვენი ზოგიერთი მეზობლის დახმარებით) ჩაატარეს გაუგონარი მასშტაბის ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა (და ისახავს) ჩვენი ჯიშის დასჯასა და გადაშენებას (,,საქართველო უქართველებოდ”)… და ამას, რასაც ბევრი, ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ნივთიერად მაღლა მდგომი ერი ვერ გაუძლებდა, ჩვენი ხალხის გარკვეულმა ნაწილმა, ასე თუ ისე, ღვთის მადლით, გაუძლო (და უძლებს)… 

   დღეს, ამ პოსტათეისტურ ეპოქაში, როგორც არასდროს, ისევ რელიგიური და ეროვნული დისიდენტობის ხანაა და ქართველი ერი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევ ილიასეული ,,ბაზალეთის აკვნიდან” ელოდება ახალ ილიასა და ამბროსის, რომელთაც მათსავით ,,ღმერთისა და სამშობლოსათვის სიკვდილი ეწყურებათ!”****.

   უფალს ებარებოდეთ! იბერია გაბრწყინდება (თუ იგი ინებებს)!

______________

   ****ასე შეუთვალა ალავერდის ტაძრიდან კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეროვნულ გმირ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს, ასევე, სახელმწიფო გადატრიალებით მოსული რუს-ქართულ-კომუნისტური უკანონო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, 1924წ. აგვისტოს, აჯანყების წინ: მამულიშვილებს შენ კი არა, მე უნდა წარვუძღვე, რამეთუ ღმერთისა და სამშობლოსათვის სიკვდილი მწყურია!; მისივე პასუხი, შეთვლილი წყეული სტალინისადმი (რომელმაც დახვრეტის მუქარით პატრიარქს მორჩილება მოსთხოვა): ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული _ სამშობლოს, ხოლო სხეულს, რაც გსურს, ის უყავი!

შექსპირისეულად

ყველაფრით დაღლილს სანატრელად“…
ბერობა მრჩება,
რომ განვერიდო უშორესში მსოფლიერებას,
რადგან ამ სოფლად სათნოება ქრება და ქრება
და ამა ქვეყნის სიბინძურით გული მერევა.
ო, აღარ მინდა გაოგნებულს ერში დარჩენა,
რომ ამით შევძლო ისევ მისი ოდნავი შველა.
სიყვარულის წილ სიძულვილი მომაგო ბევრმა.
ჩემს ფრთებქვეშ***** მინდა, შემოვკრიბო ერთობით ყველა.
ჩემზე უღირსი არ არსებობს არავინ ქვეყნად;
თან, ჩემს დაცემას, კაცობრიულს, ყველაში ვხედავ
და ცრემლებამდე შეძრწუნებულს წყურვილად მრჩება, _
ადამიანებს სათითაოდ გულში ჩავეკრა.
დიდი მუსიკა გულმკერდიდან ყელში მაწვება;
ძალა არ შემწევს მის შესაფერ აღმოსათქმელად…

(2003წ.)

____________

   *****იგულისხმება სამღვდლო შესამოსლის _ ანაფორის სახელოების კალთები, რომელნიც ანგელოზის ფრთებს განასახიერებენ.

   ******,,თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდეც რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, _ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს;

   [ბოლო ჟამის ქრისტიანები] კეთილგონიერებით მიეფარებიან ადამიანთა თვალს და არ აღასრულებენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ეს ხდება (ამჟამად). ისინი სიმდაბლით განზავებული მოღვაწეობის გზით ივლიან და ცათა სასუფეველში უფრო დიდნი იქნებიან, ვიდრე სასწაულებით სახელგანთქმული მამები” (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, მღვდელმოწამე, წმ. პავლე მოციქულის მოწაფე, წმ. პეტრე მოციქულის შემდეგ ასურეთის ანტიოქიის ეპისკოპოსი, IIს.). 

   «უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვითაა დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: ,,ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ” (მარკ. 13,31)» _ წმ. კირილე, იერუსალიმელი, პატრიარქი, IVს.

   ,,საეკლესიო მმართველობის გადასვლა მღვდელმთავართა ხელიდან საერო მთავართა ხელში, ანტიქრისტეს უსათუო მოსვლის უტყუარ მაჩვენებლად იქცევა” (წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, +373წ.). 

   ,,მამა ღმერთი ვერ ითმენს მისი ძისადმი უპატივცემულობას, ზურგს აქცევს მათ, არ უყვარს მისი მგმობელნი და განურისხდება მათ, ვინც ამ მგმობელებთან ამყარებს კავშირს” (წმ. ამფილოქე იკონიელი, ეპისკოპოსი, IVს.). 

   ,,კათოლიკე (საყოველთაო, მსოფლიო) ეკლესია დიდი სამოთხეა და როდესაც ეკლესიაში იმყოფება გველის მწვალებლური ცდომილებებით დასნეულებული ვინმე, იგი უნდა განგდებულ-იქნეს ამ სამოთხიდან” (წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, IVს.). 

   ,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია” გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას”, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა” _ ამ ,,მცირე რჩეულთ” წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას” (წმ. ნიფონტი).  

   ,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხიოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს” (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ბერი, VIIს.). 

   ,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!” (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

   ,,ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტებასთან არიან. ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან არ არიან, არც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, რამეთუ ქრისტეანობა საეკლესიო ხარისხის მქონე პირთა სახეების მიხედვით კი არ უნდა გავარჩიოთ, არამედ ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების სიწმინდისა და სიზუსტის მიხედვით” (წმ. გრიგორი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, XIVს.).

   ,,[ბოლოჟამ,] თუმცა, ქრისტეანობის სახელი ყველგან მოისმინება და ყველგან მოიხილვება ტაძრები და საეკლესიო წესნი, მაგრამ ეს _ მხოლოდ გარეგნულად; შინაგანად კი იქნება განდგომილება ჭეშმარიტი. მოდის დრო, როცა უმოქმედო ტაძრებსაც განაახლებენ და აღადგენენ,…ოქროთი მოაპირკეთებენ გუმბათებსა და სამრეკლოებს; ხოლო როდესაც ყოველივეს დაამთავრებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება და ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ეს ყველაფერი?! _ ყველა ეკლესია ისეთი დიდებული და კეთილსახიერი იქნება, როგორც არასდროს. მაგრამ მართმადიდებელი ქრისტეანისთვის შეუძლებელი გახდება შიგ შესვლა, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი იესუ ქრისტესი, _ არამედ ის იქნება ადგილი სატანური საკრებულოსი. ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმის დიდებულ ტაძარში, სამღვდელოთა და პატრიარქთა თანდასწრებითა და მონაწილეობით” (წმ. თეოფანე დაყუდებული, ეპისკოპოსი, XIXს.).

   ,,ეკლესიის წინამძღვართა გულგრილობა… მწყემსთა გულგრილობა, მათი ნივთიერი (მატერიალური) უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ განვითარებასთან ერთად, _ ეს იქნება საეკლესიო ცხოვრების უკანასკნელი მოვლენა. დადგება ასეთი ჟამიც: ეკლესია _ სულიწმინდის მადლის გარეშე, მწყემსნი _ საკთარი თავის მწყემსავნი, ქადაგება _ ოდენ ხმის ბგერები” (წმ. იოანე კრონშტადტელი, პროტოპრესვიტერი, სასწაულთმოქმედი, XXს.). 

   ,,შვილნო ჩემნო, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დროში, როგორც ამას ამბობს მოციქული, დადგება მძიმე დღეები (II ტიმოთ. 3,1-6). კეთილმსახურების დაკნინების შედეგად, ეკლესიაში დაიწყება წვალებები (ერესები) და განხეთქილებები და აღარ იქნებიან _ როგორც ამას წმ. მამები წინასწარმეტყველებენ _ საეპისკოპოსო კათედრებზე და მონასტრებში სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული ადამიანები. ამის გამო, წვალებანი (ცრუსწავლებანი) დაიწყებენ გავრცელებას ყველგან და მოხიბლავენ უამრავ ხალხს. ადამიანთა მოდგმის მტერი იმოქმედებს დიდი ცბიერებით, რათა, თუკი იქნება შესაძლებელი, თვით რჩეულებიც კი გადაიბიროს წვალებისკენ. ის არ დაიწყებს ყოვლადწმიდა სამების, ქრისტეს ღვთაებრობის, ღვთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლად დაიწყებს წმ. მამებისა და სულიწმიდის მიერ გადმოცემული ეკლესიის სწავლების დამახინჯებას, მისი სულისა და განწესებების შერყვნას და მტრის ამ მცდელობებს შეამჩნევენ მხოლოდ ცოტანი… მწვალებლები დაიპყრობენ ეკლესიაში ძალაუფლებას, ყველგან თავიანთ მსახურებს დააყენებენ, ხოლო კეთილმსახურება კი იქნება უგულვებელყოფილი. მაგრამ ღმერთი არ დასტოვებს თავის მონებს მფარველობისა და გარკვეულობის გარეშე. მან თქვა: ,,ნაყოფით შეიცანით ისინი”! ჰოდა, შენც ამ ნაყოფთა მიხედვით, _ რაც იგივეა _ მწვალებელთა მოქმედებების მიხედვით, შეეცადე, განასხვავო ისინი ჭეშმარიტი მოძღვრებისაგან. ისინი არიან სულიერი ქურდები, რომლებიც მიიტაცებენ სულიერ სამწყსოს და შევლენ ცხოვართა ეზოში _ ეკლესიაში, გადაძვრებიან რა იქ არა კარიდან, ანუ შევლენ არაკანონიერი გზით, გამოიყენებენ რა ძალადობას და დასთრგუნავენ საღმრთო განწესებებს. უფალი უწოდებს მათ ავაზაკებს (იოანე: 10,1). მართლაც, მათი პირველი საქმე იქნება ჭეშმარიტი მოძღვრების დევნა, მათი დაჭერა, გადასახლება, რამეთუ ამის გარეშე შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომაც, შვილო ჩემო, როდესაც დაინახავ ეკლესიაში საღმრთო განწესების, მამათა გადმოცემისა და ღმერთის მიერ დაწესებული წესრიგის  დარღვევას, _ იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩნდნენ; თუმცაღა, შეიძლება, მათ ხანდახან შესძლონ თავიანთი ბიწიერების დამალვა, ან  კი დაიწყონ სარწმუნოების შერყვნა შეუმჩნევლად, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ გამოუცდელების ცთუნებასა და მათი ბადით გახლართვაში. დევნა იქნება არა მარტო მოძღვრებზე, არამედ უფლის ყველა მონაზე, რამეთუ ეშმაკი, რომელიც ხელმძღვანელობს წვალებას (ერესს), ვერ იტანს კეთილმსახურებას. ამ, ცხვრის ქურქში გადაცმულ, მგლებს იცნობ მათი ამპარტავნული ნირით, გემოთმოყვარეობითა და მთავრობისმოყვარეობით: ესენი იქნებიან ცილისმწამებელი მოღალატეები, რომლებიც თესავენ მტრობასა და ბოროტებას. ამიტომაც, თქვა უფალმა, ,,ნაყოფით  შეიცანით ისინი”! ღვთის ჭეშმარიტი მონები მდაბლები, ძმათმოყვარეები და ეკლესიის მორჩილები არიან. მწვალებლებისაგან დიდი შევიწროვება შეხვდებათ ბერებს და მაშინ, ბერული ცხოვრება იქნება დამცირებაში: დაიცლებიან სავანეები, შემცირდებიან ბერები; ხოლო ვინც დარჩებიან, განიცდიან ძალადობას. მაგრამ ისინი (მწვალებლები) ბერული ცხოვრების მომძულებელნი, რომელთაც ექნებათ მხოლოდ გარეგნული იერსახე კეთილმსახურებისა, _ შეეცდებიან ბერების თავის მხარეზე გადაბირებას, დაპირდებიან რა მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიკეთეებს; ხოლო დაუმორჩილებლებს დაემუქრებიან განგდებით. ასეთი მუქარებისაგან სულმოკლეებს ექნებათ დიდი მოწყინება, მაგრამ შენ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, თუკი მიაღწევ ასეთ დრომდე, რამეთუ მაშინ მორწმუნეები, რომლებმაც ვერ გამოაჩინეს სხვა სათნოებები, მიიღებენ გვირგვინს მხოლოდ ერთი, _ სარწმუნოებაში დგომის გამო, უფლის სიტყვებისდა მიხედვით: ,,ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა” (მათე: 10,32). შვილო ჩემო, გეშინოდეს უფალი ღმერთის, გეშინოდეს განმზადებული გვირგვინის დაკარგვისა: გეშინოდეს, არ იქნე ქრისტესაგან განგდებული ბნელ გარესკნელსა და სამუდამო ტანჯვაში. ვაჟკაცურად იდექი რწმენაში და თუკი საჭირო იქნება, სიხარულით აიტანე განდევნილობა და სხვა მწუხარებები, რამეთუ შენთან იქნებიან უფალი, წმიდა მოწამენი და აღმსარებლები: ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. მაგრამ ვაი იმ დღეებში ისეთ ბერებს, რომლებმაც შეიძინეს ქონება და სიმდიდრე, და სიმშვიდის სიყვარულის გამო, იქნებიან მზად, დაემორჩილონ მწვალებლებს. ისინი დაიწყებენ თავაინთი სინდისის მიძინებას და იტყვიან: ,,ჩვენ დავიცავთ და გადავარჩენთ სავანეს (მონასტერს) და ღმერთიც შეგვინდობს”. ეს უბედურები და დაბრმავებულები ვერ გულისხმაყოფენ, რომ წვალებასთან ერთად სავანეში შემოვა ეშმაკი და იქნება ეს არა წმიდა სავანე, არამედ დარჩება უბრალო კედლები, რომლისგანაც განვიდა მადლი. ხოლო ღმერთი კი ძლიერია მტერზე და ის არასდროს არ მიატოვებს თავის მონებს და ჭეშმარიტი მონასტრები იქნებიან სოფლის დასასრულამდე; ოღონდ, ეს ხალხი საცხოვრებლად გამოირჩევს მარტომყოფლურ და უდაბურ ადგილებს. ნუ გეშინია მწუხარებების, არამედ გეშინოდეს დამღუპველი წვალების, რამეთუ ის განაშიშვლებს ადამიანს მადლისაგან და განაშორებს ქრისტესგან. ამიტომაც, ბრძანა უფალმა, ჩაითვალოს მწვალებელი წარმართად და მეზვერედ (მათე: 16,17). ასე, რომ განმტკიცდი, შვილო ჩემო, იესუ ქრისტეს მადლში; სიხარულით ისწრაფე აღმსარებლობითი ღვაწლისაკენ და გადაიტანე ტანჯვები, როგორც კეთილმა მეომარმა იესუ ქრისტესი (II ტიმოთე: 2,2), რომელიც ბრძანებს: ,,იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილამდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხ. 2, 10) და რომლისა არს ძალი და დიდება, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ” (ანატოლი ოპტინელ-   მეუდაბნოე, უმცროსი, მღვდელ-მონაზონი, 1920წ. მის დასახვრეტად მისულ ,,ბოლშევიკებს” წინადღის გარდაცვლილი დახვდათ).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
ლევილი, 2009წ. 17/30.01
ხსენება ღირსი ანტონი დიდისა (+356წ.)

მღვდელი ზურაბ აროშვილი(ინტ.)

მხილება უსჯულოებისა

„უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)

ინტერვიუ მამა ზურაბთან (აროშვილი) საქართველოში ანტიეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წინამძღოლთან, რომლის დიდი დამსახურებაც არის ის, რომ საქართველოს ეკუმენისტურმა საპატრიარქომ დატოვა “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”

mamao_zurabi_1

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც – მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).

საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში… თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის… საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

ამის გამო, ილია II-ს რამოდენიმე სტიქაროსანმა გავიხადეთ სტიქრები და დავტოვეთ სიონი. ამ პერიოდში ვცხოვრობდით ბეთანიის მონასტერში, სადაც მ. იოანეს და მ. ლაზარესთან ერთად გადაწყდა, სერიოზულად შეგვესწავლა წმ. მამები. განსაკუთრებით მათი სწავლება თუ დამოკიდებულება მწვალებლობასთან მიმართებაში. შემდგომ, 1989 წლიდან კი, დავიწყეთ მართლმადიდებელი ქრისტიანის ბიბლიოთეკის სერიალით წიგნის – „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“- ს გამოცემა. პირველი ტომის გამოსვლისთანავე საპატრიარქოსთვის ცხადი გახდა ჩვენი შეურიგებელი პოზიცია ყოველგვარი რელიგიური სინკრეტიზმის მიმართ, რაც მათ ეკუმენისტურ გეგმებს არ შეეფერებოდა. ამიტომაც დაიწყო ჩვენი შევიწროება, მაგრამ წიგნები სწრაფად ვრცელდებოდა საქართველოში და გარკვეული შედეგიც სახეზე იყო. ახალგაზრდა სამღვდელოების და მათი მრევლის დიდი ნაწილი მსოფლხედველობრივად ეკუმენიზმის წინააღმდეგ განეწყო. განსაკუთრებით 1995 წელს გამოცემულმა მეხუთე ტომმა (სადაც ბულგარელი არქიმანდრიტების სერაფიმე ალექსიევის და სერგი იაზაჯიევის წიგნის „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“ და ასევე სერბი არქ. იუსტინე პოპოვიჩის „მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმის“ თარგმანები გამოქვეყნდა). რომელსაც ეპიგრაფად დავურთეთ წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის ბრწყინვალე სიტყვები – „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი…“ (სიტყვა მეექვსე, მშვიდობის შესახებ). უკიდურისედ მტრულად განეწყო ილია II და საპატრიარქო ჩვენდამი. რა თქმა უნდა, გასაგებიც იყო ილია II-ეს რეაქცია, რადგანაც 1978 წლიდან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ერთ – ერთი თანაპრეზიდენტი იყო 8 წლის განმავლობაში და ამით ამაყობდა კიდეც, აი ნაწყვეტი მისი იმდროინდელი ქადაგებიდან, სადაც კარგად ჩანს ამ კაცის სარწმუნოება: – „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, კარდინალო ბატონო იოანე! ჩვენი გული აღვსილია სიხარულითა და მადლიერებით ღვთისადმი. დღეს ერთად აღვავლენდით ლოცვას ორი უძველესი ეკლესიის წარმომადგენელნი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთი უფალი ჩვენი – იესო ქრისტე, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული…“(სიტყვა, წარმოთქმული სიონის ტაძარში კარდინალ ვილებრანდსის მიმართ „ჯვარი ვაზისა“, 1979, #1. გვ. 10).

