მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. IV)

კომენტარების კომენტარები (4)

m_g_sxiladze_3

ისევ, ვაგრძელებთ, ვუპასუხოთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” ფსევდონიმებით შემოსულთა შენიშვნებსა და ბრალდებებს (მათი სტილი და პუნქტუაცია აქაც დაცულია. ქვეყნდება შევსებული ნუსხა):

+ + +

ჩვენს წინა ,,კომენტარებში” ,,დიდი სჯულისკანონიდან” მოვიყვანეთ ანტიოქიის კრების I განწესება, რომლის განმარტებას, ვფიქრობდით, ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” ,,კანონისტად” მმოძღვრავი მედავითნე დ. ჩიკვაიძე მაინც არ საჭიროებდა. მაგრამ რახან იმედი გაგვიცრუვდა, ახლა გთავაზობთ ამ განწესების კანონისტურ განმარტებას:

,,მოცემულ კანონში ჩვენ ვხვდებით საეკლესიო სასჯელის დადების ერთ, განსაკუთრებულ იურიდიულ ნორმას. მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის მიერ შესატყვისი მსჯავრის დადება ჩადენილი დანაშაულის გამო ხდება ან დამნატორული (საბრალდებო), ან დეკლარატორული (ახსნა-განმარტებითი) განაჩენით. დამნატორული განჩინების გამოტანისას აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ სათანადო საეკლესიო სასამართლომ უნდა შეასრულოს ყველა ის დანაწესი, რომელიც ეხება სასამართლო პროცესს, რათა ამ გზით გაეცნოს და დარწმუნდეს, რომ საქმე ნამდვილად დანაშაულს ეხება, _ რის საფუძველზეც დამნაშავეს უნდა დაადოს შესაბამისი სასჯელი. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ გარკვეული დანაშაულის ჩამდენი პირი, უკვე, დასჯილია მსჯავრის გამოტანის გარეშეც; ეს კი ხდება მაშინ, როდესაც დამნაშავე თვით დანაშაულის ჩადენისას მოჰყვა სჯულით გათვალისწინებული სასჯელის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო არ საჭიროებს, გამოიძიოს დანაშაული, რადგანაც თვით მისი ჩადენით დამნაშავე, უკვე, თვითდაისაჯა შესაბამისი სასჯელით, _ რჩება მხოლოდ იმის დადასტურება (კონსტატირება), რომ დანაშაულებრივი ქმედება მოხდა და სასჯელიც, ამასთან ერთად, საბრალდებო დასკვნაც მხოლოდ დეკლარატორული (განმარტებითი) იქნება. მსგავსად, განაჩენებში განსხვავების გამო, სხვადასხვაგვარად იწოდებიან შესატყვისი სასჯელებიც. დამნატორული (მსჯავრდებითი) ხასიათის განაჩენისას სასჯელს ეწოდება […] სასამართლო სასჯელი; თუკი განაჩენს აქვს დეკლარატორული (ახსნა-განმარტებითი) ხასიათი, მაშინ, სასჯელი იწოდება და იქცევა […] იურიდიულ ანუ სჯულიერ სასჯელად. […] სწორედ აქედან განვითარდა საეკლესიო სამართალში იურიდიული ანუ სჯულიერი მსჯავრის ცნება, განსასხვავებლად იმ მსჯავრისგან, რომელიც გამოიტანება კუთვნილი სასამართლო გამოძიებითა და ქვემდებარე საეკლესიო სასამართლოს მიერ გამოცხადებით. ამგვარი სასჯელის საფუძველი იპოვება წმინდა წერილში. მოციქული პავლე, ახსენებს რა ტიტეს მწვალებელ ადამიანს, რომელსაც არ სურს, მოუსმინოს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოსაქცევ შეგონებებს და ჯიუტად რჩება ერესში, ამბობს, რომ ასეთი ადამიანი განიხრწნა, დაისაჯა რა თავისი თავი თვითონ […(,,არს იგი თვით დასჯილ”)] (ტიტე: 3,10-11). ასეთივე მნიშვნელობა აქვს ღანგრის კრების ყველა კანონს, რომელთა ბრძანებით, ეკლესიიდან განგდებულად უნდა ჩაითვალოს ყველა ის, ვინც კანონებში მითითებულ ერთ დანაშაულს მაინც ჩაიდენს. ღანგრის კანონები არ ამბობენ, რომ დანაშაულისთვის სასჯელი მხოლოდ საეკლესიო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს; არამედ ამ კანონით ნაგულისხმევ თვითოეულ ასეთ დამნაშავეზე ამბობენ მოც. პავლეს მსგავსად: ,,ანათემა ესტო”*, რომ ასეთი ჯიუტი დამნაშავე, უკვე, დასჯილიაო. ანტიოქიის კრების მოცემული (1) კანონი ყველაზე კარგად განგვიმარტავს ასეთი ხასიათის სასჯელს. ამ კანონით, ადგენს რა _ ყოველწლიურად თუ როდის უნდა მოიხსენიონ ქრისტეანებმა ქრისტეს აღდგომა, ამავე დროს, კრება ბრძანებს, ეკლესიიდან განკვეთილებად ჩაითვალონ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, რომლებიც ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოქცევას გაბედავენ […]. მაშასადამე, სასამართლოს არ სჭირდება ასეთ პირთა გამოძახება და გასამართლება, რამდენადაც ამ საკრებო კანონით ისინი, უკვე, დასჯილები არიან განწესების დარღვევის მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო სასამართლოს, თუკი იგი საერთოდ დაიჭერს საქმეს საკუთარივე ქმედებით სასჯელქვეშ მოყოლილ დამნაშავეებთან, შეუძლია მხოლოდ დადასტურება (კონსტატირება) იმ სასჯელისა, რომელსაც დამნაშავე ეწია ჩადენილი ქმედების გამო და შესაბამის განჩინებასაც ექნება მხოლოდ დეკლარატორული (განმარტებითი) ხასიათი. თუმცა, ყველა ზემოთქმულს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ განსაზღვრულ დანაშაულთა ჩადენისას, რომელთა შესატყვისი იურიდიული სასჯელიც კატეგორიულადაა გამოკვეთილი კანონებში. შესაბამისად, სხვა საეკლესიო დანაშაულთა შემთხვევაში, განჩინება ყოველთვის უნდა იყოს დამნატორული (საბრალდებო) ხასიათისა, _ ყველა იმ კანონიერი დანაწესის შენარჩუნებით, რაც განჩინებულია ფორმალური საეკლესიო-სასამართლო პროცესისას; კანონი** არა მხოლოდ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენთ სჯის ასეთნაირად (ეკლესიიდან განკვეთითა და გაძევებით), არამედ იმათაც, ვინც გაბედავს სულიერ ურთიერთობას ასეთ, უკვე, განკვეთილ სასულიერ პირებთან”***:

______________

*ბერძნ.

**ანტიოქიის I.

***,,მართლმად. ეკლ. კანონები ეპ. ნიკოდიმეს განმარტ.”, თარგმ. სერბულიდან, ტ.II,1996.

ფინეთის ავტონომიური ეკლესია არღვევს ამ კანონს; საქ. ეკლესიას კი აკრძალული ზიარებითი ურთიერთობა აქვს მასთან. ხოლო რა ძალა და მნიშვნელობა აქვს ასეთ ურთიერთობას, ამის წარმოსაჩენად მოვიტანთ სულ რამდენიმე ამონარიდს: წმ. თეოდორე სტოდიელი თავისი ძმისადმი _ თესალონიკის მთავარეპ. იოსებისადმი მიწერილ წერილში განკვეთილ მღვდელზე საუბრობს: ,,ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას მის განხსნაში, რამეთუ ჩვენ არა ვართ ზიარებით კავშირში იმათთან, ვინც იგი აშკარად განხსნა. ჩვენ რომ გვქონდეს ევქარისტიული ურთიერთობა მათთან _ მაშინ, ამით გამოვიდოდა, რომ ჩვენც ვღებულობთ მონაწილეობას მის განხსნაში. მაგრამ რამდენადაც ჩვენ კეთილკრძალულებით არ შევდივართ მის განმხსნელებთან ზიარებით ერთობაში, ამიტომაც, ცხადია, რომ არც მის განხსნაში ვღებულობთ მონაწილეობას”. VII მსოფლ. კრების პირველ ,,საქმეში”, რაც ერთვის რომის იმპერატორების კონსტანტინესა და ირინეს უმაღლეს სიგელს, ხატმებრძოლ მწვალებლებზე ვკითხულობთ: ,,როგორ დავაღწევ თავს ღმრთის სამსჯავროს, როდესაც ვიმყოფები რა კავშირში ასეთ ხალხთან, ჩავითვლები მათ თანამონაწილედა და თანამოზიარედ?!” (წმ. პავლე, კონსტანტინოპოლ. პატრიარქი, VIIIს.). ,,დიდმა ოქროპირმა ხმამაღლა, ყველასათვის გასაგებად გამოაცხადა ღმრთის მტრებად არა მხოლოდ მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენიც (წმ. თეოდორე სტოდიელი, ,,39-ე წერილი იღუმენ თეოფილეს”). ასევე, წმ. იოანე დამასკოელი აჯამებს მსოფლ. ეკლ. სწავლებას ზემომოხმობილი დასკვნით: ,,თუკი ზიარების მეშვეობით ნამდვილად აღსრულდება ერთიანობა ქრისტესი და ჩვენიც _ ერთმანეთთან, მაშინ, ჩვენ თავისუფალი კეთილგანწყობით ნამდვილადვე ვერთიანდებით ყველა იმ ადამიანთანაც, ვინც ჩვენთან ერთად ეზიარება; რადგანაც ეს გაერთიანება ხდება ჩვენი თავისუფალი ნების მიერ, სწორედ, ჩვენი თანხმობით”.

,,კაიროსი” (ჩვენზე): «აქაც “სიყვარულით” იხსენიებს პატრიარქს?: «,,კაიროსი” წმ. მამათა ამ საშინელ რისხვას დაეფიქრებინა (რადგან ფინეთის ავტონომიური ეკლესია სწორედ ასე იქცევა _ აღდგომას აკრძალული თარიღით აღნიშნავს _, ხოლო მას და მის სათაყვანო პატრიარქს ლოცვით-ზიარებითი კავშირი აქვთ მათთან)”» _ კითხვას სვამს ჩვენივე ციტატით.

ჩვენი პასუხი: აზრობრივად გავარჩიოთ ეს წინადადება. რომ გკითხოთ, ხომ აღნიშნავს ფინეთის ავტონომიური ეკლესია აღდგომას კათოლიკური კალენდრითო, ხომ დამიდასტურებთ? მერე რომ გკითხოთ, ხომ აქვს საქ. ეკლესიას ლოცვით-ზიარებითი კავშირი ამ ეკლესიასთანო, ხომ დამიდასტურებთ? ბოლოს რომ გკითხოთ, ხომ არის თქვენთვის პატრიარქი სათაყვანებელი პიროვნებაო, ხომ დამიდასტურებთ? _ ამ პასუხების შემდეგ თქვენზე რომ ვთქვა, უსიყვარულოდ ლაპარაკობსო, რას იფიქრებთ ჩემზე? თუ, _ საქ. ეკლესიამ გამოიჩინა სულიერი ძალა და ევქარისტიული კავშირი, უკვე, გაწყვიტა კონსტანტინოპოლის ეკუმენისტურ საპატრიარქოსთან (რომელსაც ეს ავტონომია ემორჩილება) და ამას მალავთ?! _ ღმერთმა ჰქნას!

,,ფორუმის” მკითხველო, თუ საზოგადო მოვლენის გადმოცემა ანუ ფაქტის კონსტატაცია უსიყვარულობაა, მაშინ, საინფორმაციო სამსახურების თანამშრომლები ყველაზე უსიყვარულო ხალხი ყოფილა და ვინმემ რომ ვინმეს სიმაღლე და ზომა გკითხოს და უპასუხო, ეს _ ლანძღვა-გინება.