წმ. მამები კი სხვა აზრის იყვნენ მწვალებლებთან ერთად ლოცვაზე და მათი სარწმუნოების თავის სარწმუნოებად გამოცხადების შესახებ. გამოცემული ფაქტობრივი მასალით, რომელსაც „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას“ მეხუთე ტომი შეიცავდა, მტკიცებოდა, რომ საერთოდ ეკუმენიზმი და კონკრეტულად ეს ორგანიზაციაც და „ევროპის ეკლესიათა კონფერენციაც“ (ორივეს ორგანული წევრი იყო საქ. ეკლესია) ღრმად ერეტიკული შინაარსის მატარებელი ორგანიზაციები იყო და მისი ორგანული წევრობა მოასწავებდა ამ ორგანიზაციათა კონსტიტუციის, მათ მიერ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციათა და დოკუმენტთა თანაზიარობას. ხოლო ტყუილი იმის შესახებ, რომ თითქოს ე.წ. მართლმადიდებლები ამ ეკუმენისტურ კრებებზე საქადაგებლად დადიოდნენ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებიდან საცნაური ხდებოდა. აი, მაგალითები მათ მიერ ე.წ. „ჭეშმარიტების მოწმობისა“ –

ეკუმენიზმის მოციქულები

papi-da-ek_patriarqi ილია II-ის ევქარისტიული ერთობა – კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი ბენდიქტე თანალოცვისას.

იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მხრიდან მართლმადიდებლობის გაცემის ამსახველი სლაიდ-შოუ

  1. მართლმადიდებელი ეკლესია არ მოითხოვს, რომ სხვა ქრისტიანები მოექცნენ და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას… მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს უფლება ვინმეს მასთან შეერთებისაკენ მოუწოდოს (ემს-ს რწმენისა და მოწყობის კომისიის ანგარიში, ЖМП, #9, 1975).  ЖМП –  ეს არის ოფიციალური, ბეჭვდითი ორგანო მოსკოვის საპატრიარქოსი.
  2. მოსკოვის პატრიარქი ალექსი II: მე ვლოცულობ, რათა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ ერთგული დარჩეს თავისი თავდაპირველი მოწოდებისა, ანუ ყველა ეკლესიის საერთო სურვილის აღმასრულებელი იყოს სარწმუნოებრივი ერთობისა და ევქარისტიული კავშირის მიღწევის საქმეში (ЖМП, #6, 1991, გვ. 60).
  3. რომის კათოლიკური ეკლესია მადლმოსილია ისევე, როგორც მართლმადიდებლური(,,Русская линия, 20.9.99).
  4. მთავარეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): აუცილებელია გათავისუფლება ელინისტური იდეებისაგან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყვნენ გაბატონებულნი ქრისტიანობაში და თანამედროვეობაში დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა. საჭიროა მათი შეცვლა. ჩვენთვის აუცილებელია სრულიად ახალი ქრისტიანობა, ახალი წარმოდგენებითა და განსაზღვრებებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთზე, როგორც უზენაეს არსებაზე, ახალგაზრდობას ჩვენი არ ესმის. სწავლებას ლოგოსზე, იესო ქრისტეს პიროვნებაზე, როგორც განკაცებულ ღვთის სიტყვაზე, განსაკუთრებით კი წმ. სამების დოგმატზე და მის თვისებებზე დღეს არა აქვს გასავალი, რადგან ახალმა მიღწევებმა დაჯაბნეს ძველი იდეები. ჩვენ ვერ ვასწავლით იმ ქრისტიანობას, რომელსაც ოდესღაც თავად გავეცანით (,,New York Times, 25.09.67).
  5. მიტროპოლიტი გიორგი კოდრე (ანტიოქიის საპატრიარქო): როდესაც ბუდისტი ანდა მუსულმანი თავიანთ საღმრთო წიგნებს კითხულობენ, მადლისმიერი შთაგონებით გაბრწყინებულნი, ისინი თვით ქრისტეს ჭვრეტენ. სული წმიდის მადლი არაქრისტიანულ რელიგიებშიც მოქმედებს. სული ცხოვრობს იქ, სადაც სურს. ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ქრისტესკენ, როგორც ჭეშმარიტებისკენ, არ შეუქმნიან რაიმე დაბრკოლებას სხვა ჭეშმარიტებებს, რომლებიც სხვა ტრადიციებშია გაფანტული, რადგანაც ყველა ეს ჭეშმარიტება ერთი ღმრთაებრივი წყაროდან მომდინარეობენ. დიალოგის მიზანი არის შედეგების მიღწევა რელიგიურ გარდამოცემათა გვერდის ავლით, რადგანაც ეს გარდამოცემანი წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. ვიპოვოთ ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, რომელიც შეფარულია სხვადასხვა ნიშნებსა და სიმბოლოებს მიღმა – აი, მთავარი მიზანი. ეს არ არის სინკრეტიზმი, ეს თავად ქრისტეა, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, რომელიც სხვადასხვა რელიგიათა უკიდეგანო სივრცეებზე დააბიჯებს (,,Faith and Order“, Paper #166, WCC Publications,GJeneva, 1994).
  6. შვეიცარიის მიტროპოლიტი დამასკინოსი: „დადგა დრო, ვაღიაროთ არსებობა „ეკლესიისა ეკლესიის გარეშე“ მთელი მისი სავსებით, რომლის ერთიანობა სარწმუნოების არსში მდგომარეობს“ (,,ირენიკონ“, 1975, #2, გვ..255).
  7. სერბეთის პატრიარქი პავლე: „მე ყოველი ლიტურგიის დროს პროსკომიდიაში (კვეთა) ვიხსენიებ რომის პაპ იოანე პავლე II-ს“ (ინტერვიუ სააგენტო E.N.I.- სადმი, Вдъ-Информ, აპრილი, 1999).
  8. ვარშავის მიტროპოლიტი საბა: „სხვადასხვა აღმსარებლობათა „სინთეზის“ უმძიმეს გზაზე მრავალი წყალქვეშა კლდეა. კიდევ ბევრი ძალისხმევის დახარჯვა იქნება საჭირო, რათა სხვადასხვა რელიგიათა განშტოებანი ერთ, ძლიერ ხედ იქცნენ. ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას რომის პაპის მიმართ, რომელიც დაუღალავად იღვწის ამ კეთილშობილურ ასპარეზზე“ (,,Religion Today“, 12.6. 99).
  9. ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „თავისი ცხოვრების დასაწყისში ქრისტე ცოდვილი იყო. მან უცოდველობას თანდათან მიაღწია. მასში მიმდინარეობდა ბრძოლა მის ორ ბუნებასა და ორ ნებას შორის“(1988 წლის საშობაო ეპისტოლე, ,,Voice of Orthodoxy“, dekemberi, 1987).
  10. „ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის თეორია ჩემთვის მისაღებია“ (`Voice of Orthodoxy“, იანვარ-თებერვალი, 1987).
  11. მიტროპოლიტი ნექტარიოს კალუმნოსელი (კონსტ. საპატრ.): „როდესაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასობით კათოლიკე მღვდელმა საკუთარ ეკლესიაში მღვდლობა მიატოვა, მართლმადიდებელი ეკლესია სისტემატიურად არიდებდა თავს მათ მიღებას თავის წიაღში, რათა არ მოწამლულიყო ურთიერთობა უძველეს რომის ეკლესიასთან. და როდესაც ევროპის მრავალ სამრევლოს, მათ შორის, იტალიაში — უნდოდათ კიდევ ერთხელ მართლმადიდებლობაში გადმოსვლა, ჩვენ წინდახედულად დავუხურეთ მათ კარი. მართლმადიდებლობა არ საჭიროებს პროზელიტიზმს. ის ამჯობინებს დატოვოს ათასობით ყოფილი კათოლიკე სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე. მაგრამ საუბედუროდ ისინი სხვა ეკლესიოლოგიურ ცდომილებაში ჩავარდნენ — ისინი აღმოჩნდნენ ძველი კალენდრის მიმდევართა ხელში. ამრიგად ეკუმენური დიალოგის სიმტკიცე ურყევი რჩება. (ათენის გაზეთი „ვემა“, 1 მარტი, 1992).

რაღა თქმა უნდა, ილია II-ემ პირად შეურაცხყოფად აღიქვა მეხუთე ტომის გამოსვლა. მოკლედ, საპატრიარქომ აკრძალა ამ ტომის საქართველოს ეკლესიებში გავრცელება! წიგნი მაინც გავრცელდა. მღვდლებისა და ბერ-მონაზონთა ნაწილმა გაავრცელა თავის სამრევლოებში.

1997 წლის გაზაფხულიდან ბერ-მონაზონთა ერთ ნაწილში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი იყო ამგვარი რელიგიური ორგანაზაციის წევრობა, ანუ საპატრიარქოსი, რომელიც ე. მ. ს.-სის ორგანული წევრი იყო. ჩვენც მონაწილენი ვიყავით ამ  შეხვედრებისა და მსჯელობებისა. ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩა საპატრიარქოს და ამავე წლის მარტში მიტროპოლიტმა დანიელმა, მე და ჩემს ძმას, შეხვედრა გვთხოვა (ყოფილი მღვ. დავით დათუაშვილი). ჩვენც შევხვდით. საუბარს ესწრებოდა ეპისკოპოსი პავლეც (ფაჩუაშვილი) და რამოდენიმე მონაზონი. მიტრ. დანიელმა პირდაპირ გვითხრა, რომ საპატრირქო ფლობდა ინფორმაციას ეკლესიაში შესაძლო დიდი განხეთქილების შესახებ და ისიც იცოდა, რომ ჩვენც ვმონაწილეობდით ამ მოძრაობაში. მან გვთხოვა, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა ეკლესიისთვის და ყველანაირად შეეცდებოდა პატრიარქთან ეშუამდგომლა და მოლაპარაკებები ეწარმოებინა, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო. ჩვენ ძალიან უბრალოდ და მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მოვთხოვეთ ე. მ. ს-ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვება ოფიციალურად, და ასევე, საჯარო დაგმობა ეკუმენისტური მოძრაობისა და მისი იდეოლოგიისა, ასევე, უარყოფა ყველა ერთობლივი დოკუმენტებისა. მიტრ. დანიელმა გვითხრა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა და ამის გაკეთება არც იყო საწირო. ერთი არგუმენტიც კი მოიყვანა – ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ ორგანიზაციებიდანო, მაშინ ევროპა და მსოფლიო ბლოკადას გამოუცხადებენ საქართველოს და ხალხი შიმშილით მოკვდებაო, მაშინ ერი მოგვადგება ჩვენო და გვეტყვიან, მოგვეცით პურიო და ჩვენ რა უთხრათ მათო? (მაშინ რას იფიქრებდა, რომ ორ თვეში თვითონვე მოაწერდა ხელს, და თანაც დაჩქარებული წესით, ე. მ. ს. – ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვებას) ჩემმა ძმამ უთხრა; გაყიდეთ დაგროვილი ქონება და მიეცითო, მიტროპოლიტმა უპასუხა – ჩვენ კი გავყიდით, მაგრამ არ ეყოფათო. მე ვუთხარი მაშინ მიტროპოლიტს და ეპისკოპოსს: ე.ი. თქვენ იძახით, რომ თუ ეკლესია ჭეშმარიტების ერთგულებას შეინარჩუნებს, მაშინ ღმერთი მის ერს შიმშილით მოკლავს-თქო?

კითხვა რიტორიკული აღმოჩნდა, პასუხი ბუნდოვანი. მოკლედ, ამას ვერ ვიზამთ ჩვენო–გვითხრეს ეპისკოპოსებმა და ჩვენც საბოლოოდ დავცილდით მათ. ანდა რა საერთო შეიძლებოდა გვქონოდა ასეთ ეპისკოპოსებთან?!

დიდი მარხვის პერიოდში ცხადი გახდა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა აუცილებლად მოხდებოდა. არქიმადრიტი იოანე, არქიმადრიტი გრიგოლი (კობახიძე) და არქიმანდრიტი გიორგი (ხაბეიშვილი) და ბეთანიის მონასტერი მზად იყვნენ უკვე ამისთვის; არქ. იოანემ დაწერა პატარა წერილი. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო მეორე არქიმადრიტმა გიორგიმაც (ბარიშვილი) (შიო-მღვიმის წინამძღვარი) და შიო-მღვიმის მონასტრის სახელით გაგზავნილ იქნა ეს წერილი საპატრიარქოში. წერილს ერქვა – „ობოლ ვიქმნენით ვითარცა არმქონებელნი მამასა“ (ლოცვა იერემიასი). მოგვიანებით ქვათა-ხევის მონასტერიც შემოურთდა ამ მონასტრებს (წინამძღვარი არქ. ბასილი (მაჩიტაძე))

უფრო ვრცლად 1997 წლის მოვლენების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ გვერდზე: http://www.geocities.com/Athens/Thebes/1865/RussIndex.html

მალევე შეიკრიბა სინოდი და ბევრისთვის (და არა ყველასთვის) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო- დაეტოვებინა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” და კ. ე. ც. ი. ძალიან დამფრთხლები და შეშინებულები იყვნენ მაშინ საპატრიქოს კარზე. მე პირადად მიწევდა ხოლმე მისვლა და რიგრიგობით მიმქონდა სხვადასხვა მონასტრების წერილები ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, ამ წერილებს პატრიარქის პირად მდივანს ხელში ვაბარებდი.

აქვე უნდა აღინიშნოს, მანამდე, ჩვენი კარგი მეგობრის და ბერის, არქ. ლაზარე (აბაშიძის) საქციელი. ის, 1997 წლის ზამთრში, ილია II-ზე განაწყენებული ზოგიერთ საეკლესიო საკითხზე, და ასევე ეკუმენიზმის გამოც, გაემგზავრა ათონზე. საიდანაც მუდმივად ჰქონდა ჩემს ძმასთან სატელეფონო კავშირი. ის იძახოდა, რომ ათონელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა უკიდურესი ზომების მიმართვაო და არ გაწყვიტოთ ევქარისტიული კავშირიო. აქ კი მოვლენები, როგორც ზემოთ ვთქვით, ასე წარიმართა: გაზაფხულზე დაბრუნდა არქ. ლაზარე საქართველოში. იყო ორი საუბარი და შეხვედრა მასთან. ის უარყოფითად იყო განწყობილი მომხდარი ფაქტის გამო  და ჯიუტად იმეორებდა: ათონზე  თქვეს ჯერ ადრეაო! მოკლედ, სინოდის სხდომის წინა ღამეს საკუთარი სურვილით ითხოვა აუდიენცია ილია II-სთან და უთხრა, რომ ათონელები იძახიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება, გინდა გამოდი და გინდა არა ეკუმენიზმიდანო! ასე ამბობენ ათონელი მამები: ცუდიაო ეკუმენიზმი, მაგრამ იმ ბერებს არ ამართლებენ, ვინც შენთან კავშირი გაწყვიტაო! ეს ჩვენ მეორე დილას მისი სატელეფონო საუბრიდან შევიტყეთ, როდესაც მან მ. იონეს დაურეკა და თვითონ მოუთხრო ყველაფერი, რაც წინა ღამეს გააკეთა. პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას – ამას ბინძური ღალატი ერქვა, არა ჩვენი და ამ მოძრაობის, არამედ მართლმადიდებლობისა!

ზემოთ აღვნიშნე, რომ ბევრისთვის, მაგრამ არა ყველასთვის, მოულოდნელი იყო სინოდის ეს გადაწყვეტილება. ზეწოლა ძალიან დიდი იყო სინოდზე. სინოდის სხდომის წინა დღეებში ეკუმენიზმიდან გამოსვლის მოთხოვნას შეურთდა შემოქმედის ეპარქიის თითქმის ყველა სასულიერო პირი. ამან კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია სინოდი. ასე რომ,  გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მასებზე და სასულიერო პირთა დიდ ნაწილზე, რომელთაც კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რას წარმოადგენდა ეკუმენიზმი მსოფლიოს ოფიც. მართლმადიდებელ ეკლესიებში, დამამშვიდებლად იმოქმედებდა. ილია II-ემ ეს კარგად და გონივრულად გათვალა. ხოლო მათ, ვინც ეს იძულებითი ნაბიჯი გადაადგმევინა, სასულიერო პირობა შეუჩერა და წინამძღვრობიდან გადააყენა, ხოლო ერისკაცები უზიარებლობით დასაჯა. ასე, რომ ანტიეკუმენისტი გმირიც გამოჩნდა და თანაც თავისი იდეოლოგიური მტრები, ანუ ისინი, ვინც აიძულა ეს გაეკეთებინა, სასტიკად დასაჯა. ავტორიტეტი ერთი ასად აიწია ეგზალტირებულ და ვითომ ანტიეკუმენისტ სამღვდელოების დიდი ნაწილში და მათ სამრევლოებში. ამიტომ მისი ეს ვითომც „სარწმუნოებრივი“ გადაწყვეტილება, (როგორც ამას უწოდებს დღეს ბევრი მოტყუებული ადამიანი) შევამოწმეთ ჩვენი მეორე წერილით, სათაურით – „ღია წერილი საქართველოს ეკლესიის სინოდს“ და ეპიგრაფით „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის ვიდრე კაცთაი“ (სამოც. 5, 29), სადაც მოვთხოვეთ, გაეწყვიტათ კავშირი ყველა ეკუმენისტურ საპატრიარქოებთან. რაზეც, რა თქმა უნდა, საბოლოო და კატეგორიული უარი მივიღეთ. იცოდა ილია II-ემ, რომ უკვე პირველი გადაწყვეტილების შემდგომ მას რამოდენიმე სასულიერო პირისა და მცირე ერისკაცთა ჯგუფის გარდა წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა. ასეც მოხდა. ჩვენი ძველი მეგობრები და თანამოაზრე სასულიერო პირები განეიტრალდენ და დაკმაყოფილდენ სინოდის გადაწყვეტილებით.

არქ. გრიგოლი კობახიძე – დავით გარეჯის წინამძღვარი გაემგზავრა საბერძნეთში ეპისკოპოსის მოსაძებნად. არქ. გიორგი ბარიშვილი თავს იკავებდა ახალი ეპისკოპოსის მოძებნაზე (და დღემდე თავს იკავებს). დანარჩენი სასულიერო პირები ფიქრობდნენ რუსულ ემიგრანტულ ეკლესიაზე, მაგრამ მათ ხმა არ გაგვცეს და ჩვენი წერილები უპასუხოდ დატოვეს. ამ პერიოდში მსოფლიოს რელიგიური ელექტ. პრესა და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდენ მიმდინარე მოვლენებს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაინტერესდენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მოგვწერეს ძალიან თბილი, მხარდამჭერი წერილი. ასევე უნდა ითქას, რომ ამ პერიოდში, მათ ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად მ. ანდრია (ბოროდა), რომელიც იმ წლებში, ამერიკის ერთ-ერთ იურისდიქციაში მღვდელი იყო. მ. ანდრეას ვრცლად გამოკითხეს საქართველოსა და ჩვენს შესახებ ეპისკოპოსებმა და ჩვენთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია არის ნეტარ ხსენებული მთავარეპისკოპოს ავქსენტის, ანუ საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდის ნაწილი ამერიკაში, ხოლო მთავარეპისკოპოს ავქსენტის გარდაცვალების შემდგომ ამერიკაშიც და საბერძნეთშიც მის მემკვიდრეებად დარჩნენ. ჩვენ შეძლებისდაგვარად დავიწყეთ შესწავლა ამ სინოდის ხელდასხმებისა და საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეღრმავებინა მათთან კონტაქტი. მ. იოანე ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა მათ გასაცნობად, ხოლო შემდეგ ამერიკაში იმყოფებოდა სამი კვირა მათთან.