იგივე (იწყებს ჩვენი ციტატით): «,,საქ. ეკლესიამ გამოიჩინა სულიერი ძალა და ევქარისტიული კავშირი, უკვე, გაწყვიტა კონსტანტინოპოლის ეკუმენისტურ საპატრიარქოსთან (რომელსაც ეს ავტონომია ემორჩილება) და ამას მალავთ?! _ ღმერთმა ჰქნას!”; რას წერთ? ვინაა ავტონომია? და ეს რაც დაწერეთ უსაშინლესი ცოდვაა….» (ამთავრებს ჩვენდამი კითხვებითა და ბრალდებით).

პასუხი: ავტორს აქ მოაქვს ჩვენი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. სინამდვილეში, ჩვენ რომ ავტონომიის სტატუსით მოხსენებული გვყავს არა საქართველოს, არამედ ფინეთის ეკლესია (რაც არის, კიდეც), ეს მკითხველს შეუძლია, გადაამოწმოს ჩვენი სრული ტაეპიდან, რომელიც ზემოთ, თვითონვე აქვს მოტანილი.

ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი ოპონენტი გულწრფელად ვერ ჩაწვდა ამ რთული (თანწყობილ-ქვეწყობილი) წინადადების დედააზრს და საქმე არა გვაქვს შეგნებულ ,,ვერგაგებასთან”.

იგივე (მოგვმართავს): ,,უნდა განერიდოთ დიდგორის საიტს, რომელიც სქიზმის საყვირი უფროა, ვიდრე თუნდაც ეკლესიის წიაღში დაბრუნებული (ჩვენი დიდი სიხარულის გამომწვევია ეს ფაქტი) რ.ს.მ.ე. (სა. რ. მ. ე.) სადაც ახლა თქვენც ხართ”.

პასუხი: ჯერ, იქნებ, გამაგებინოთ ამ წინადადების აზრი, რომელიც გამარტივებულად ასე იკითხება: ,,საიტი” ,,დიდგორი” სქიზმის საყვირი უფროა, ვიდრე ემიგრაციული ეკლესია. _ ალოგიზმი და ,,აბრაკადაბრაა”… დავანებოთ ამას თავი…

თქვენი ვირტუალური პიროვნებიდან გამომდინარე, როგორადაც არ უნდა დამალოთ თავი, ჩანს, რომ უფრო დიდი ხანი უნდა იყოს, რაც ეკლესიაში იმყოფებით, ვიდრე ,,დიდგორის” მესვეურნი… აქედან გამომდინარე, ვისაც მეტი მიეცა, _ მეტი მოეთხოვება: თქვენ დასაბუთებული შენიშვნები მოგეცით და არ იღებთ; ისინი კი, ყოველ შემთხვევაში, თქვენზე მეტს მაინც იღებენ…

რახან თქვენც იმავეს მმოძღვრით (,,უნდა განერიდოთ ,,დიდგორის” საიტს”!), რასაც დ. ჩიკვაიძე (,,კანონისტი”) და ამას ორივე განონის გამასავით მიმეორებთ, გეკითხებით იმავესვე, რაც მას ვკითხეთ წინა ,,კომენტარებში”: თანმიმდევრულია თქვენი მსჯელობა? თუ ეს მართლაც ასეა, როგორც აქ წერთ, მაშ, როგორც ემიგრაციული ეკლესიის მღვდელს, განკვეთილად რატომღა მოგვიხსენიებთ, რითაც შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება?! ხოლო თუ _ არა, რატომ აბნევთ მკითხველს? თუ ქადაგებთ, რომ სანამ სასულიერო პირი კრების მიერ განკვეთილი არაა, მანამ, ის სასულიერო პირად რჩებაო, რატომღა ავრცელებთ ჩვენზე, თითქოს, განკვეთილი ვიყოთ?! ეს რომ ასე იყოს, ბოლოსდაბოლოს, გამოაქვეყნებდით ამის დამადასტურებელ საბუთს (რომელიც ბუნებაში არ არსებობს) და მკითხველი საზოგადოება გერწმუნებოდათ. მაგრამ ნათელია _ და ამას გონიერი მკითხველი, ცხადია, ხვდება _, რომ ამას განზრახ აკეთებთ, რადგან ორგზისი ახსნა-განმარტებისა და მოწოდების შემდეგ, უკან წაგეღოთ თქვენი მაბრალობლობა, ჯიუტობთ და ცოდვაზე ცოდვას უმატებთ… _ კიდევ გიმეორებთ: თუ ამას შეინანებთ, _ ღმერთმა შეგინდოთ! ხოლო თუ ვაჟკაცობა არ გეყოფათ _ არ შეინანებთ და საქვეყნოდვე არ გააბათილებთ მღვდელზე საქვეყნოდ გავრცელებულ თქვენს ცილისწამებას _ გაფრთხილებთ, რომ ღმერთი ჩვენზე უკეთ მოგკითხავთ, რადგან როგორც წმ. პავლე მოციქული გვირჩევს, შეუნდეთ, სიკეთე უყავით თქვენს პირად მტრებს და იცოდეთ, რომ ამით მათ თავზე ნაკვერჩხლებს აგროვებთო (რასაც ნამდვილად არ გისურვებთ!)!.. მაგრამ თქვენი ნაწერებიდან გამომდინარე, იქნებ, არც პავლე გწამთ და არც პეტრე?!.

იგივე (ჩვენზე): ,,ჯერ თავი შეაფარა სერბებს და მერე იქიდან რ.ს.მ.ე-ს რატომ და როგორ ეს სხვა საქმეა და აქ არ გვინდა”.

პასუხი: არა, გენაცვალე; სწორედაც რომ გვინდა! აბა, იქნებ, მკითხველს აუხსნათ, ,,რატომ და როგორ”? ეს ,,სხვა საქმე” ნამდვილად არ არის და სწორედაც რომ ,,აქ გვინდა”. ხოლო თუ ამ წერილის შემდეგ საზოგადოებას ვერ გაუმართლებთ მის დამაინტრიგებელ ეჭვებს, (რაში ეჭვიც არ გვეპარება), თქვენი ინტრიგა დარჩება ინტრიგად, რასაც წინასწარ გპატიობთ!.. ჩვენ კი, მკითხველთან ერთად, ქვემოთ გთავაზობთ, ყურადღებითა და წმინდა გულით წაიკითხოთ მიზეზები იმისა, ,,რატომ და როგორ ჯერ თავი შევაფარეთ სერბებს და მერე, იქიდან სა.რ.მ.ე-ს”. ღვთის ერთგულებისა და სულის ცხონებისათვის ორს კი არა, ორას ადგილს გამოვიცვლით; სერბებს, რუსებს და ფრანგებს კი არა, აბორიგენებს დავუკავშირდებით, თუ ამას საღვთო კანონი და სინდისი მოგვთხოვს! როცა სასიკვდილოდ მოგდევენ, ერთი ოთახიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ა. შ. გადადიხარ; არ იტყვი, რამდენი ოთახი გამოვიცვალე, უკვე, სირცხვილია, სჯობს მკვლელს ჩავბარდეო! მანამ ირბენ, სანამ უკანასკნელი ძალა შეგრჩება. ეს, მით უფრო, ასე არ არის მაშინ, როცა საქმე სულიერ სიკვდილს ანუ ჩვენი მარადიული საცხოვრისის განსაზღვრას ეხება?!. თუმცა, ვაღიარებ, რომ მშობლიურ ეკლესიაში ლოცვაზე ადვილი ნამდვილად არაა ტირილი მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა… (შდრ. ფსალმ.: 136, 1: ,,მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა, მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი”).

იმას რომ მაყვედრით, სერბეთის საპატრიარქოდან არ უნდა წასულიყავითო, იმას რატომ არ მეკითხებით, რა მიზეზებით წავედით?! _ იმიტომ, რომ თქვენ ეს, სამწუხაროდ, ნაკლებად გაინტერესებთ…