მ. იოანეს დაბრუნების შემდეგ, როგორც მისი მონათხრობით შევიტყეთ სავსებით გამართული იერარქიული მდგომარეობა ჰქონდათ მათ და სარწმუნოებითაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იყვნენ.  ბერ-მონაზვნებმა და ერისკაცებმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავსულიყავით მათ იურისდიქციაში და ხელდასხმა მიგვეღო მათგან.

აი, ძალიან  მოკლე ისტორიული ექსკურსი იმ მოვლენების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო ეკუმენიზმთან ბოლო 20-25 წლის პერიოდში. რაც შეეხება, კანონიკურობას ჩვენი მოქმედებისა, რაღა თქმა უნდა, სრული უფლება გვქონდა გავმიჯნოდით მწვალებელ ეპისკოპოსს ორგზისი კრების მე-15 კანონის მიხედვით (იხ. დიდი სჯულის კანონი).

სინანული გვმართებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ 80-იან წლებში არ გავწყვიტეთ რელიგიური ერთობა ეკუმენისტებთან.

საქართველოში ეკუმენიზმის ფუძემდებელია ილია II. ამაზე მეტის თქმა, აღარც არის საჭირო. ვისთვისაც ეკუმენიზმი მწვალებლობა და უფრო მეტიც, მწვალებლობათა კრებული არ არის, მისთვის მართლმადიდებლობა, ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ იქნება!

რაც  შეეხება თქვენს კითხვას – რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

მახსენდება 1997 წლის ზაფხული, როდესაც ბეთანიის მონასტერმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი ილია II-სთან, მაშინ იქ ბევრი სასულიერო პირი ჩამოდიოდა ბერთა „გონს მოსაყვანად“ მათ შორის მ. ზურაბი (ანთაძე). ბოლო ჩამოსვლისას უსიამოვნო ლაპარაკი შედგა ბერებსა და მ. ზურაბს შორის, რის გამოც ნაჩქარევად მოუწია მონასტრის დატოვება. გარეთ მანქანა ელოდებოდა. გავაცილე და ვუთხარი: მ. ზურაბ, იცოდე რკინის ქალამნებს ჩავიცმევთ და რკინის ჯოხს მოვიძიებთ და თუ საჭირო იქნება, ანტარქტიდაში ჩავალთ და იქ მოვძებნით მარლმადიდებელ ეპისკოპოსს-მეთქი. თითქმის ასეც მოხდა, სულ ცოტა დაგვაკლდა ანტარქტიდამდე.

რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შევედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

რა საეკლესიო კანონის საფუძველზეც წმ. იოანე გუთელი (მისი ხსენება წელიწადში ორჯერ არის საქართველოში) ჩამოვიდა საქართველოში და ეპისკოპოსად კურთხევა მიიღო, რადგანაც მთელს აღმოსავლეთში საყდრებს ხატმბრძოლები განაგებდენ. მანახეთ საქართველოში ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვიტყვი, რომ შევცდით ასე შორს რომ მოვიძიეთ ეპისკოპოსები.

ბერ-მონაზვნობას და სამრევლოებს თბილისში, ქუთაისში, გურიაში ეკლესია სჭირდებოდათ, ღვთისმსახურება, საღმრთო საიდუმლოებების მიღება და მათში მონაწილეობა, ანუ, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ცხონება. ხოლო ამ ყველაფერს კი ეპისკოპოსი სჭირდება.. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. – „და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი, დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა; ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა, რათა არღარა ვიყუნეთ ყრმა ჩვილ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღვრებისასა, სივერაგითა კაცთათა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა“ (ეფეს.4, 1114)

ვლასტარის ალფაბეტურ სინტაგმაში, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტორიტეტულ კანონიკურ ძეგლადაა მიჩნეული, განსაზღვრულია პატრიარქის (პირველიერარქი ეპისკოპოსის) ფუნქციები. მასში ვკითხულობთ: „პატრიარქი არის ცოცხალი ხატი ქრისტესი საქმითა და სიტყვით, იგი არის ჭეშმარიტების ჭურჭელი. პატრიარქი მოწოდებულია ცხონების გზით ატაროს მისთვის ჩაბარებული სულები, იცხოვროს ქრისტეში და მიბაძოს პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: „სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე – სოფლისა“ (გალ. 6,14). პატრიარქი ყველას ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს, არ უნდა შეეშინდეს და შერცხვეს ჭეშმარიტებისა და დოგმატების დაცვისა, აგრეთვე სიმართლის თქმისა და კეთილმსახურებისაკენ მოწოდებისა თვით მეფეთა წინაშეც კი. ის ერთია დადგენილი შუამდგომლად და მსაჯულად სინანულისა და მოსაქცევად ცოდვათა და მწვალებლობათაგან“.

ამრიგად, სწორედ ეპისკოპოსი არის ღმერთისგან დადგენილი იერარქი და მხოლოდ მის მიერ მიჰმადლებს უფალი სული წმიდის ნიჭებს სამღვდელო დასს, ანუ კლიროსის ქვემდგომ იერარქიას – პრესვიტერებსა და დიაკვნებს. ასე რომ, ყველა საიდუმლოს და მღვდელმოქმედებას ეკლესიაში აღასრულებს მხოლოდ ეპისკოპოსი, ან თვითონ უშუალოდ ანდა სამღვდელოების მეშვეობით, როგორც ამას წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწავლის.

წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი იმავე მიმართებაში აყენებს ეკლესიას ქრისტესადმი, როგორშიც ქრისტეა მამა ღმერთისადმი. მეორეს მხრივ, მართალნი (სამღვდელოება და მრევლი) შეერთებულნი არიან ეპისკოპოსთან ისევე, როგორც ეკლესია იესო ქრისტესთან და როგორც ქრისტე მამასთან, რათა ყოველივე თანხმობაში იყოს ერთიანობით („ეფესელთა მიმართ”). ამრიგად, წმ. ეგნატეს სწავლებით, ეპისკოპოსი არის ხატი ქრისტესი, რომელიც ერთობაშია თავის სამწყსოსთან ისევე, როგორც ქრისტე მამასთან და ქრისტე ეკლესიასთან, ანუ „ერთ ხორც„ (ეფეს.5,2932). ეს არის საიდუმლო ეპისკოპოსის ერთობისა თავის ეკლესიასთან!

როგორც ქრისტე არის ერთარსი მამისა ბუნებით და მადლით, ასევე, ეპისკოპოსიც, სრულ ერთობაშია ეკლესიასთან სარწმუნოებაში და სარწმუნოების საქმეებში. შეუძლებელია, ეკლესიაში, ეპისკოპოსსა და მრევლს სხვადასხვა სარწმუნოება ჰქონდეთ, ისევე, როგორც შეუძლებელია სხვადასხვა ბუნება ჰქონდეთ ქრისტეს და მამას! წმ. ეგნატესათვის მართლმადიდებლობის კრიტერიუმი ეპისკოპოსის სარწმუნოებაა, ყველა (სამღვდელოება და მრევლი) სრულ თანხმობაში უნდა იყოს ეპისკოპოსთან. ამასვე ევედრება კორინთელებს წმ. პავლე მოციქული: „რათა მასვე იტყოდეთ ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა„ (1კორ. 1,10).

„ეკლესიის წინამძღოლის – ეპისკოპოსის მიხედვით ცხონდება ანდა ხიფათში ვარდება მთელი ეკლესია” (წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი, წერილი #34).

ხოლო წმ. ირინეოს ლიონელი უფრო შორს მიდის: – „წმ. ირინეოს ლიონელი მწვალებელთა რანგში აყენებს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც საკუთარ სიამოვნებას ემსახურებიან, ქედმაღლობენ თავიანთი თანამდებობოთ და ფარულად მრავალ ბოროტებას სჩადიან. იგი მოუწოდებს ქრისტიანებს განეშორონ ანუ გაწყვიტონ ერთობა ყველა ასეთთან” («Против Ересей», IV, 26, 3-4). მართლმადიდებლობის კრიტერიუმად წმ. მამა „სამოციქულო ხელდასხმას, შეურყვნელ, უმწიკვლო სწავლებას და ზნეკეთილ, უბიწო ცხოვრებას” (იქვე, 26,5) მიიჩნევს.

შეგვიძლია გავაგრძელოთ მოციქულთა და მამათა ციტირება ამ საკითხზე, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ინტერვიუს ფორმატს გაუჭირდება ამ ზღვა მასალის დატევნა.

ასე, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად გვჭირდებოდა და როცა დრო მოვა, აქ საქართველოში ადგილობრივი ეპისკოპოსიც გვეყოლება!

კითხვა: დაგვიხასიათეთ, თუ შეიძლება, ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც განუდეგით ქართული ოფიციალური ეკლესიის სინოდს თავის დროზე; და რატომ უწოდებენ სქიზმას თქვენს ეკლესიურ ერთობას; და რა კანონის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს თქვენი მღვდელოქმედება და საეკლესიო ერთობა სქიზმად? ე.ი. გთხოვთ, კანონიკურად განმარტოთ რა არის სქიზმა და რა არის დედაეკლესია?

პასუხი: მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ უკვე. რაც შეეხება სქიზმას. სქიზმა მაშინ იქნებოდა, თუ ჩვენ ორგზისი კრების მე-13, მე-14 და მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვიქცეოდით და საეკლესიო ერთობას დავარღვევდით, სხვადასხვა არა სარწმუნოებრივ მიზეზთა გამო!

წმ. ბასილი დიდი ამბობდა: ეკლესიაში სქიზმა შემოაქვს მას, ვისაც ეკლესიაში შემოაქვს სიახლე. თქვენ განსაჯეთ, ვის შემოქონდა 1962 წლიდან ეკუმენისტური სიახლეები ეკლესიაში? (ამ წლიდან მონაწილეობდა ილია II ეკუმენიზმში, 1961 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად)!

რაც შეეხება წმ. მამათა სიტყვას, რომ ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო, ზედმიწევნით ესადაგება სხვადასხვა მწვალებლობათა რელიგიურ სინკრეტიზმში ათქვეფილ ე.წ. ოფიც. მართლმადიდებლურ საყდრების მპყრობელებს. ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ დედაეკლესია განისაზღვრება ადგილდებარეობის, ისტორიულობის, ეროვნულობის ან სხვა რაიმე ამასოფლიური ნიშნით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები თქმული ებრაელი ერის მიმართ –

  • „9. და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
  • 10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.” (მათ. 3,9-10)
  • 11. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
  • 12. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. (მათ. 8,11)
  • 39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. (იოან. 8,39)
  • 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. (იოან. 8,58).

მაცხოვრის მიერ ნათქვამი სიტყვები დღემდე ძალაში რჩება. სადაც არ არის ღმერთის ჭეშმარიტი მსახურება, ანუ სადაც არ არის მართლაღმსარებლობა ჭეშმარიტებისა, იქ არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ეკლესია!

„აწ უკვე სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი სიტყვითა ღმრთისაითა„ – (რომ.10, 17) კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათ. 16, 18). აწ უკუე მაუწყეთ, თუ რომელსა პირსა, ანუ რომელსა სიტყუასა ზედა იქმნა ერთობაი ეგე, და უკუეთუ კეთილად იქმნა, არცა მე უცხო ვიქმნე მართლისა წესისაგან. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ცხოვრება)

წმ. მაქსიმე აღმსარებლის ეს ბრწყინვალე განმარტება ეკლესიისა დღევანდელ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთათვის დიდი სულიერი ნუგეშინისცემაა! ასე, რომ დედაეკლესია არის იქ, სადაც ჭეშმარიტების ერთგულებაა და არა ეკუმენიზმისა ან სხვა რამ წვალებისა!

კითხვა: გთხოვთ, დაახასიათოთ ასევე, მსოფლიო ოფიციალური ეკლესიების დღევანდელი კანონიკური მდგომარეობა, სინამდვილეში არიან ისინი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, თუ ატყუებენ ერებს და რაში მდგომარეობს მათი ეს ტყუილი?

პასუხი: რომელ საეკლესიო კანონებს არღვევენ დღევანდელი ოფიც. საპატრიარქოები?

მოციქულთა კანონები 10, 11, 30, 45, 46, 65, 71. პეტრე-პავლეს განწესებანი 8,9, 10 11. ლაოდიკია 6, 9, 14, 33, 31 34, 39. ანტიოქიის 1, 2. მე-7 მსოფლ. საეკლ. კრება 1.

აი, მათი კანონიკური მდგომარეობა!

სახელგანთქმული კანონისტი ნიკოდიმოს მთაწმიდელი წერს: „ეს წიგნი (პიდალიონი – „დიდი სჯულის კანონი”) არის ღმრთაებრივი წერილი წმიდა წერილის შემდეგ, აღთქმა, ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ. ეს წიგნი არის მარადიული საზღვრები, რომლებიც ჩვენმა მამებმა დაგვიწესეს, კანონები, რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულ წმიდისაგან მიიღეს. ეს წიგნი წეშმარიტად საწეა („პიდალიონი” ნიშნავს საწეს) კათოლიკე ეკლესიისა, რომლის მართვითაც ეკლესია თავის მეზღვაურებსა და მგზავრებს, ვგულისხმობ სამღვდელოებასა და მრევლს, ცათა სასუფევლის მშვიდ ნავთსაყუდელში მიიყვანს”.

მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებსა და განწესებებს ჩვენ ვღებულობთ, როგორც თვით წმიდა სახარებებს თანახმად VI მსოფლიო კრების 2 კანონისა და ნოველათა II ტიტულის 3 მუხლისა ( იგულისხმება წმ. იმპერატორ იუსტინე დიდის „ნოველები”), სადაც ვკითხულობთ: „შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დოგმატები ისევე უნდა იქნას დაცული, როგორც საღმრთო წერილი”. აქედან ჩანს, თუ რატომ ვღებულობთ და ვაღიარებთ წმიდა კრებათა კანონებს ისევე, როგორც წმიდა წერილს, რადგანაც ისინი ღმერთშემოსილ მამათა მიერ არიან დამტკიცებულნი, რომელნიც ღმერთმა ეკლესიაში მასწავლებლებად დაადგინა, ისევე, როგორც მოციქულები და წინასწარმეტყველები (1 კორ. 12; 28). მათ მიერ დადგენილი კანონები ღმრთივშთაგონებულნი არიან, ვითარცა საღმრთო წერილი ისინი არიან „სანთელნი მთებარენი ადგილსა შინა წყვდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს” (2. პეტრე. 1; 19). რამეთუ სული წმიდა, რომელიც მოციქულთა მიერ მეტყველებდა, ასევე მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მიერ” („აღმოსავლეთის პატრიარქთა პასუხები ანგლიკანთა შეკითხვებზე”. 1716-1725 წ.)

ვგონებ, ჩემი კომენტარები ზედმეტი იქნება!

კითხვა: გვესაუბრეთ, თუ შეიძლება, ევქარისტიაზეც, რა არის ევქარისტიული ერთობა, და თუ საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბწოდან” მაგრამ მაინც იმყოფება “ეკლესიათა მსოფლიო საბწოს” წევრ ეკლესიებთან ევქარისტიულ ერთობაში, ნიშნავს თუ არა ეს, მძიმე სახის ერეტიკული სახის ცოდვას?

პასუხი: ქრისტეში ერთობას ევქარისტიული ერთობა ჰქვია. მისი გამოხატულებაა ლიტურგიკული ერთობა, სადაც და რომლის დროსაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ყველა ჭეშმარიტი მაზიარებელი ქრისტეს იღებს თავის თავში, ხოლო ქრისტეში ჩვენც ყველანი ერთმანეთის თანაზიარნი ვხდებით, და მყარდება ჩვენს შორის მისტიური ერთობა მაცხოვრის აღთქმისაებრ. ანუ რწმენა მაცხოვრის ამ სოფლად მოტანილი სწავლებისა და მისი ერთგულება განაპირობებს ზიარების ჭეშმარიტებას. თუ სხვადასხვა სარწმუნოებათა მატარებლები ერთად ეზიარებიან, რაღა თქმა უნდა, ისინი ქრისტეს ვერ ეზიარებიან და ამიტომაც, არც მათი ერთობა, ანუ ეკლესია, იქნება თანაზიარი ქრისტესი. აი, რას გვასწავლიან წმიდა მამები – „სასჯელად გინა დასასჯელად ეზიარება ყველა, ვინც უგუნური დაუდევრობით მწვალებელთან ან განხეთქილების მოქმედთან ეზიარება, ისინი მწვალებლების მსჯავრით განისჯებიან” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წერილი #62). წმ. ბასილი დიდი იმდროინდელ მდგომარეობას ეკლესიაში „ღამის ბრძოლას” უწოდებდა, როდესაც შეუძლებელია მტერ-მოყვარის გარჩევა. მისი თქმით, მწვალებლები, „ბოროტი განზრახვით ამახინჯებდნენ რა სწავლებას, ჭეშმარიტების საბურველში ხვევდნენ მას და ამით ატყუებდნენ მრავალს. ასე მიაჩვიეს მათ უბრალო ხალხი ერეტიკულ სიცრუეს. ეკლესიის ყოფილ მრევლს უწმიდური პურით აპურებენ. იმათაც რა ქნან? ყველაფერი მწვალებლების ხელშია: ნათლობა, წესის აგება, სნეულთა დახმარება, მწუხარეთა ნუგეშისცემა, გაწირვებულთა შეწევნა, ყველანაირი დახმარება, ზიარება. რაკი ყოველივე ამას ხალხისათვის მწვალებლები ასრულებენ, ეს მწვალებლებთან ერთსულოვნების კვანძად იქცევა” (წმ. ბასილი დიდი, წერილი #235). მაშინაც ძალიან მძიმე დრო ედგა წეშმარიტ ეკლესიას. „ერთობა მართლმადიდებლებთან და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა წეშმარიტების მტრებთან” (ბასილი დიდის წერილი ევსევი სამოსატელისადმი). აი, პრინციპი რის მიხედვითაც მოქმედებდა წმ. ბასილი დიდი და ჩვენც კარგი იქნება თუ დავუჯერებთ მას.