კიდევ, ერთი რამ: როგორც თქვენი სულიერი ძმა დ. ჩიკვაიძე თქვენს გვერდიგვერდ წერს, თუ სასულიერო პირი საეკლესიო სასამართლოს არ განუკვეთავს, მანამ, ის სასულიერო პირად რჩებაო, თქვენ როგორღა არ გყოფნით სინდისი და ვაჟკაცობა, რომ გააბათილოთ ჩვენზე თქვენივე განზრახ გავრცელებული ხმა, _ მღვდლობიდან განკვეთილიაო?! თუ იმას გულისხმობთ, რომ საიდუმლოდ (მისტიკურად) ვართ განკვეთილი, მაშინ, კანონისტ ჩიკვაიძეს შეუსწორეთ, რომ ცალმხრივად განმარტავს სასულიეროთა განყენების საკითხს და შეპირაპირებლურად არ მოჰყავს საეკლ. სამართალში ისეთი ცნობილი თანრიგები (კატეგორიები), როგორებიცაა ზემოგანმარტებული დამნატორული (ბრალმდებლობითი) და დეკლარატორული (ახსნა-განმარტებითი) განაჩენი. ხოლო აქედან, თუ ჩვენ თქვენთვის სასურველ ასპექტს მოგვიყენებთ, მაშინ, მაგ ლოღიკით გამოვა, რომ დღევანდელ ოფიციალურ საპატრიარქოთა მთელი შემადგენლობა იდუმლად განხეთქილებაში გასულა ზეციურ-მოზეიმე ეკლესიასთან და ქვეყნიურ-მებრძოლ ,,მცირე სამწყსოსთან”… ამიტომ, რომელიმე უკიდურესობაში რომ არ ჩავვარდეთ, გაწონასწორებული მსჯელობის ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ, რასაც წმ. მამანი, როგორც უწყით, სამეუფეო, ოქროს შუალედს უწოდებენ (თანაც, არ დაგავიწყდეთ, _ ეს ნელ-თბილობის საპირისპირო რამაა).

,,სერბებთან თავის შეფარებაზე”, როგორც დაგპირდით, ქვემოთ იხილავთ.

იგივე: ,,ვერ დავეთანხმები ვერც საიტის* ხელმღვანელთა დაქირავების ბრალდებას”.

______________

*იგულისხმება ,,მართლმადიდებლური ფორუმი”.

პასუხი: აქ გავიმეორებთ ჩვენს იმ სიტყვებს, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი მოპაექრე (ოპონენტი) ბრალდებას აქეთ გვიყენებს და ინტელექტუალური და პატიოსანი მკითხველი მაინც მიხვდება, რა ვთქვით და რა ,,გაიგეს”. ჩვენ ვწერდით: იმედია, ეს სიტყვები (,,კაიროსი”-სა) გამოწვეულია არა ჩვენი საოცნებო განკვეთის წყურვილითა და ამისი მიღწევის წარმოდგენით აღგზნებული სიხარულით, ან წყეული ჯ. სოროსის მიერ დაქირავებული ,,საიტის” ხელმძღვანელთა მიზნებით, არამედ პატიოსან, თუნდაც, შემცდარ, ძმათა კეთილსურვილით!..

გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, სად არის აქ თქვენდამი ბრალდება? ან, იქნებ, სოროსს ესარჩლებით?! _ ახლა, ეს რიტორიკული კითხვაც ბრალდებად არ შერაცხოთ!..

იგივე: ,,რამ უნდა შეგვაშინოს მიწიერმა?”.

პასუხი: ისე, რატომ თქვენს ვინაობას არ გვიმჟღავნებთ, რომ თუ კაცი ხართ, ,,ძმაო”-თი მოგმართოთ, ხოლო თუ ქალი _ ,,დაო”-თი?! რად გინდათ ეს ბალ-მასკარადი, ბერიკაობა და ფარიკაობა? აგერ, თქვენმა სულიერმა ძმამ, დავითმა, თავისი სახელი გამოაჩინა, რითაც ამაღლდა ჩვენს თვალში. რისი გეშინიათ? განა თქვენ მღვდელზე მეტი მტერი გყავთ? ხოლო თუ სასულიერო ხართ, მით უფრო მიუღებელი იქნებოდა ნიღაბს ამოფარება. ხომ ნახეთ, თქვენს ,,ფორუმზე” პირდაპირ შემოვედით, საკუთარი ვინაობის დაუფარავად! შეგახსენებთ, რომ ზედმეტი მშიშრობა არა მხოლოდ სისუსტე, ცოდვაცაა. _ ღმერთმა გაგვაძლიეროს ღვთის რწმენასა და სიყვარულში! ხომ გახსოვთ მოციქულის სიტყვები, სრულყოფილი სიყვარული სდევნისო შიშს.