ამიტომაც გვმართებს გაფრთხილება ქრისტეს სარწმუნოებისა და მისი ერთგულება, რომ მისი ნაწილები ვიყოთ და მადლის მიერ განვეღმრთოთ მასთან ზიარებით. და ამიტომაც მართებს ეკლესიას ქრისტეს მიერ წეშმარიტი მორწმუნეობა და დგომა წეშმარიტებაზე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება წეშმარიტი ერთობა ანუ ეკლესია!

მოკლედ, რომ ითქვას, ევქარისტიული ერთობა არის ერთობა იესო ქრისტეში, ყველა მისი ჭეშმარიტი მორწმუნისა, ანუ მათი, ვინც ქრისტეს სწავლების დაუმახინჯებელი აღმსარებელია. ვინ ამახინჯებს ქრისტეს სწავლებას? მწვალებლები და მათთან რელიგიურ-რიტუალურ ერთობაში მყოფი ე. წ. ოფიც. მართლმადიდებლური საყდრები!

ამიტომ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ საქ. ოფიც ეკლესია რადგან განცხადებით, ანუ სიტყვით გამოვიდა ე. მ. ს-დან და კ. ე. ც-იდან, ამიტომ აღარ არის მწვალებლობათა მთელი ნაკრების, ანუ ეკუმენიზმის თანაზიარი. ვისთანაც ვიმყოფებით ევქარისტიულ ერთობაში, მისი სარწმუნოების თანაზიარნიც ვხდებით (თუ რა თქმა უნდა, ეს სარწმუნოება ერეტიკოსთა მხრიდან გაცხადებულია, ანუ საჯაროა, როგორც ეკუმენიზმის შემთხვევაშია).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, თუ რა არის ახალმესტილეობა და რა სახის ცოდვას წარმოადგენს ახალი სტილის კალენდრის მიმდევრობა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ძველი სტილით მოქმედებენ, ახალმესტილეებთან ერთობით რა კანონიკურ დარღვევას და ცოდვას სჩადიან?

პასუხი: პაპის გრიგორი XIII მიერ ახალი სტილის შემოღებისთანავე მსოფლიო პატრიარქმა იერემია II მაშინვე, 1582 წელს, თავის სინოდთან ერთად დაგმო დროის ახალი რომაული აღრიცხვა, როგორც უთანხმოებაში მყოფი მართმადიდებელი ეკლესიის გადმოცემასთან. მომდევნო, 1583 წელს, პატრიარქმა იერემიამ ალექსანდრიის პატრიარქის სილიბისტროსა და იერუსალიმის პატრიარქის სოფრომ VI მონაწილეობით მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო რომის ეკლესიაში გრიგორიანული კალენდრის შემოღება, როგორც მთელი მსოფლიო ეკლესიის საწინააღმდეგოდ წმიდა აღდგომის დღის დადგენის შესახებ I მსოფლიო კრების დადგენილების დამრღვევი მოვლენა. ეს კრება, 1583 წლის 20 ნოემბერს, მოუწოდებს მართმადიდებლებს მტკიცედ და უდრეკად, სისხლის დათხევამდეც კი დაიცვან მართმადიდებლური კალენდარი და იულიანური პასქალია, ხოლო ამ დადგენილების ყველა დამრღვევს უცხადებს ანათემას, მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთას. ასეთივე გადაწყვეტილების შესახებ კონსტანტინეპოლის კრებამ აცნობა აღმოსავლეთის ყველა ეკლესიას, მოსკოვის მიტროპოლიტ დიონისეს, იონიის კუნძულების ეკლესიას, დასავლეთ რუსეთში მართმადიდებლობის სახელგანთქმულ დამცველს, თავად კონსტანტინე ოსტროჟსკის, ვენეციის დოჟს, ნ. დაპონტეს და საეკლესიო შფოთის აღმძვრელს გრიგორი XIII-ს.

ასევე, აბსოლუტურად უარყოფითად უდგებოდნენ ახალი სტილის შემოღებას მსოფლიო პატრიარქები და მათთან ერთად მთელი მსოფლიო ეკლესია მომდევნო საუკუნეებშიც. მაგალითად, კონსტანტინეპოლის პატრიარქი კალენიკე XI და ანტიოქიის პატრიარქი ათანასე (1686-1728) მოწმობდნენ, რომ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა კათოლიკეებთან ერთად არის მარხვების შესახებ მართმადიდებელი ეკლესიის დადგენილების უარყოფა, ხოლო რომაული ეკლესიის წესდების გამოყენება – მართლმადიდებლობის ღალატი და წმიდა მამათა ანდერძებიდან განდგომა, რაც დამღუპველია მართმადიდებელი ეკლესიის შვილებისთვის. ამიტომ თითოეული ქრისტიანი ვალდებულია იდღესასწაულოს აღდგომა და მასთან დაკავშირებული სადღესასწაულო დღეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის პრაქტიკისა და არა მისგან განსხვავებული, რწმენის თვალსაზრისით ჩვენთვის უცხო დასავლური ტრადიციის შესაბამისად. მსოფლიო პატრიარქი კირილე V თავის მრგვლივმავალ ეპისტოლეში 1756 წელს ყველა ქრისტიანს, ვინც ახალი სტილი მიიღო, შეაჩვენებს წარმავალ და ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებაში.

ახალი სტილის მიღებისგან, როგორც უდიდესი ცოდვისგან მართმადიდებელი ქრისტიანების გაფრთხილების მიზნით მსოფლიო პატრიარქი ანთიმოს VI აღმოსავლეთის სხვა პატრიარქებთან: ალექსანდრიის პატრიარქ იეროთეოზთან, ანტიოქიის – მეთოდესთან, იერუსალიმის – კირილესთან და მათ სინოდებთან ერთად 1848 წლის ეპისტოლეში ერთიანი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სახელით ამგვარ აზრს გამოთქვამს აღმსარებლობის შესახებ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან მართმადიდებლობის შემნახველი ჩვენთან თავად ეკლესიის სხეული, ანუ ხალხია, რომელსაც ყოველთვის სურს, შეინარჩუნოს რწმენა უცვლელად, მამების რწმენის შესაბამისად… და გვქონდეს აღმსარებლობა, რომელიც მივიღეთ მათგან, წმიდა მამებისგან, განვუდგეთ ყოველგვარ სიახლეს, როგორც ეშმაკის შთაგონებას, რომელსაც თუ კი ვინმე მიემხრო ან საქმით, ან სიტყვით, ან გულისთქმით, მან უკვე უარყო ქრისტეს რწმენა, უკვე ნებაყოფლობით დაექვემდებარა მარადიულ ანათემას სულიწმიდის გმობისთვის, რომელიც თითქოს არასრულყოფილად მეტყველებს წმიდა წერილისა და მსოფლიო კრებების საშუალებით. ასე რომ, ყველა, ვინც სიახლეს ემხრობა, – ერეტიკოსი იქნება ის თუ განხეთქილების ჩამომგდები, ნებაყოფლობით იმოსება წყევით, როგორც სამოსლით (ფსალ. 108,18), მიუხედავად იმისა, პაპები არიან, პატრიარქები თუ ერისკაცები. ანგელოსიც რომ იყოს ზეციდან – ანათემა მას”.

1902-1904 წლებში ცნობილი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის, იოაკიმე III ინიციატივით კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, საბერძნეთის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთისა და ჩერნოგორიის ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, თავისი წარმომადგენლების სახით, უარყვეს კალენდრის – პაპი გრიგორი მეცამეტესეული რეფორმა.

იგივე აზრი გამოთქვა, სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებამ 1917-18 წლებში, და გამოიტანა დადგენილება, საეკლესიო დროის აღრიცხვის ძველი სტილის მიყოლის თაობაზე. ამ დადგენილების მიღებისას, მოსკოვის კრებამ, სხვა საფუძვლებთან ერთად გაითვალისწინა, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, მამა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ლებედევის აზრი, რომელიც სამეცნიერო-ასტრონომიური და საეკლესიო-კანონიკური მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა გრიგორიანულ სტილთან ყოველგვარი დაახლოების დამღუპველობას და უპირობო უპირატესობას იულიანურ სტილს ანიჭებდა.

სამწუხაროდ, 1923 წელს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მელეტის1) მიერ მოწვეულმა სრულიად მართლმადიდებლურმა კონგრესმა2) დაარღვია წმიდა ტრადიციები, რომლებსაც ასეთი მოშურნეობითა და სიწმინდით იცავდნენ მსოფლიო პატრიარქები საუკუნეების განმავლობაში. ამ კონგრესზე გადაწყვიტეს ახალ სტილზე გადასვლა. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი მოსახლეობა საშინელი აღშფოთებით შეხვდა ამ ანტიკანონიკურ სიახლეს. პატრიარქი მელეტი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ამის მიუხედავად კონსტატინოპოლის შემდეგმა პატრიარქმა გრიგორიმ 1924 წელს სცადა შემოეღო ახალი სტილი ყველა უძრავი დღესასწაულისათვის, ხოლო დროებით, მსოფლიო კრების მოწვევამდე, აღდგომისა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები აღენიშნათ ძველი პასქალიის მიხედვით. საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალურ ორგანოში, ჟურნალში „ეკლეზია” და ზოგიერთ რუსულ გაზეთში, თავისი და სინოდის სახელით, მან დაბეჭდა სიგელი კონსტატინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის შესახებ.

კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ათანასეს გავლენით რუმინეთის ეკლესიამაც შემოიღო ახალი სტილი უძრავი დღესასწაულებისთვის. მაგრამ აღმოსავლეთის – ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის – პატრიარქებმა თავისი საპატრიარქოების წმინდა კრებებთან თანხმობით, გადაწყვეტით უარყვეს არსებული საეკლესიო დროის აღრიცხვის3) შეცვლის საკითხი. ასევე უარყოფოთად განეწყო პატრიარქ გრიგორის სიგელის მიმართ ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ამ სიგელის საპასუხოდ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა მსოფლიო პატრიარქს ამცნო, რომ თუმცა მან მიიღო სიგელი 10 მარტიდან ახალი სტილის შემოღების შესახებ, მაგრამ რუსულ ეკლესიაში ახალი სტილის შემოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო. სრულიად უარყოფითად შეხვდნენ საეკლესიო დროის აღრიცხვაში ახალი სტილის შემოტანას საზღვარგარეთ მყოფი რუსი მღვდელმთავრების კრებები, რომლებიც 1923, 1924 და 1925 წლებში შედგა.

ჩვენ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებთან უნდა ვიყოთ, რომლებიც კანონიკური დადგენილებების საფუძველზე მკაცრად, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე მიყვებიან ძველ სტილს, თავის საეკლესიო ცხოვრებაში. ეს დადგენილებები უნდა იყოს ურყევი, რადგან წარმოადგენენ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ერთ-ერთ საფუძველს.

მღვდელი ზურაბი(აროშვილი) ამხელს

897_b16athen

უფლის კანონმდებლობით, ანათემირებული,  კათოლიციზმის მწვალებლობის  წინამძღვარი : რომის პაპი ბენედიქტ XVI და საბერძნეთის ეკლესიის პირველიერარქი ქრისტოდულოსი; 2006 წ. ქ.ათენი

აბრაამის ძენი ხართ და შთამომავლობით ეკუთვნით ეკლესიას, ჩვენ კიდევ სამარიტელნი და წარმართნი? თქვით ბარემ თამამად, ნუ გრცხვენიათ, რომ ფარისეველნი ხართ და მემკვიდრეობით გეკუთვნით ეკლესიაში ყოფნა, რომ სწორედ თქვენა ხართ ეკლესია, სულ ერთია, რასაც არ უნდა სჩადიოდეთ. თქვით ხმამაღლა, რომ ახლა უკვე შეუძლებელია იყო ქრისტიანი და იცავდე ეკლესიის დამაარსებლის გარდამოცემას, რომელიც მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისაგან მივიღეთ და არა ცრუ მოციქულებისაგან, გარდამოცემას, რომელიც ეკლესიის მადლისმიერი ცხოვრების წყაროა. თქვით, რომ რასაც არ უნდა ასწავლიდეთ, ყველაფერი ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია ცდებოდეთ-მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ იყავით და მემკვიდრეობის კანონით ყოველთვის იქნებით “მებრძოლი ეკლესია”, ანუ, როგორც მთელი საეკლესიო სწავლების საპირისპიროდ ამტკიცებთ, “მცოდველი ეკლესია”. საოცარი მკრეხელობაა ეკლესიის-ჭეშმარიტების სვეტისა და სიმტკიცის-წინააღმდეგ!

ფარისევლები ამკობდნენ მათი მამების მიერ მოწყვეტილ (მოკლულ) მართალთა და წინასწარმეტყველთა საფლავებს სწორედ, ისევე, როგორც თქვენ და თქვენი იერარქები ამკობთ დევნილ და მოკლულ ახალმოწამეთა საფლავებს! და იტყვით: ,,უკეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაისწარმეტყველთასა, ვინაცა ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკვლელთა წინაისწარმეტყველთანი და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა”.

მართალო ფარისეველნო, მაშ მოდი, დიდი ქვები ამოარჩიეთ იმ ქრისტიანთა ჩასაქოლად, ვისაც არ სურს სჯულისაგან განდგომილებთან კავშირი; ყოველგვარი ამაო სიბრძნით აღიჭურვეთ მათ წინააღმდეგ, ვისაც არ უნდა ღმრთის მცნებების შეცვლა და ღალატის თანამონაწილედ ქცევა.

მღვდელი ზურაბ აროშვილი

წერილის სანახავად ჩამოიტვირთეთ PDF დოკუმენტი

მღვდელი გიორგი სხილაძე – პარიზის ქართული სამრევლო

მღვდელ გიორგი სხილაძის ინტერვიუ „გუშაგს“

1. კითხვა: მამაო გიორგი, ქართველი მამულიშვილები უკვე კარგად იცნობენ სერბეთის ეკლესიის (ბელგრადის საპატრიარქო)საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, პარიზის წმ. საბას სახ. საკათედრო ტაძრის ქართული სამრევლოს სარწმუნოებრივსაზოგადოებრივი გამოცემას, რომელიც პარიზშია გამოცემული. სანამ კონკრეტულ საკითხებზე დავიწყებდეთ საუბარს, იქნებ, გაეცნოთ ჩვენი გაზეთის საშუალებით ქართველ მკითხველს.

პასუხი: ერისკაცობაში მალხაზ აკაკისძე სხილაძე. დაბ. – 1967 წ., ქ. ზესთაფონი (აქ შეცდომა არ გეგონოთ, განგებ ვწერ ,,ზესთაფონი“ და არა ,,ზესტაფონი“, რადგან ისტორიულად ამ ქალაქის სახელში ასო-ბგერა ,,თ“ იყო და არა ,,ტ“, რომელიც, როგორც ჩანს, რუსული ფონეტიკიდან შემორჩა მას; ამის აღდგენა უნდა მოხდეს: „ზესთა”, როგორც მოგეხსენებათ, ზეციურს, ღვთიურს ნიშნავს, ხოლო „ზესტა” – არაფერს. თუ ისტორიული ფორმით მოიხსენებთ ჩემს მშობლიურ ქალაქს, მხოლოდ გამეხარდება). იქ სწავლა: N1 საშუალო, N1 მუსიკალური სკოლა (ფორტეპიანოს კლასი) და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი. თბილისში: რკინიგზის N1 საშუალო და კონსერვატორიის ექსპერიმენტული სკოლა (თეორიულ-საკომპოზიციო და საგუნდო-სადირიჟორო კლასი); 1986წ. მცხეთის სასულიერო სამინარიასა და თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლის სურვილის შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია და გელათის სასულიერო აკადემია (1988-96წწ..). ერისკაცობაში – ქართული ქორეოგრაფიული სკოლის აკომპანიატორი და „საღვთო სჯულის” მასწავლებლი საშუალო სკოლებსა და სასულიერო სასწავლებლებში. 1992წ. 23 ნოემბერს, გიორგობას, ტაბაკინის (ზესთაფონი) წმ. გიორგის სახ. მონასტერში ხელდასხმა იპოდიაკვნად, სახელით გიორგი და 1993წ. 28 აგვისტოს – დიაკვნად მარგვეთის (ზემო იმერეთი) ეპარქიაში. 1990-92წწ. მგალობლობა და 1994-95 წწ. დიაკვნობა თბილისის წმ. პეტრე-პავლეს სახ. ტაძარში. 1997წ. – საქართველოს დატოვება. ჩარიცხვა შამბეზის (შვეიცარეთი) მართლმადიდებლურ ინსტიტუტში და სწავლა ბეზანსონის (საფრანგეთი) ენათა ინსტიტუტში. ასევე, ჩარიცხვა ჯორდანვილის (ა.შ.შ.) სასულიერო სემინარიაში. 2002წ. – ხელდასხმა მღვდლად ქართული მრევლის თხოვნით პარიზის სერბულ ტაძარში.

2.კითხვა: რამ შთაგაგონათ, გამხდარიყავით საეკლესიო პირი? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ახლოს იცნობდით მერაბს და ზვიადს. გთხოვთ, გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი.

პასუხი: წმ. იოანე ოქროპირი თავის წერილებში „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ”, საუბრობს რა სასულიერო პირობის პასუხისმგებლობასა და სიდიადეზე, დაასკვნის: „ის, რაც მომავალ მღვდელს არ უნდა სურდეს, არის მღვდლობა”. რადგან სასულიერო პირობა ხომ საეკლესიო თანამდებობაა და მისკენ სწრაფვაში მთავრობისმოყვარეობის, დიდების-მოყვარეობისა და სიამაყის ცოდვა იკითხება (იგივეა საერო თანამდებობის მოპოვების მსურველშიც). ამავე დროს ეს უგნურებაცაა, რადგან ღვთისა და ხალხის წინაშე პასუხისგება ხომ თანამდებობრივი საფეხურის პირდაპირპროპორციულია. გავიხსენოთ მზგავს შემოთავაზებაზე წმ. მამის გამონათქვამი: „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”. ათონის წმ. მთაზე ძველი წესი მოქმედებდა – თუ მონასტრის წინამძღვარი რომელიმე ბერს სამღვდელო ხარისხის მიღების სურვილს შეამჩნევდა, მას მთელი ცხოვრება აღარ აკურთხევდა მღვდლად. მოციქულები მაცხოვრის მოწოდებით გახდნენ მოწაფეებიც და მოძღვრებიც. თავისი სურვილით, როგორც საღვთო გადმოცემა მოგვითხრობს, მხოლოდ იუდა ისკარიოტელი აედევნა უფალს (დღეს რომ „მიტმასნილს” ეძახიან) ნივთიერი გამორჩენის მიზნით და როგორც წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამხელს მას, იპარავდა კიდეც შესაწირის ყუთიდან, რომელიც სწორედ მას ჰქონდა მიბარებული. წმ. მამებიც ყოველთვის იკავებდნენ თავს სასულიერო პირობაზე და მათ ძალით აკურთხევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მით უფრო არ უნდა გვდომებოდა ხელდასხმა და უნდა გვშინებოდა ამისი. ამიტომაც მოხდა ჩვენი დიაკვნად კურთხევა სულიერ ძმათა და მოძღვართა, ხოლო ხუცესად – ქართველი მრევლის დაძალებით. ჩვენ მხოლოდ დავით წინასწარმეთყველის უფლისადმი წუხილის გახსენებაღა დაგვრჩენოდა: „ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს სჯული შენი!”. აქ ერთი საღვთო წესი მოქმედებს: თუ განგებას სურს ვინმეს გამორჩევა, მას წინ ვერავინ დაუდგება, ხოლო თუ მხოლოდ კაცთაგან ხარ გამორჩეული, ეს დროებითია და დიდს არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობაში ქმედით ჩართულობას, ჩვენგან ამის თქმა არანაკლები სიამაყის გამოვლენა იქნებოდა, ვიდრე მღვდლობის სურვილი. უბრალოდ, ვცდილობდით, მრავალი სხვასავით ვმდგარიყავით იქ, სადაც საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა მდგარიყო და იდგეს. იმის გახსენება კი ნამდვილად სათუთია, რომ ახლო ნაცნობობა და ამაღლებული ურთიერთობა გქონდა საქართველოს ეროვნულ გმირებთან, დიდ ადამიანებთან –ზვიადთან და მერაბთან (მათ მხოლოდ სახელებით ვახსენებ არა „შინაურობის”, არამედ აღმატებულობის ხარისხით).

3.კითხვა: თქვენი ქადაგებთ, რომ დიდი ხანია, საქართველოში ,,სერგიანული” აზროვნება ბატონობს და ხელისუფლებისადმი იგივე დამოკიდებულებაა, რაც „ათეიზმის“ დროს იყო. გთხოვთ უფრო ვრცლად აგვიხსანათ, თუ რას ნიშნავს ზემოთხსენებული აზროვნება?

პასუხი: „სერგიანობა” არის იმ აზროვნების, სულისკვეთების აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც ეკლესიის უახლეს ისტორიაში დამკვიდრდა: მას შემდეგ, რაც ,,ბოლშევიკებმა” რუსეთში მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და ღვთის ერთგულ მსახურთა და მორწმუნეთა დევნა და ხვრეტა დაიწყეს, საპატრიარქო ტახტის კანონიერ მემკვიდრეთა სიცოცხლეშივე, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკანონოდ გააპირველ-იერარქეს ერთერთი მიტროპოლიტი – სერგი სტრაგოროდსკი, რომელმაც 1927წს გამოსცა არსებული რეჟიმისადმი მორჩილების გამომხატველი განცხადება („დეკლარაცია”), სადაც ამბობს, რომ მათ ქვეყანაში სარწმუნოების არავითარი დევნა არ მიმდინარეობს, „საბჭოთა სამშობლოს წარმატებები ეკლესიის წარმატებებია და მისი მარცხი – ეკლესიის მარცხი”. ამის სანაცვლოდ, მოგვიანებით, 1943 წს ღვთისმტერმა სტალინმა ის უკვე ,,გააპატრიარქა” სრულიად რუსეთის საეკლესიო კრების მოწვევის გარეშე, რომელზეც გადამწყვეტი სიტყვა იატაკქვეშეთში გადასულ („კატაკომბურ”) და ემიგრაციაში გასულ სამღვდელოებას ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელნი კი –კატაკომბური და ემიგრაციული ეკლესიები, რომელთაც ღვთისა და მართლმადიდებლობის ერთგული კეთილმსახურება დღემდე შეინარჩუნეს, წინააღმდეგნი და მამხილებელნი იყვნენ სერგის მიმართულებისა, რომელიც მაცხოვრის სიტყვათა საწინაარმდეგოდ ქადაგებს კეისრისადმი მიცემას არამარტო კეისრის, არამედ ღვთისაც. „სერგიანობა” საზოგადო მნიშვნელობით არის ღვთისმსახურთა სატა-ნისმსახური ხელისუფლებისადმი მორჩილება.

4.კითხვა: როგორ შეაფასებდით ქართველი ერის დღევანდელ მდგომარობას? რა პოზიცია უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას ქართველი ერის ზნეობრივი გადარჩენის საქმეში?

პასუხი: მხოლოდ სულიერად ბრმა ვერ ხედავს, რომ მიმდინარეობს ქართველი ერის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, ზნეობრივი და ნივთიერი გადაგვარება, გამათხოვრება, ეროვნული სიმდიდრის მითვისებაგასხვისება, „მსოფლიოს ახალი წესრიგის” ძალადობრივი დამკვიდრება და ა. შ. და ამ ყველაფერს უცხო სახელმწიფოთა მიერ დასმული „მთავრობა” ხელმძღვანელობს ხელისუფლებაში ყოფნისა და გამდიდრების სანაცვლოდ. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ეროვნულობის („ნაციონალურ”) და დემოკრატიის საბურველშია გახვეული. წინა ნეოკომუნისტურმა ხელისუფლებამ შვა ნეოკომკავშირული ხელისუფლება, რომელთა მამამთავარმა ედუარდ-გიორგიმ (ესეც გაუგებარია, რატომ შეუცვალეს მას სახელი, ბერად ხომ არ აღკვეცილა?! ედუარდიც არის წმიდანის სახელი, კერძოდ, ინგლისის მართლმადიდებელი ხელისუფლისა) „მოქალაქეთა კავშირის” დაარსებისას პირდაპირ განაცხადა: „დღეს იქმნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დიდხანს იქნება!”. დღეს გვახსენდება ერთი წიგნი, რომელსაც სკოლაში „კომკავშირული აქტივი” გვაკითხებდა: „თემური და მისი რაზმი”…

დამისახელეთ საზოგადოებრივად და ზნეობრივად მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რაზეც საქ. საპატრიარქომ ან რომელიმე იერარქმა ხმა ამოიღო და ხელისუფლება ან ამხილა ან შეაგონა. პირიქით, მას ყველაფერში გვერდით უდგანან და მის საქმეებს აკურთხევენ. ასე იყო ეს „ათეისტური” და წინა ხელისუფლების დროსაც, ასეა დღესაც.

5.კითხვა: უღირსი მღვდლის თემა მეტად მტკივნეულია და დამაფიქრებელი. საქართველოში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ მღვდლის მხილება ერისკაცს არ შეუძლიაო და ამით უფალს ვეწინააღმდეგებითო. გვაქვს თუ არა უფლება, მართლმადიდებელ ქრისტიანებს მათი მხილების; რატომ?

პასუხი: ქრისტიანს უღირსი მღვდლის მხილების მარტო უფლება კი არა, მოვალეობაცა აქვს „სახარებისა” და „სჯულისკანონის” მიხედვით. ეს ჩემისთანა უღირსი მღვდლები ქადაგებენ, მღვდლის მხილება ერისკაცს არ შეუძლიაო. ამის თქმა იგივეა, ავადმყოფს უფლება არ ჰქონდეს უღირსი, ცრუექიმის (მოძღვარი ხომ სულიერი ექიმია) გამოაშკარავებისა. პირიქით, ამ დროს თვალის დახუჭვა ცოდვაა, რადგან საფრთხეს სხვებს არ არიდებ. წინასწარმეტყველი ეზეკიელი გვაფრთხილებს: თუ შენ იხილო მახვილი მომავალი და არ აუწყო შენს ძმას, „სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო!”. ხშირად, მხილებას განკითხვაში ურევენ, მაგრამ ეს უკანასკნელი ცოდვაა, ხოლო პირველი – სათნოება. სხვა საკითხია, რომ ვინმეს და მით უფრო, სასულიერო პირის მხილება სიყვარულით, თავმდაბლობითა და სჯულის ცოდნით უნდა აღესრულოს.

6.კითხვა: ერთია კიდევ, როგორც კი გულშემატკივრობით სიტყვას იტყვი და რაღაც პრობლემებს წამოსწევ წინ, რაც დღეს ეკლესიაში არსებობს, მაშინვე მტრული ძალები დროს იხელთებენ ხოლმე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ახალახალ შეტევებს განახორციელებენ ხოლმე.

პასუხი: ეკლესიის წინააღმდეგ ყველაზე დიდი შეტევა სწორედ მის წიაღში არსებული სიძნელეებისა და სატკივრების უგულებელ-ყოფაა, რაზეც წმ. გრიგოლ ნაზიანზელი გვეუბნება: „დუმილით ღმერთი გაიცემა”. პირიქით, როცა ეკლესიისვე წევრები სიმართლეს ამბობენ და სხვებს ასწრებენ ჭრილობების წარმოჩენას, ამით სწორედ „მტრულ ძალებს” უბლაგვებენ მახვილებს. იმის ფიქრი, რომ ეკლესიის სიწმიდის დაცვით მისი მტრები არ გავაძლიეროთო, იგივეა, მგლის შიშით ცხვარი გაწყვიტო.

7.კითხვა: ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის შავბნელ პერიოდში თამამად ამხელდა და მიუთითებდა საქართველოს ეკლესიაში არსებულ მანკიერ მხარეებზე. თქვენც, მის დარად, გულისტკივილით წერთ საქართველოს ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე. მაინც რა არის ეს დარღვევები; რითაა გამოწვეული ყოველივე ეს; შესაძლებელია ამის შესახებ ლაპარაკი; და თუ არა, მაშინ როგორ შეიძლება მათი გამოსწორება?

პასუხი: სანამ ეკლესიის შესახებ ვიტყოდეთ, მანამდე ერზე ვთქვათ, რადგან ,,რაც ერი, ის –ბერი”. ჩვენი ხალხი ხომ ჯერ კიდევ გუშინ ღმერთს ებრძოდა: ტაძრებს ანგრევდა, „ბიბლიას” თქმულებებად ასაღებდა, სამღვდელოებას დასცინოდა, თანამედროვე კერპეპს (მარქსენგელსლენინსტალინი) ემსახურებოდა. კერპთაყვანისმცემელი ხალხის ცნობიერების შეცვლა კი შეუძლებელია დიდი სინანულისა და ღვთის სიყვარულის გარეშე, რაც დღეს ძალზე ცოტას გააჩნია. ამ წიაღიდან მოდის, ძირითადად, მომავალი სამღვდელოც ეკლესიაში. თქვენ რომ კითხვა ასე დაგესვათ, „რა დარღვევები არ ხდება ეკლესიაში?”, პასუხის გაცემაც უფრო გაგვიადვილდებოდა…

ჩვენ ხშირად ერის ადამიანები შემოგვჩივიან ხოლმე, თუ რატომ ხდება ესა თუ ის დარღვევა: მოძღვრები ბოლომდე სიმართლეს არ ქადაგებენ; ზოგიერთი უზნეო ცხოვრების წესსაც კი ეწევა ﴾მამათმავლობა, მრუშობა, ნარკომანობა, თამბაქოსა და სხვა მსგავსის მოწევა﴿; ზოგ ტაძარში ნებაყოფილობითი შესაწირავის მაგივრად ტარიფების (და თანაც, მაღალი) დაწესება ანუ უფლის სახელით ვაჭრობა, უწიგნურობა, ფანატიზმი, პაპიზმი (პატრიარქის გაკერპება) და ა. შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა და ეკლესია ასეთებისგან უნდა განიწმინდოს, მაგრამ ჩვენი ხალხის, თუნდაც მრევლის, უმეტესობა ხორციელი თვალით უფრო მეტს ამჩნევს, ვიდრე სულიერით. არადა, უფრო საგანგაშოა ის, რომ სარწმუნოების სიწმიდის დაცვა არ ხდება ისე, როგორც ეს მართლმადიდებლობას შეჰფერის ანუ როგორც ამას მსოფლიო ეკლესიის ყველა წმიდა მამა გვასწავლის. წარსულს რომ თავი დავანებოთ, მაღალიერარქი რომ რაბინებთან ერთად ილოცებს და არაქრისტეანებს სინაგოგის აშენების იუბილეს მიულოცავს, ეს უკვე არის არა უბრალოდ ეკუმენიზმი ან თუ გნებავთ, უფრო საშინელება – პანეკუმენიზმი, არამედ საერთოდ, ქრისტეს გამცემლობა და ამ დროს რა ეკლესიურობაზე და რომელ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი?!

8.კითხვა: საქართველოს ეკლესია 1962 წლიდან მსოფლიო ეკუმნური საბჭოს ﴾წწჩ﴿ ერთერთი აქტიური წევრი იყო. 1997 წლიდან იგი გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან. რა საფრთხეს უქმნიდა იქ ყოფნა საქართველოს ეკლესიას და რა შეიცვალა მისი ეკუმენური საბჭოდან გამოსვლის შემდეგ?

პასუხი: საქმე ე. წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” შესვლაგამოსვლით კი არ წყდება, არამედ იმით, რა არის პირველის ან მეორის მიზანი. შესვლის მიზანი თუ იქ ჭეშმარიტი აღმსარებლობის – მართლმადიდებლობის დამოწმება და მწვალებელთა ﴾„ერეტიკოსთა”﴿ მოქცევაა ﴾რაც ასე არ ყოფილა﴿, მაშინ არათუ საჭირო, აუცილებელიცაა; ხოლო იძულებით გამოსვლას აზრი არა აქვს, თუ ისევ გრძელდება ﴾უკვე ფარულად﴿ არამართლმადიდებლებთან თანალოცვა, რაც არის ე. წ. ეკუმენიზმის, ამ ერესთა ერესის ანუ ანტიქრისტეს რელიგიის ქადაგება საქმით, რაც უფრო მჭრელია და სახიფათო, ვიდრე ამის მხოლოდ სიტყვით ქადაგება.

9.კითხვა: მრავალგვარი სექტები თუ არატრადიციული რელიგიის მიმდევრები ელვის სისწრაფით მრავლდებიან საქართველოში. მათი კარგი დაფინანსების გამო გაჭირვებული ხალხი ადვილად ებმება ხაფანგში. დღესდღეობით ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ამაზე რას იტყოდით?

პასუხი: სექტების წარმოშობასა და გავრცელებას, საერთოდ, სარწმუნოებრივი უმეცრება და ამპარტავნება იწვევს; ჩვენს სალხს კი, სამწუხაროდ, არც ერთი აკლია და არც მეორე. მით უფრო, ამას უკიდურესი სიდუხჭირეც თუ ემატება. არის კიდევ სხვა მიზეზი: როცა რწმენის მაძიებელი სექტების წარმომადგენლებთან ხშირად უფრო მეტ პატიოსნებასა და გულმოდგინებას ხედავს, ვიდრე ჩვენისთანა უღირს მღვდელმსახურში, მას განსჯის უნარი არ ჰყოფნის და იმის მაგივრად, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ანუ დედას უმკურნალოს, „დედინაცვალთან” გარბის… საქართველოში სექტანტობას მნიშვნელოვნად შეასუსტებს ახალი „რუისურბნისის” კრების განმართვა ანუ ეკლესიის განწმენდა.

10.კითხვა: მამაო გიორგი, გთხოვთ ჩვენი გაზეთის მკითხველს აუხსნათ, რას ნიშნავს „პროზელატიზმი“. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კათოლიკებთან, ბაპტისტებთან, მონოფიზიტებთან, მაჰმადიანებთან და იუდეველებთან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც არცერთ მათგანს არა აქვს უფლება, პროზელიტიზმი გასწიოს.

პასუხი: ამ შემთხვევაში სიტყვით თამაში მოხდა: „პროზელიტიზმი” ბიბლიურადაც და ლექსიკონურადაც ნიშნავს არასწორი სარწმუნოებიდან ანუ როგორც წმ. მამები იტყოდნენ, ბოროტმადიდებლობიდან მართლმადიდებლობაში ვინმეს მოქცევას სიყვარულითა და თავმდაბლობით ქადაგების, განმარტების, სულიერლოღიკური დარწმუნების გზით ანუ გონებრივზნეობრივი „იძულებით”. საქ. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კი ტელევიზიითაც და ჩვენთან სატელეფონო საუბარშიც განაცხადეს, რომ ასეთ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს იმიტომ, რომ სიტყვა „პროზელიტიზმი” დასავლეთში ნიშნავს რელიგიური ნიშნით ძალადობას და ამიტომ არ უყვართო… მაგრამ აქ ეს სიტყვა არ უყვართ არა ამის გამო, არამედ აქაური ეკუმენისტნიჰილისტებისათვის პროზელიტობა, როგორც ასეთი, დაუშვებელია, რადგან ვისთვისაც ჭეშმარიტება ღირებულებას არ წარმოადგენს, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ვინმემ აღმსარებლობა ან რატომ უნდა იყოს, საერთოდაც, აღმსარებელი?

მაშასადამე, ასეთი ხელშეკრულებებით უკეთეს შემთხვევაში უმეცრების, ხოლო უარეს შემთხვევაში –მკრეხელობის უნებური დაკანონება მოხდა.

11.კითხვა: საქართველოს პოლიტიკურმა ემიგრაციამ მკაცრი შეფასება მისცა გლდანის ეკლესიის და მისი მრევლის დარბევის ბარბაროსეულ ფაქტს. მართლმადიდებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი და მორჩილი პეტრე ივანიძე დღემდე ციხეში იმყოფებიან. როგორ აფასებთ მამა ბასილის მოღვაწეობას; რა არის ის შეცდომები, რასაც საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევთ და დიდი გულშემატკივრობით, საქართველოს ეკლესიას და მის წინამძღოლს მათი გამოსწორებისაკენ მოუწოდებდით?

პასუხი: სანამ ხალხის სულიერსარწმუნოებრივი შეგნება არ ამაღლდება, მხოლოდ ეკლესია ყველაფერს ვერ გამოასწორებს; თუმცა, ის ამას მაინც ყველა შემთხვევაში უნდა ეცადოს. თუ ისევ შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, სარწმუნოებრივ საკითხებში შეცდომა იყო გლდანის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრის ბასილ მკალავიშვილის დასჯა, ხოლო ამავე დროს მეორე მღვდლის, სხვა ბასილის, კობახიძის, აღზევება. ეს ორი ბასილი ჩვენი განსაკუთრებული ტკივილია. ისე არავინ გაიგოს, გლდანის მრევლის მოღვაწეობის ძალადობრივ ხერხებს ვეთანხმებოდეთ და ვიწონებდეთ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ თავიდან ეს მრევლი ასეთ შეცდომებს არ უშვებდა. ისეთი რწმენა, სიმართლისმოყვარეობა, უბრალოება, შემართება, უშიშობა და მამულიშვილობა, რაც მან და მისმა წინამძღვარმა გამოიჩინა, არათუ დასასჯელი, წასახალისებელი იყო და საქმე აქამდე აღარ მივიდოდა. ხოლო მეორე ბასილის შემთხვევაში პირიქით, უკუღმა მოხდა: ჯერ ისეთი სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობის კაცის კურთხევა მღვდლად საერთოდ არ შეიძლებოდა; ახლა კი მას, მიუხედავად იმისა, რომ არათუ საქ. ეკლესიის, არამედ საერთოდ, მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეა, „რაღაცატომ” მღვდლობიდან არ კვეთენ…

საერთოდ, რა ხელშეკრულებებიც არ უნდა დადოს ეკლესიამ, ყველაფერი მაინც მისი და ხელისუფლების კეთილ ნაბაზეა დამოკიდებული, რადგან თვით საბჭოთა კავშირშიც კი კანონით აღიარებული იყო „სინდისის თავისუფლება”, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, როგორი „თავისუფალიც” იყო მაშინ ადამიანი. თანაც, ეს „კონკორდატი” შეიცავს რამდენიმე მიუღებელ დებულებას და ეყრდნობა ლენინის 1918 წლის 2 თებერვლის მასონურ დადგენილებას: „ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და სკოლა – ეკლესიისაგან”. როგორც წმ. მამა იტყოდა, მართლმადიდებლებს ეუბნებიან: „დადუმდით! სხვას არაფერს ვითხოვთ თქვენგან. მხოლოდ გაჩუმდით და ჩვენც გავჩუმდებით, არაფერს ვიტყვით თქვენს წინააღმდეგ”. ძნელი სათქმელია, რა სიკეთეს მოუტანს ეს შეთანხმება ეკლესიას არსებული რეჟიმის პირობებში.

ერთხელ მსგავსი კითხვით მიმართეს ერთერთი ტაძრის წინამძღვარს და როცა მისი პასუხი წავიკითხე, გავოცდი, ისე ამართლებდა ნებისმიერი ფულით ტაძრების შენებას. ჟურნალისტი კვლავ ჩაეკითხა, ეს როგორო, მამაო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პასუხი. ქვეყანამ ჯერ ის ძველი სიწმიდეები უნდა აღადგინოს, რომლებიც თავზე გვენგრევა და ახლები ამის შემდეგ უნდა ააშენოს, მაგრამ არა „შავი” ფულით: „თუ ჩვენ ერთი და იმავე ხელით ერთს ვძარცვავთ, ხოლო მეორეს ვმოსავთ, სასჯელს ვერ ავცდებით… სჯობს, საერთოდ არ გაიღო მოწყალება, ვიდრე ასეთი” – ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელსაც ეკლესია მსოფლიოს დიდ მოძღვარსა და მღვდელმთავარს უწოდებს.

12.კითხვა: თქვენ სიტყვებია: „ვინც ცდილობს, რომ ილია მეორეს ადრინდელი ეკუმენური მოღვაწეობა გაამართლოს, ამბობს, რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი მოინანია”. ამაზე დღეს რას იტყოდით?

პასუხი: საოცარი ისაა, რომ ამას დღეს იგივე ხალხიც ამბობს, ვინც იმ დროს, როცა ჩვენ ეკუმენიზმის ერესს ვეწინააღმდეგებოდით, ამბობდა, პატრიარქს არაფერი აქვს მოსანანიებელიო და ჩვენ კი მის მტრებად გვნათლავდა. გავიმეორებთ: მას არსად და არასდროს უთქვამს, რომ ეკუმენიზმი ცოდვაა. ხოლო რასაც ცოდვად არ თვლი, იმას არც და ვერც მოინანიებ ﴾უფრო ზედმიწევნით მკითხველს შეუძლია იხილოს თქვენს მიერ ნახსენებ ჩვენს წერილში: ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივსაზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან” „გარდაქმნამდე”, გამოც.„სა. ქ. მ. ე.”, N1, პარიზი, 2004წ. ვებგვერდი: http://www.saqme.fr ﴿.

რატომ იწყებს ეკლესია ახალ წელიწადს შემოდგომის დასაწყისიდან? –იმიტომ, რომ „წელსა შინა პირველსა დღესა სეკტემბრისა თვისასა, მეუფე ჩუენი ქრისტე შევიდა ტაძარსა ურიათასა და იკითხვიდა წიგნსა ისაია წინასწარმეტყველისასა, სადა იგი წერილარს ესრეთ, ვითარმედ „წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (…). ამისთვის დღესასწაულობს ეკლესია პირველსა მას დღესა ინდიკტიონისასა, რამეთუ ამას დღესა შინა შევიდა ქრისტე ეკლესიასა და გამოუჩნდა მუნ მყოფთა“ („ჟამნი”, 1. 09). ლიტურგიკულად დღეღამის დასაწყისიც საღამოდან ანუ მწუხრიდან იწყება, სადღეღამისო ბრუნვის („ციკლი“) მწუხრი კი წლიური ბრუნვის შემოდგომას შეესაბამება ﴾როგორც შუაღამე – ზამთარს, განთიადი ანუ ცისკარი – გაზაფხულს და შუადღე – ზაფხულს﴿. მაგ., შაბათ საღამოს „კვირაძალიც“ ეწოდება ანუ უკვე კვირადღე ძალაში შედის, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანუ ერთშაბათი ძალაშია მწუხრამდე, საიდანაც ორშაბათი იწყება და ა. შ. (ამიტომ ეკლესიაში შაბათის „მწუხრზე“ საკვირაო ლოცვების კითხვა-გალობა მიმდინარეობს).

13.კითხვა: საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის ეპოქაში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი უხეშად ერეოდა ეკლესიის საქმეებში და უფრო მეტიც, ეკლესიის შიგნით საიდუმლო სამსახურები თავიანთ აგენტებს აწინაურებდენენ. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა. როგორია თქვენი აზრი ამაზე? შეგიძლიათ, მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები.

პასუხი: როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, „სერგიანობა“, რომელიც 1927წდან რუსეთის შემდეგ საქართველოში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრდა, აკანონებს სასულიერო პირთა უღმერთოხელისუფლებასთან ნებაყოფლობით „თანამშრომლობას“, რაც ხელფეხს უხსნის სახელმწიფოს, არათუ მღვდელთა შორის შეაგზავნოს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები, არამედ საერთოდ, მართოს კიდეც ისინი. ამიტომაც ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას „სერგიანობაზე“, როგორც დამღუპველ ერესზე, რომელიც ეკლესიას ართმევს მთავარს – სულიერ თავისუფლებას, რაც თავის მხრივ არის უცილობელი პირობა ადამიანის სულის ცხონებისა ანუ მარადიულ სამყოფელში უფალთან, წმ. ანგელოზებთან და წმიდანებთან დამკვიდრებისა.

გვახსოვს, სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში, როცა ღვთისმსახურისგან დაისვა შეკითხვა, მართალია თუ არა გამოქვეყნებული საანკეტო მონაცემები (ხაზგასმა ჩვენია – მღვდ. გ. ს.), რომლებიც ზოგიერთი მღვდელმსახურის, „აგენტობაზე“ გადაბირებას ასახავს, ერთერთი მათგანი წამოდგა და სინანულით კი არა, სიამაყით განაცხადა, „დიახაც, ვიყავი უშიშროების აგენტი!“. ამას მეორე დღეს გამოეხმაურა კათალიკოსპატრიარქი, რომელმაც კრებაზევე სიტყვასიტყვით ბრძანა (აი, ეს ხმოვანი ჩანაწერიც):

„მე მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ, მსჯელობის დროს, კამა… კამათ… კი არა, მსჯელობის დროს ითქვა, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის… თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ „ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე“.

გაუგებარია, რატომ გადავიდა საუბარი პირად საქმეზე, როცა კითხვა შეეხებოდა უშიშროებასთან თანამშრომლობას? ეს ხომ ორი სხვადასხვა რამაა: პირადი საქმე ყველა სახელმწიფოში ყველა მოქალაქეზეა შედგენილი, ხოლო გამოქვეყნებული საანკეტო მონაცემები („სამრეკლო“, 916.09. 1995; „soviet analist“, X, 95) ყველა მღვდელმსახურზე როდი იყო შედგენილი.

იქნებ, ახლანდელმა ხელისუფლებამ მაინც „მიაქციოს ყურადღება“ მამამთავრის სურვილს და ახლახანს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული ლუსტრაციის კანონი საერო მოხელეებთან ერთად სასულიერო პრებზეც გაავრცელოს?!. დიახ, რახანთვითონ არ მიდიან, ჩვენ უნდა გავუშვათ. კერძო მაგალითებს კი, უკაცრავად და ჯერ ვერ დავასახელებთ, წმ. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ ,,დროზე ადრე განკითხვაში“ რომ არ ჩავვარდეთ. ხოლო ზემოხსენებული თვითმაღიარებლი იყო (და არის) თბილისის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის მოძღვარი ელგუჯა ლოსაბერიძე (რომლის ხსენებულ კრებაზე გამოსვლის ხმოვანი ჩანაწერიც გაგვაჩნია).

14.კითხვა: როგორ შეაფასებდით ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობას „გარდაქმნიდან გარდაქმნამდე”? თქვენი ეს შეკითხვა, ალბათ, გამომდინარეობს ჩვენი ზემოთდასახელებული წერილის სათაურიდან, სადაც პირველ „გარდაქმნაში” ვგულისხმობდით გველის მიერ პერანგის გამოცვლას 1985 წლიდან, ხოლო მეორეში – 2003 წლიდან, რომელიც თან გვაგონებს მასონური ორდენის – „როზენ-კრეიცერთა” (ვარდიჯვრის) „რევოლუციას”: (ვარდი ხელში დააჭერინეს, ჯვარი დროშაზე დაახატვინეს). უარეს შემთხვევაში – უარყოფითად, ხოლო უკეთეს შემთხვევაში –არადამაკმაყოფილებლად.

პასუხი: როცა სულიერება მაღლდება, მაშინ სახელმწიფოებრივი შეგნებაც უმჯობესდება; ამათზეა დამოკიდებული ზნეობრივი და ნივთიერი კეთილდღეობაც. მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ერიც და მსოფლიოც დღეს ნეოწარმართულ ხანაში იმყოფება, საიდანაც გამოსვლას ღვთისმოშიშება და დიდი სინანული სჭირდება, რასაც მხოლოდ ერთეულები შეძლებენ.

აპოკალიპსი ძალაში შედის.

15.კითხვა: როგორი იმედით უყურებთ საქართველოს მომავალს; რას უსურვებთ ქართველ ერს; რა გადაგვარჩენს?

პასუხი: გავიხსენოთ, როდის ხდებოდა ამა თუ იმ ერის გადარჩენა, აღორძინება და გაბრწყინება. ამის მაგალითად გამოგვადგებოდა წმ. კეთილმსახური მეფის – დავით IVაღმაშენებლის ხელშეწყობით ქართლში, რუისსა და ურბნისში გამართული საეკლესიო კრება (1105წ.), როცა საქ. ეკლესია, რომელიც იმხანად, ამავე კრების შეფასებით რომ ვთქვათ, „ქვაბ ავაზაკთა“ ქცეულიყო, უწმინდური შენარევისგან განიწმიდა ﴾მსგავსი რამ მოიმოქმედეს თავის დროზე მეფეებმა – წმ. თამარმა და გიორგი ბრწყინვალემ﴿, რასაც დაემატა წმ. გიორგი მთაწმიდლის მიერ საქართველოდან წაყვანილი და საბერძნეთში აღზრდილი 80 ბავშვის, ბოლოს ისევ სამშობლოში მღვდლებად დაბრუნებულთა და მათ სულიერ შთამომავალთა კეთილმოღვაწეობა, რის შედეგადაც მივიღეთ „ოქროს ხანა“. აი, რა იყო ამ კრების პირველივე დადგინება: „პირველ რიგში, განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველმწყემსმთავრის – ქრისტესი, რადგან სიწმიდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. ღვთის ახლოს მყოფი ცეცხლის ახლოს მყოფია და აუცილებელია, რომ სუფთა ოქრო იყოს.

ასეთნი არ შეგვიკრავს, არც შეგვიჩვენებია, ღმერთმა ნუ ქნას! არამედ უბრალო ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება მივეცით, თუ ამიერიდან სიწმიდეს შეინახავენ. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები, ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი, რომლებმაც კათილად გამოაწრთეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს“. და მით უფრო დღეს, როცა ბოლო ასწლეულში, რომელსაც ატომისა და კოსმოსის საუკუნესთან ერთად ცოდვის საუკუნეც შეიძლება ეწოდოს, უღმერთო ხელისუფლებათა მმართველობის შედეგად საზოგადოება და შესაბამისად, სამღვდელო დასი ﴾„რაც ერი, ის – ბერი“﴿ სულიერადაც და ხორციელადაც თვალსაჩინოდ შეიმწიკვლა, საერთოდ, მსოფლიო ეკლესიას და ქართულსაც სჭირდება ორგზისი „რუისურბნისი“.

ეკლესიის განწმედის შედეგად, მისცემს რა კეთილ მაგალითს ხალხს, ეს უკანასკნელიც გამოსწორდება და აქედან გამომდინარე – გადარჩება, რადგან ღმერთი წმიდანების, მართლების ლოცვას ისმენს („მტყუანს ლოცვაც ცოდვად ჩაეთვლება“ – ფსალმ.) და ასევე, ეკლესია ისტორიულად თავისი სიწმიდითა და ღირსებით აქცევდა ხალხს სარწმუნოებაში, რადგან ერის ძირითადი ნაწილი, უბრალო ხალხი, ღვთის სიღრმეებს გონებით ვერ წვდება; მას სასულიერო პირთა პირადი ზნეობრივი მაგალითი ანუ საქმითი ქადაგება აღძრავს და აღაფრთოვანებ ღვთისაკენ და ეკლესიისადმი ნდობა უჩნდება; შედეგად კი შემოქმედის სამსახურში დგება.

ვისაც სურს, საკუთარ სულსაც უშველოს და ერსაც, უნდა შეწყვიტოს ცოდვები და განიწმიდოს. ასეთ ადამიანსა და ხალხს ყველაფერი კეთილად წარემართება.

ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.

16.კითხვა: და ბოლოს, თქვენი დღევანდელი საქმიანობის და მომავლის შესახებ. რამ გაიძულათ საქართველო დაგეტოვებინათ? ძნელია, ალბათ, უცხოობაში ყოფნა და ცხოვრება.

პასუხი: ჩვენ აქ ვართ ქართულ მრევლთან ერთად, რომელიც თავისი სულიერებით, ადამიანობითა და ყველაფრით ბევრად აღემატება თავის მოძღვარს. ვცდილობთ, აღვზარდოთ, განვსწავლოთ და მოვამზადოთ ახალგაზრდები ჭეშმარიტ მორწმუნეებად, მამულიშვილებად, მომავალ ღირსეულ მღვდლებად და მღვდელმთავრებად, რომელთა გვერდით ადგილი აღარ ექნება ჩვენისთანას. მანამდე კი ერთად ვმუშაობთ საღვთისმეტყველო ნაშრომთა თარგმანებსა და გამოცემა „სა.ქ.მ.ე”ს მორიგ გამოშვებებზე. რაც შეეხება მომავალს, ის ყოველთვის ღვთის ხელშია და მას კაცი ბოლომდე ვერასდროს გამოთვლის. უცხოობაში ყოფნა კი, ალბათ კი არა, მართლაც ძალიან ძნელია. სამშობლოდან შორს გადასახლება, საერთოდ, სასჯელია; დღეს კი თავით თვისით ვისჯით თავს. პირადად ჩვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ სულიერი თავისუფლება შეგვენარჩუნებინა, რაც არ გაიცვლების არც კარიერაში და არც ნივთიერ კეთილდღეობაში (ეს „სალი კლდეების უკვდავების ხეზე” და „ჩემი სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე” გაცვლაში არავის აერიოს﴿.

დიდი მადლობა გულახდილი და საინტერესო საუბრისათვის. იმედია, რომ თქვენი ინტერვიუ საინტერესო იქნება ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ; დაგლოცოთ გამჩენმაშემოქმედმა!

მღვდელი გიორგი სხილაძე (ინტერვიუ)

ინტერვიუ მღვდელ გიორგი სხილაძესთან — ემიგრაციული ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი პარიზის ქართული სამრევლოს წინამძღვართან (მართლმადიდებლობისათვის დევნილ, დიდი ავტორიტეტის მქონე მიტროპოლიტ (აწ განსვენებულ) ვიტალის ომოფორის ქვეშ მღვდელმსახურად კურთხეული)

კითხვა: ძვირფასო მამა გიორგი, პირველ რიგში აგვიხსენით, რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტული „უწმიდესი და უნეტარესი“, ეკლესიის წესდებით რისი აღმნიშვნელია იგი და როგორ თვლით, პატრიარქი, რომელიც თავისი სიტყვით და საქმით ყოველ ნაბიჯზე არღვევს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებებს, შეიძლება თუ არა, რომ იწოდებოდეს ამ ტიტულით და სცოდავს თუ არა ადამიანი, ერისკაცი იქნება ის თუ სასულიერო პირი, ვინც ასეთ პატრიარქს ამ სასულიერო ტიტულით — „უწმიდესად და უნეტარესად“ მოიხსენიებს?

პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ქრისტეს ადრინდელ მორწმუნეს „წმინდანს“ უძახდნენ (მოგვიანებით მას ანტიოქიაში ეწოდა ,,ქრისტეანი“ ანუ ქრისტეს მიმდევარი. ეს უწყება შემონახულია ,,ახალი აღთქმის“ მეხუთე წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთა“, 11: 26), ხოლო მაცხოვარი თავის პირველივე ქადაგებაში, რომელიც მთაზე წარმოთქვა, ცხრამხრივ ასახელებს, თუ როგორი ადამიანია ნეტარი. წმინდანთა და ნეტართა შორის ცოდნით, სიწმინდითა და ცხრავე ნეტარების საქმეში გამოვლინებით გამორჩეულს აკურთხევდნენ სასულიერო პირად და სასულიერო პირთა შორის უაღრესად გამობრწყინვებულს სახელდებდნენ უწმინდესად და უნეტარესად. სწორედ, ასეთს ირჩევდნენ ეკლესიის მეთაურად და ეს წოდებაც აქედან მოდის. რა თქმა უნდა, ამ ტიტულის მატარებელმა ყველანაირად უნდა გაამართლოს ეს, მართლაც, უწმიდესი ზედწოდება და ამისდა მიხედვით, არავის, თვით ურწმუნოსაც კი, არ უნდა გაუძნელდეს მასზე ამის წარმოთქმა. ჩვენში „მუშაობს“ ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა: რამდენადაც, საქართველოს წარსულში (კომუნისტურ ხანამდე) თითქმის ვერ ვიპოვნით უღირს კათალიკოსს ან პატრიარქს, ქართველს ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლისადმი, საერთოდ, როგორც ასეთის — ამ ინსტიტუტის, საკათალიკოსო ტახტისადმი, გასაგები მიზეზების გამო, ერთობ მოწიწებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა და თუ ვინმე კარგად არ იცნობს ან რჯულს, ან რომელიმე უღირსი პირველიერარქის მოღვაწეობას, ეს განწყობა ვრცელდება ამ უკანასკნელზეც. დღევანდელი ადამიანი, პირველ რიგში, იმით სცოდავს, იმას რომ არ იკვლევს, რა არის ნამდვილი სიწმინდე და ნეტარება. ხოლო ვინც ამაში კარგად გაერკვევა, თვითონვე მიხვდება, ვინ როგორ უნდა მოიხსენიოს. შეგვიძლია, საზოგადოდ შევნიშნოთ: ვერც უწმინდური ერი იგუებს უწმინდეს მამამთავარს და ვერც წმინდა — უწმინდურს.

კითხვა: ჩვენ, ერის ხალხი, მრევლი, სახარების კითხვისას, წმიდა მამათა წიგნებისა და საეკლესიო კანონების გაცნობისას, რასაც ვიგებთ და ვსწავლობთ, სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ დღევანდელ ეკლესიაში ნებისმიერი იერარქიის საფეხურზე მყოფ სასულიერო პირთა ქადაგებებიდან და ქმედებებიდან.

განგვიმარტეთ, თუ შეიძლება: თუკი ღმერთი ერთი არსებობს და მისი ჭეშმარიტებაც ერთია ამქვეყნად, რომელი სხვა „ღმერთების“ რელიგიათა ლიდერების სიყვარულს, ტოლერანტობას, მათთან მეგობრულ და უსიტყვო თანაარსებობას გვასწავლის დღევანდელი ქართული ეპისკოპატი და სინოდი (რომელიც 34 ეპისკოპოსს წარმოადგენს) და რა კანონიკურ შეფასებას მისცემთ კავკასიის მუსლიმთა ლიდერის მიმართ ამ ეპისკოპოსთა საჯარო სიყვარულისა და ძმობის გამოხატულებას; და ასევე, განგვიმარტეთ, წარმოადგენს თუ არა ეს ეკუმენიზმის ერესის საჯარო ქადაგებასა და დამკვიდრებას მართლმადიდებელ ერში სიტყვით თუ საქმით?

პასუხი: სიყვარულიც სწორად უნდა გვესმოდეს და არ უნდა გავაიგივოთ არც ღვთის სიყვარული სამშობლოსა და საკუთარი თავის სიყვარულთან და არც ღვთის მტრების სიყვარული სამშობლოსა და პირადი მტრების სიყვარულთან. ხილულ-უხილავი სამყაროს უფალი ღმერთი — ქრისტე გვეუბნება, რომ „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (და არა ჩემნი) და „აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა“ (და არა ჩემთა)-ო! მის ნურც ამ სიტყვებს დავივიწყებთ: „რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“ (მ., 12: 30). მამულის მტრების შესახებ კი შესანიშნავად გამოთქვა ქართულმა გენმა: „სამშობლოს არვის წავართმევ; ნურც ნურვინ შემეცილება. თორემ, ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება!“. სხვა საკითხია არამართლმორწმუნეს მიჩნევა „მოწყალე სამარიტელად“ ანუ მოყვასად, როცა ის სიკეთეს უანგაროდ გიკეთებს. დიახ, თქვენს მიერ მოტანილი მაგალითები წარმოადგენენ არა მხოლოდ ეკუმენიზმის, არამედ უფრო უარესის — პან-ეკუმენიზმის ერესის ქადაგებასა და დამკვიდრებას, რადგან არაქრისტეანთა მიმართ სიყვარული ნიშნავს სწორედ ნამდვილი ღმერთის რწმენაში მათ მოქცევას და არა მათთან უსიტყვო თანაარსებობასა და „მეგობრობას“. იმ ქვეყნად, მარადიულ სამყოფელში ისინი იქნებიან ჩვენი მოსაყვედურე, მამხილებელი და გამსამართლებელნი, თუკი ჩვენ ამ ქვეყნად მათ არ ვამცნობთ ჭეშმარიტ რჯულს.

კითხვა: ეკლესიის ისტორია არის სარწმუნოებისთვის თავდადებულ მოწამეთა, აღმსარებელთა ისტორია. დღევანდელ იერარქიას რომ ვუსმინოთ, უფალი, მისი წმიდა მოციქულები და წმიდა მამები, როდესაც შეჩვენებას გადასცემდნენ მწვალებლებს, ყველაზე ექსტრემისტები, შეუწყნარებლები ყოფილან, ხოლო ესენი კი უფალზე და მოციქულებზე მეტად ტოლერანტები და შემწყნარენი; და ან რატომ დასდეს წმიდა გიორგიმ და სხვა წმიდანებმა თავი და რატომ ამხელდნენ კერპებს — ეცხოვრათ მშვიდობიანად და მათაც არავინ დასჯიდა სიკვდილით!
გთხოვთ, კომენტარი გაუკეთოთ ილია მეორეს ეპისტოლეს ამ ორ პუნქტს:
1 — „შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, — ესაა ჩვენი არჩევანი. სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო … რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით, ცხენზე ამხედრებულნი, ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა“.
2 — „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს, შეასრულოს ე. წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა. ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება“.

პასუხი: წმ. პავლე მოციქული ღვთის ბრძანებას რომ გამოთქვამს, ვისაც არ უყვარს უფალი იესუ ქრისტე, ანათემა (,,მარანათა“) მასო, ეს სიყვარულის სახელით მოვაჭრეთა (სინამდვილეში — ჭეშმარიტებისა და მოყვასის მოძულეთა) მიერ უსიყვარულობად აღიქმება. მაგრამ ვის სდებენ ამაში ბრალს, წმ. პავლეს, რომელიც უფალს ევედრება, ოღონდ ჩემი ერი ცხონდეს და მე მათ მაგივრად ჯოჯოხეთში შთამაგდეო თუ თავად უფალს, რომელიც არის შემოქმედი სიყვარულისა და თვითონ სიყვარული? ასეთებს სიყვარული კბილების გამოჩენა ანუ მსახიობური ღიმილი ჰგონიათ. ან განა დაუმსახურებელი ქებაა სიყვარულის გამოხატულება? როდესაც ეკლესიის პირველი პირი გარყვნილი ფილმის ,,სიყვარული ვენახში“ გადამღებსა და მისნაირებს მიმართავს, „თქვენა ხართ მნათობნი საქართველოისანი, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო“-ო, ეს სიყვარულია თუ მკრეხელობა?

როცა ქრისტეანი მუსულმანს ხვდება, ნავთობისა და წყლის ბიზნესზე კი არა, სიცოცხლის წყალზე ანუ ცხონებაზე უნდა ესაუბროს. მაგალითისთვის გავიხსენოთ წმ. ილარიონ ქართველის (ახალი) ცხოვრებიდან: ერთ დღეს იგი გამოემშვიდობა თავის სულიერ ძმებს და გაემართა თურქი ფაშას შეგონება-სამხილებლად, რადგან ეს უკანასკნელი ქრისტეანებს სიკვდილით სჯიდა; მისგან თვითონაც იგივეს ელოდა, მაგრამ როცა მღვდელმონაზონმა მისი მხილება დაასრულა, რწმენის სიმტკიცითა და სიტყვიერებით მოხიბლულმა ფაშამ მისი დასაჩუქრება და მონასტერში გაშვება ბრძანა… წმ. ილარიონი თვითონ იყო იმერეთის უპირველესი დიპლომატისა და უკანასკნელი მეფის — სოლომონის სულიერი მოძღვარი და სამეფო დიპლომატიასაც კი ჭეშმარიტებაზე მაღლა არ აყენებდა. მეორე მაგალითი მისი მოღვაწეობიდან: ერთხელ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, სწორედ დიპლომატიური მოსაზრებით, ათონის მთის მონასტრებს დაავალა ინგლისის ელჩის (არამართლმადიდებლის) კვეთის საიდუმლო ლოცვაში (,,პროსკომიდია“) მოხსენიება (ასეთთა მოხსენიება მხოლოდ პირად ლოცვაში შეიძლება). ქართველი მოძღვარი პატრიარქის არასწორ ბრძანებას არ დაემორჩილა და სხვებსაც იგივე მოუწოდა. როცა მასთან მივიდა ერთი ბერძენი მღვდელი და განუცხადა, მე ვასრულებ ჩვენი ეკლესიის მეთაურის კურთხევას და ელჩს ვიხსენებო, წმ. ილარიონმა მას სასჯელად მღვდელმოქმედების შეჩერება დაადო. ის კი, როცა დანარჩენ მღვდელთა ნებართვით მაინც სცადა წირვის აღსრულება, ლოცვის დასაწყისშივე უეცრად მოკვდა… ეს ამბავი შიშის ზარივით მოედო ყველა მონასტერს და ქართველი მღვდელ-მონაზვნის სახელი და გავლენა (ავტორიტეტი) კიდევ უფრო გაიზარდა. ასე ესმოდათ ჩვენს სახელოვან წინაპრებს დიპლომატია, ასე იხვეჭდნენ უფლებებსა და პატივს (რაც სრულიად საპირისპიროა სულხან-საბა ორბელიანის „დიპლომატიისა“).

ჯერ კომუნისტური და შემდეგ, ე. შევარდნაძის ნეო-კომუნისტური ხელისუფლება საპატრიარქოს უყურებდა, როგორც რელიგიის სამინისტროს და პატრიარქს — როგორც რელიგიის მინისტრს და აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკურ დავალებებს აძლევდა. ასეა ეს, სამწუხაროდ, დღევანდელი ნეო-კომკავშირული ხელისუფლების მხრიდანაც.

კითხვა: ასევე, განსაკუთრებულად საინტერესოა, მოვისმინოთ თქვენგან შეფასება საქართველოს მართლმადიდებელ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას საქართველოში გადასვენებასთან დაკავშირებით, რადგან მას ხომ იმ უმაღლესმა სამღვდელო იერარქიამ აუგო წესი და დაასაფლავა, რომელმაც მისი დამხობა და გაძევება დიდი ზეიმით აღნიშნა; მერე მის დამამხობლებს — სამხედრო საბჭოს და ა. შ. გვერდიდან აღარ მოშორებია და ყველა იმ ბოროტ საქმეს, რაც კი საქართველოს წინააღმდეგ მაშინდელმა კრიმინალებმა ჩაიდინეს, ლოცვა-კურთხევით განამტკიცებდა.
გთხოვთ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით თქვენი შეფასება გააცნოთ მართლმადიდებელ ერს, საქართველოში იქნება ეს თუ მის საზღვრებს გარეთ.

პასუხი: სამწუხაროდ, ვეთანხმები ამ შეფასებას, რაც თქვენს მიერ დასმულ კითხვაში უკვე იკითხება.

ბევრ საეროსაც კი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ხელი გარეული აქვს ზვიადის სისხლში, სინდისი ეყო, რომ მის გადმოსვენებაზე არ მისულიყო. ჯერ, საქართველოში მისი ასეთი სახით შემოსვენება რას ჰგავდა? ვითომ, ვიღაც რიგითი მოქალაქე სადღაც ჭყლეტაში შემთხვევით მოყვა და მთავრობამ ოჯახს, შუაღამისას, ქურდივითა და ავაზაკივით შემოუსვენა… სად იყო ის სახელმწიფო პატივი, რომელიც ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვართან მიეგება ხოლმე ხელისუფლებისაგან პრეზიდენტს და თანაც, პირველს? რა, მართლა მოღალატე და ეკლესიის მტერი იყო, როგორც ამას საქ. საპატრიარქო ავრცელებდა? მაშინ, მთაწმინდაზე რატომ დაკრძალეს ან საერთოდ, წესი რატომ აუგეს?

ამ ყველაფრის მნახველს, შეუძლებელი იყო, არ გაგხსენებოდა მაცხოვრის მრისხანე სიტყვები, თვალთმაქც მწიგნობრებსა და ფარისევლებს რომ ეუბნებოდა: ვაი თქვენ, რომ ამკობთ მართალთა საფლავებს!

 იერარქიიდან მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ თუ ფარულად მიიღეს მონაწილეობა, ჯერ საერო კანონების წინაშე უნდა აგონ პასუხი (რაც უმაღლეს დანაშაულად — სამშობლოს ღალატად სახელ-იდება და შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს) და შემდეგ, საეკლესიო სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი ეს და წმინდად სარწმუნოებრივი „მოღვაწეობა“. ეს კი, შესაძლოა, მოხდეს, თუ ქართველი ერი გამოფხიზლდა.

კითხვა: ამ ბოლო დროს გაძლიერდა კათოლიციზმის ერესის ქადაგება შემდეგი, ძალიან დიდი, საცდურით, რომ კათოლიკე მღვდლები ახდენენ დიდ სასწაულებს, კურნავენ მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანებს; რომ კათოლიკურ ხატებს — უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა — ნახატებს სდით მირონი, ცრემლები და ა. შ. ამით ხალხს არწმუნებენ კათოკიციზმის მწვალებლობის ჭეშმარიტებაში. ეს რწმენაში გაუცნობიერებელ მართლმადიდებლებში მართლაც იწვევს გაორებას, მაგრამ არ ჩანან სასულიერო პირები, რომ განუმარტონ ადამიანებს, თუ რა დამღუპეველ, „სიმონ მოგვისეულ“ ცრუსასწაულებთან აქვთ საქმე. გთხოვთ, თქვენი სასულიერო-ავტორიტეტული განმარტებით გაარკვიოთ ხალხი ამ საკითხში.

პასუხი: მორწმუნე რომ სასწაულს არ უნდა გამოეკიდოს, ამას თვითონ უფალი გვაფრთხილებს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“. მით უფრო, თუ ეს სასწაული სექტანტური სამყაროდან მოედინება, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არასწორი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ. ერთ-ერთ კათოლიკურ ანუ პაპისტურ ტაძარში ხდება ასეთი სასწაული: იქ იმყოფება ჭურჭელში ჩასხმული წმინდანის სისხლი, რომელიც მისი ხსენების დღეს დუღილს იწყებს ხოლმე. მაგრამ ეს სასწაული ადასტურებს არა იმას, რომ კათოლიციზმი ანუ პაპიზმი სწორი სარწმუნოება — მართლმადიდებლობაა. არამართლმადიდებლურ ტაძრებში მრავლადაა თავმოყრილი ნამდვილ წმინდანთა ანუ კათოლიციზმისა თუ სხვა განხეთქილების წარმოშობამდე მსოფლიო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მორწმუნეთა წმ. ნაწილები და ჭეშმარიტი სასწაულებიც სწორედ მათთან არის დაკავშირებული.

კითხვა: ტელე და ბეჭდვით მედია-სივრცეში ფართოდ შუქდება საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოების ბოჰემური ლაღობა-გატაცებანი; კინო-ფილმების პრეზენტაციებზე, ოპერისა და ბალეტის კონცერტებზე ხშირად ჩნდებიან ეპისკოპოსები, ნახულობენ ფილმებს, ესწრებიან კონცერტებს, საპატრიარქო ხომ კონსერვატორიის კლასიკური მუსიკის „სულიერი ტკბობის“ მცირე დარბაზად ხშირად გადაიქცევა ხოლმე, სადაც ცნობილ მსახიობებს ხშირი ვიზიტი უხდებათ… ასევე, სამსახიობო სიმპოზიუმები, ფორუმები ეპისკოპოსებს ხშირად მასპინძლობს.
თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, — თუკი წმიდა მოციქულთა განწესებები მსახიობებს ზიარების უფლებას არ აძლევს, სანამ არ დაუტევებენ თავის ცოდვილ პროფესიას, საპატრიარქოს ეპისკოპოსები რა კანონით ხელმძღვანელობენ, როდესაც მხატვრული კინო-ფილმების ჩვენებებზე ესწრებიან (თუნდაც, ეს ფილმები ქრისტეზე იყოს გადაღებული — ასე ხომ როკ-კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები მრავლად არის ქრისტეზე…)?

პასუხი: უფალი თავის ჯვარმცმელ მღვდელმთავრებს საყვედურობდა, რომ ღვთის სჯული დაუტოვებიათ და კაცთა მოძღვრებებს ასწავლიან. დღეს საქართველოს ეკლესიაშიც უმეტესად ხელმძღვანელობენ არა საღვთო, არამედ კაცის მოძღვრებით; ეს კაცი გახლავთ სწორედ უწმინდესად და უნეტარესად წოდებული კათალიკოს-პატრიარქი, რომელმაც რეჟისორ-მსახიობებისადმი მიმართული ჩვენს მიერ ზემომოყვანილი სიტყვები წარმოთქვა სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით მოწყობილ საღამოზე, სადაც უხამს ცეკვა-სიმღერებთან ერთად სულიერადაც და ესთეთიკურადაც გულისამრევი წარმოდგენები იმართებოდა და ერის სულიერი მამა ამას დარბაზიდან ტაშს უკრავდა… მოგეხსენებათ, ეკლესია მნათობებს, საზოგადოდ, წმინდანებს უწოდებს, მაგრამ ქართულმა ეკლესიამ ამ ზედწოდებით — „საქართველოს მნათობი“ — თავისი დიდმოწამეობისა და გამორჩეული ღვაწლის გამო ძველთაგანვე განსაკუთრებულად შეამკო კახეთის დედოფალი ქეთევანი, რომელიც ქრისტეანობის დაცვისათვის ვნებამდე იმას კი არ განიცდიდა, რომ ღმერთისათვის ტანჯვა ელოდა (ეს მას, როგორც ყველა წამებულს, ახარებდა), არამედ რცხვენოდა, რომ წამების წინ საჯაროდ გააშიშვლებდნენ ქალთა და კაცთა თვალწინ… განა, შეიძლება, მნათობად მოვიხსენიოთ მსოფლიო ეკლესიის ეს უდიდესი წმინდანი ქალიც და ვთქვათ, მსახიობი ქალიც, რომელიც ყმაწვილ ქალ-ვაჟთა ქორწინებამდელ „მეგობრულ“ კავშირს ანუ სიძვას ტელევიზიით ქადაგებს? დიახ, ეს ცნობილი ქალბატონიც ბრძანდებოდა ხსენებულ საღამოზე მათ შორის, ვისაც კათალიკოსმა სიტყვასიტყვით, ვიმეორებთ, „მნათობნი საქართველოისანი“ უწოდა!

კითხვა: კიდევ მრავალი კითხვა გვაქვს თქვენთან იმ უამრავ დარღვევებზე, რასაც საქართველოს ეკლესიაში ვხვდებით. ბუნებრივია, ამას ერთი ინტერვიუ ვერ დაიეტევს, მაგრამ ერთ, მეტად საშინელ ამბავსაც, გვსურს, ადგილი დავუთმოთ. ამბობენ, რომ ზნეობრივად გახრწნილი მღვდლები (მათ შორის, სოდომისტი), არა მხოლოდ მღვდლები, არამედ ეპისკოპოსებიც მომრავლდნენ საქართველოს ეკლესია-მონასტრებში და განმკითხველი არავინ არის, რამაც წარსულშიც და დღესაც დიდად შეუწყო ხელი სექტებში ხალხის გადაბირებას. რა ინფორმაციებს ფლობთ თქვენ, შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს და შემოსულა თუ არა თქვენთან ამ საკითხზე მრევლიდან საჩივრები?
 
პასუხი: შესაძლოა, ჯერ კიდევ ახალგაზრდას სჭირდებოდეს იმის განმარტება, რომ კაცის კაცთან (და ქალის ქალთან) მრუშობა, როგორც ბუნების საწინააღმდეგო ქმედება, ღვთის წინაშე წარმოადგენს ცოდვას, რომელსაც წმ. მოციქული პავლე სახელდებს, როგორც „სათქმელადაც კი სამარცხვინოს“. ეს დაცემა უფალს ყველაზე მეტად სძაგს და ასეთებს შეუნანებლობის ანუ გამოუსწორებლობის შემთხვევაში უსასტიკესად სჯის ამ ქვეყნად თუ არა, მარადიულ ცხოვრებაში მაინც. მან ამ ცოდვაში ჩავარდნილი სოდომის, გომორისა და მასთან, კიდევ, სამი ქალაქის მკვიდრნი (ერის ხალხი) ცეცხლოვან-გოგირდოვანი წვიმით ამოწყვიტა (რასაც თანამედროვე არქეოლოგიაც ადასტურებს) და რა უნდა იყოს იმაზე უფრო საძაგელი და საშიში, რომ ამ უწმინდურობამ ეკლესიაშიც შეაღწიოს? სამწუხაროდ, ამ საკითხზე თქვენს შეშფოთებას არცთუ უმნიშვნელო საფუძველი გააჩნია. საქ. საპატრიარქოში, რატომღაც, თვლიან, რომ ამ და სხვა მძიმე ცოდვას სასულიერო პირი თუ მოინანიებს, სასულიერო პირადვე შეუძლია დარჩენა, რაც მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობასა და საღ აზრს ეწინააღმდეგება. ან თუნდაც, ასეთი სინანული სად ჩანს? თვითონ საპატრიარქოს ზოგიერთ ქვეშევრდომთა ცილისმწამებლობა გვაიძულებს, გავიხსენოთ, რაც მოხდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩვენი სტუდენტობის ჟამს: სწავლა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა ჯგუფელმა შენიშნა, რომ სემინარია-აკადემიის რექტორმა (ეპისკოპოსმა) მას თვალი „დაადგა“… როცა ეს შეიტყო, ამით გაკვირვებულ-აღშფოთებული სამი სტუდენტი საქმის გამორკვევის მიზნით შევიდა რექტორთან, რომელსაც ამ ამბის გახმაურების შეეშინდა და ამის პირობად ორ მათგანს (19 და 21 წლის სტუდენტს) რექტორობიდან გადადგომის ხელწერილი იქვე დაუწერა: „1988 წ. 23 დეკემბერს სამუდამოდ ვტოვებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანამდებობას, თანახმად აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტთა მოთხოვნისა. თუ აღნიშნული ხელწერილი იქნება დარღვეული, მიცემულ ვიქნე სისხლის სამართლის პასუხისგებაში“ (მამათმავლობა მაშინ, ჯერ კიდევ ისჯებოდა), ხელმოწერა, ბეჭედი, მინაწერი: „ხელწერილი ჩემს მიერაა დაწერილი, რასაც ვამოწმებ“ (ისევ ხელმოწერა). როგორც ჩანს, აქ იმუშავა შემდეგმა გარემოებამ: „სექსუალურად გარყვნილი ადამიანების ემოციური მერყეობა და ზნეობრივი ხრწნა განაპირობებს იმას, რომ ისინი, როგორც წესი, ვერ უძლებენ გამოცდილი გამომძიებლის ზეწოლას და პირველივე დაკითხვისას ყველაფერს ფქვავენ“ (გრინბერგ კორის ნაშრომში მოყვანილი ამერიკის სენატის დასკვნიდან ჰომოსექსუალისტთა შესახებ). ამ დროს, როგორ უნდა მოქცეულიყო ეკლესიის მეთაური? თქვენ მეტყვით: სტუდენტებს შეხვდებოდა და სინამდვილეს დაადგენდა. მაგრამ ამის ნაცვლად ოთხივენი გარიცხეს სასწავლებლიდან „სტუდენტისათვის შეუფერებელი საქციელის“ (პედ-საბჭოს გადაწყვეტილებაში ასე ეწერა) გამო, ხოლო ის ეპისკოპოსი მოგვიანებით დააწინაურეს და დღეს არქიეპისკოპოსად გვევლინება…

დიახ, ხალხის დიდი ნაწილი სამღვდელოებაზე მართლაც დაბრკოლებულია ამ და მსგავსი, უზნეო შემთხვევების გამო.

კითხვა: ფიქრობთ თუ არა, რომ ეროვნული ხელისუფლების აღდგენის შემთხვევაში საჭიროა, კანონიერმა ხელისუფლებამ დაუყონებლივ მოიწვიოს ახალი ,,რუის-ურბნისის კრება“ და საეკლესიო სამართლით მკაცრად გასამართლდეს სჯულის დამრღვევი სამღვდელოება? ან რაში ხედავთ გამოსავალს?

პასუხი: ილია მეორეს ყურმოჭრილი თუ სულმოჭრილი „მორჩილები“ გვეუბნებიან, რომ ქართული ეკლესია, კი, განსაწმენდია, მაგრამ ჯერ ამის „ჟამი არ დამდგარა“. ჩვენ ვეკითხებით: დასჯის ჟამი თუ არ დგება, დაწინაურების ჟამი როგორღა დგება? არადა დაჯილდოვება სამღვდელო კი არა, საერო ზნეობისთვისაც მიუღებელთ: თამბაქოს მწეველთ, ნარკომანებსა და მრუშებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მსოფლიო ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, ეპისკოპოსს (ბერს) ეპისკოპოსობაში (ბერობაში) ცოლი მოეყვანოს, ბავშვები გაეჩინოს და არათუ არ განეკვეთოთ, დაეწინაურებინოთ. ეს მოხდა დღევანდელ ქართულ სინოდში. ასევე, მღვდელ-მონაზონი ვიღაცასთან შვილს აჩენს, ეს ყველამ იცის და მაინც მღვდლობას აგრძელებინებენ; იქვე, სხვა მღვდელი ამბობს, მას თუ არაფერს ეუბნებიან, იგივეს მეც გავაკეთებო და ა. შ. მოკლედ, სუფევს განუკითხაობა და საერთოდ, თვითრჯული აზროვნება. „რუის-ურბნისის“ დარი კრების გამართვა არის, პირადად, ჩვენი ოცნება, აგერ, უკვე, ოცი წელია, მაგრამ ასეთი კრების გამართვას მარტო წმ. დავით აღმაშენებლის საფლავთან ფიცის დადება კი არ ჰყოფნის, ამისთვის ასეთი მეფის (ხელისუფლის) ღვთისმოშიშება და შემართებაა აუცილებელი. ამას დღევანდელი, ცრუღირებულებებს ადევნებული ხელისუფლება ვერ და არ შეძლებს.

კითხვა: ძვირფასო მამა გიორგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის იერარქია შევარდნაძის ანტიეკლესიური ხელისუფლების მეგობრობიდან მშვენივრად შეეწყო დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომელმაც გაუგონარი სისასტიკით დაარბია გლდანის ანტიეკუმენისტური ჭეშმარიტი ეკლესია, დააპატიმრა მისი წინამძღვარი მ. ბასილი მკალავიშვილი და აი, უკვე, მესამე წელია, ციხიდან არ უშვებს.

გვინდა, ასეთი კითხვა დაგისვათ: მაშინ, როდესაც იეღოველების და სხვა სექტის წარმომადგენლები ანგრევდნენ ქართულ ტაძრებს, აგროვებდნენ ხატებს და ცეცხლში საჯაროდ წვავდნენ, ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს თვალებს თხრიდნენ და საშინლად შეგინებულსა და შეურაცხყოფილს ქუჩებში ყრიდნენ… (და ვინ მოსთვლის, კიდევ, მათ იმ დანაშაულს, რასაც ისინი, თურმე, საქართველოში სჩადიოდნენ), მათგან არც ერთი არ მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო მართლმადიდებელი მღვდელი კი კონტრაბანდული სექტანტური ლიტერატურის დაწვის გამო ციხეში უზით. რა შეფასებას მისცემთ ამ ხელისუფლებასთან საქართველოს საპატრიარქოს ასეთ დიდ მეგობრობას? დღეს საქართველოში ყველა ყველაფერს აპროტესტებს და მართლმადიდებელი მღვდელი კი ციხეში რომ იტანჯება, პირადად თქვენსა და ემიგრაციაში მყოფ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ამაზე პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. როგორ ფიქრობთ, განარისხებს თუ არა ეს ღმერთს, რომლის ხატმაც გლდანის ტაძრის დარბევის წინ იტირა და გარდა იმ სასჯელებისა, რასაც დღეს საქართველო განიცდის, მოსალოდნელია თუ არა უფრო დიდი სასჯელები ჩვენს ერზე მართლამადიდებლობის საქმის ასე უკანა პლანზე გადაწევისა და ასეთი გულგრილობის გამო?!

პასუხი: გლდანის ტაძრის დარბევის ნახვისას 1989 წლის 9 აპრილის კადრები მოგვაგონდა და სხვაობა ის იყო, რომ მაშინ ყველას, ერთად, მტერი გვებრძოდა. მ. ბასილი თითქმის ყველამ გაწირა. მისგან შექმნეს საფრთხობელა და მასზე გააბატონეს დამცინავი განწყობა, როგორც არაელიტარულ მღვდელზე. ავიწყდებათ კია, რომ სწორედ ელიტარულებმა მოითხოვეს მაცხოვრის ჯვარცმაც. ჩვენშიც განა ე. წ. ელიტამ არ მოაწყო ძმათამკვლელი პუტჩი? ავიწყდებათ, რომ ელიტარული გულითა და სულითაც უნდა იყო და არა — მხოლოდ გონებით. სულით ელიტარულობა სიწმინდისა და სიმართლისაკენ ლტოლვაა. დღეს იმდენად აშინებს და სძულს ადამიანთა უმრავლესობას სიმართლე, რომ სიმართლის თქმა ჩამორჩენილობად და სიგიჟედ ითვლება. საპატრიარქოს ვინც სიმართლე უთხრა, ყველა ეკლესიის მტრად გამოცხადდა. ეკლესიის მტრის წინააღმდეგ ბრძოლა კი საპატიო საქმეა და ისე გამოიყენა ხალხის ეს ზოგადი განწყობა ხელისუფლებამაც, რომ სხვათა — სიმართლის მთქმელ მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა დასაშინებლად დასაჯა ასე სასტიკად გლდანის მრევლი. ამ საშინელებამდე ხატი კი არა, ქვანი რომ არ ატირდნენ, არ გვიკვირს?! ჩვენი საზოგადოება გასაგებ, მაგრამ არა საპატიო მიზეზთა გამო სულიერად იმდენად დადამბლავებულია, რომ მშვენივრად ეგუება, ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფალი აგარაკზე ეჯდეს და მართალია, არაშეუმცდარი, მაგრამ მღვდლურად მაინც პატიოსანი კაცი — საკანში.

სასჯელის ღირსნი ღვთის წინაშე, მეტ-ნაკლებად, ყველანი ვართ, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ ერი და სახელმწიფო, მომეტებულად, ეკლესიის მსახურთა და ხელისუფლების ცოდვათა გამო ისჯება და დაისჯება. თუ მართალი არ არის ის გარყვნილება, რასაც თითქმის ყველა დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირზე ყვება, ეს ერთი უბედურებაა — ხალხის დიდი ნაწილი ცილისწამების ცოდვაში ყოფილა; ხოლო, მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს დაჯერება და თუ ეს სიმართლეს შეეფერება, ყოველწამს ღვთის რისხვის მოლოდინში უნდა ვიყოთ ერიც და ბერიც.

მამა გიორგისთან ინტერვიუ მოამზადა ი. ღუდუშაურმა

მღვდელი გელასი აროშვილი

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

პან-ეკუმენისტური ვაკხანალია საქართველოში

ბოლო ხანს საქართველო პან-ეკუმენიზმის საცდელ პოლიგონად იქცა. გახშირდა ერთობლივი განცხადებები და თავყრილობები სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მონაწილეობით. შეიქმნა ერთობლივი ფრონტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მუსულმანები, იუდეველები, ბაპტისტები, მონოფიზიტები, ლუთერანები, ორმოცდაათიანელები… და საქართველოს საპატრიარქო. ერთობლივ განცხადებებში, რომელსაც ხელს აწერენ რაბინი, მოლა, პასტორი თუ კარდინალი და მათთან ერთად საპატრიარქოს მიტროპოლიტი (დანიელი) ვკითხულობთ: “ვაღიარებთ ურთიერთპატივისცემას, ვადასტურებთ კეთილგანწყობას და მზადყოფნას სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, …პროზელიტიზმის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 20 ოქტომბერი, 2001 წ.).

მართლმადიდებლობის საშინელი გაცემა (ვიდეო)

როგორც ჩანს, საქართველოში ანტიქრისტეს რელიგიას (პან-ეკუმენიზმს) ეყრება საფუძველი, თორემ სად გაგონილა მართლმადიდებლობას იუდაიზმთან, ისლამთან ანდა მონოფიზიტობასთან თუ პროტესტანტიზმთან ურთიერთპატივისცემის ფიცი დაედოს? თუმცა ჩვენს დროში რა უნდა გვიკვირდეს. როდესაც “მართლმადიდებელი” პატრიარქი ირანის სულიერ ლიდერებთან შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს და ასეთ ლოზუნგს წარმოგვიდგენს: “სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას”! ე. ი. ქრისტეს ეთიკა (ზნეობრივი მოძღვრება, მცნებები) მოძველდა? ე. ი. შესაბამისად საჭიროა ახალი მცნებები, ახალი რელიგია, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება, მათ შორის ირანელი მუსულმანებისთვისაც. მაგრამ “ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, ხოლო წმ. კანონები – ეს რწმენის დოგმატებია, რომლებიც ქრისტიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებიან. გახდეს ქრისტიანის ცხოვრება ადოგმატური, არაკანონიკური, არაეთიკური – აი, რა უნდათ მწვალებლებს, გვთავაზობენ რა გაჩუმებას მშვიდობის მისაღწევად. გაჩუმებას დოგმატებზე, კანონებზე, მცნებებზე.” (არქ. იუსტინე პოპოვიჩი), ილია II კი აგრძელებს: “მე ვფიქრობ, ირანისა და საქართველოს რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, შეგვწევს უნარი ურთიერთპატივისცემისა” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 3 ივლნისი, 2001 წ.). ამ სიტყვებს ტაშით ხვდებიან ამ წარმავალ სოფელში, მაგრამ ეს ხომ ქრისტეს, ჭეშმარიტების ღალატია!

mgvdgaroshvili-kol_1

ილია მეორის და მისი რჩეული მღვდლის მიხეილ ასათიანის ინტერკონფესიული სიამტკბილობა კათოლიკებთან

რა არის მთავარი მიზანი ამ ისტერიისა, რომელიც საქართველოშია ამტყდარი? რისთვის შეიქმნა ეს ინტერ-კონფესიური ფრონტი საპატრიარქოს მონაწილეობით? ვფიქრობთ იმიტომ, რომ აიკრძალოს მართლმადიდებლური პროზელიტიზმი, ე. ი. ჭეშმარიტების ქადაგება, ამიტომაცაა დაგმობილი პროზელიტიზმი ამ ერთობლივ ეკუმენისტურ განცხადებებში, რომლებსაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც აწერენ ხელს. მაგრამ მართლმადიდებლური პროზელიტიზმის დაგმობა ხომ სულიწმიდის გმობაა, რადგან სულიწმიდის კარნახითაა ჩაწერილი ახალი აღთქმა, რომელიც პროზელიტიზმის აპოლოგია და ქრონიკაა. თუ არა იუდეველს, მუსულმანს, მონოფიზიტს, პაპისტს, ბაპ ტისტსს – მაშ, ვიღაც უნდა ექადაგოს მართლმადიდებლობა?

და კიდევ ერთი: ამ ინტერკონფესიურ ფრონტს თითქოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად ქმნიან, თითქოს რელიგიური ნიშნით ძალადობაზე აპირებენ გალაშქრებას, მაგრამ ესეც ხომ რელიგიური ნიშნით ძალადობა იქნება! ყოველივე ეს კი მხოლოდ იმიტომ იგეგმება, რათა სხვადასხვა სექტამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაავრცელოს თავისი ღვთისმგმობელური და სულის დამღუპველი მოძღვრებანი. შექმნილ სიტუაციაში გულხელდაკრეფილი ყოფნა დანაშაულის ტოლფასად მიგვაჩნია. საპატრიარქოს კაპიტულანტური პოზიცია კი სექტების გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში.

 

Gelasi_Aroshvili_5

საპატრიარქო „სჯულის კანონის“  უხეში დარღვევით ხშირად იწვევს ერთობლივი ლოცვისთვის საკუთარ ტაძრებში სექტათა ცნობილ ლიდერებს; იხ. ამ სურათზე ბასპტისტურ-ევანგელისტური სექტის ლიდერები  სონღულაშვილი და ტყეშელაშვილი სვეტიცხოველში.

უაღრესად დამაფიქრებელია საერთაშორისო აქტიურობა საქართველოში პან-ეკუმენისტური იდილიის დამყარების საქმეში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი უმწვავესი რელიგიური დაპირისპირების კერები არსებობს. მაგ. ინდოეთი, ფილიპინები, ისრაელი, ტიბეტი, იუგოსლავია და სხვა, სადაც რელიგიურ ომებში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. აღარაფერს ვამბობთ ჩრდ. ირლანდიაში მიმდინარე უსასტიკეს რელიგიურ ომზე პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის, რომელიც რამდენიმე საუკუნეა მძვინვარებს, ანდა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძრის ორ თვიან ალყაზე და დაბომბვებზე.ჩვენი აზრით, ბოლო დროს საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ინტერ-კონფესიური სიამტკბილობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ფესვები ძველი სიცრუიდან საზრდოობენ, რომელიც ამ ქვეყნად გვპირდება სამოთხეს და ანტიქრისტეს მოსვლას უმზადებს მსოფლმხედველობრივ საფუძველს.

mgvdgaroshvili-kol_2

ილია II და მიშა სააკაშვილი გლობალიზაციის ფერხულში

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“