ერთსაც დავსძენთ: საქ. საპატრიარქოს სხვა ადეპტმა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, აქ, პირადი ინტერესებით ბინძური ჭორი გაგვივრცელა (უფალმა მიუტევოს!)… მართლმადიდებელ ვაჟკაცებს _ ქრისტეს მხედრებს ისევ ჩვენ ვაკავებთ, მას პასუხი რომ არ მოსთხოვონ, რადგან დღემდე ჩვენთვის შენდობა არ უთხოვია (რასაც არც დავეძებ…) და რაც გაავრცელა, ის რომ მაინც განაქარვოს, _ არც ამას ცდილობს. ესეც აპატიოს უფალმა, რადგან ამით დიდ ცოდვას იდებს თავზე!..

იგივე (მოგვმართავს): ,,ზემოთ დაწერილიდან გამომდინარე თქვენი ბრალდებები პიროვნულია და არა ეკლესიოლოგიური”.

პასუხი: თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი ნარკვევი «საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან” ,,გარდაქმნამდე” (1985-2003წწ..)», პარიზი, 2004წ.; ელექტრონული ნუსხა: http://saqme.fr/saqme%20N1_fichiers/PDF_64.png და იქ იხილავთ ყველანაირ მხილებას (და არა ბრალდებას)…

იგივე: ,,მოკლედ გაეცით ზემოდ დაწერილ კითხვებს პასუხი და მე შეურაცხყოფებს არ ვუპასუხებ, არამედ გადავიდეთ თეოლოგიური საკითხების გარჩევაზე…”.

პასუხი: თუ მომიყვანთ ჩვენს რომელიმე სიტყვას (ოღონდ, კონტექსტიდან მოუწყვეტლად), რითაც შეურაცხყოფას გაყენებთ, საჯაროდ შენდობას გთხოვთ; თუმცა, ვეჭვობ, ისეთი რამ, რასაც შეურაცხყოფა ჰქვია, უბრალოდ, იპოვნოთ… თქვენსა და ყველას კითხვას, თუ უფალი გვაცოცხლებს და როგორც დრო და ძალ-ღონე (ენერგია) მოგვცემს ამის საშუალებას, ვუპასუხებთ, რადგან ისე ნამდვილად არ არის, ერთი რომ წერს, ჩემს კითხვებს გაურბისო…

იგივე (მოგვმართავს): ,,ან როდის მერე გახდა საერთო დოგმატური აზრი ჯორდანვილში 1964 წელს სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის” ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გამოთქმული ვარაუდი? შეეშვით აქ განხეთქილების და დაუმორჩილებლობის თესვას, ეკლესია ამხილებს კრებებით და მოქმედებს კრებებით!”.

პასუხი: ისევ კონტექსტს ამახინჯებთ და ისე გამოგყავთ, თითქოს პირჯვრის პროპორციულად გამოსახვა ჯორდანვილის მონასტრის ანუ ემიგრაციული ეკლესიის მამათაგან ყოფილიყოს დაკანონებული. სინამდვილეში, თუ მათ მიერ მოხმობილ განმარტებას ყურადღებით წაიკითხავთ, იქ უწერიათ: «,,ფსალმუნნის” წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული” _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა…”». ესაა არა მათი ვარაუდი, როგორც ამბობთ, არამედ უბრალო შეხსენება სწორედაც ,,სკოლის მოსწავლეთათვის”…

იქნებ, გვითხრათ, რომელმა კრებამ დაადგინა ჯვრის თავდაყირა გადასახვა როგორც საკუთარ თავზე, ასევე, სხვებზე?

,,აბხაზი” (ამავე ,,ფორუმის” უცნობი ,,სენატორი”): ,,საერთოდ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში მხოლოდ შუბლზე გამოისახავდნენ ცერა თითით. შუბლზე ვინ აკონტროლებდა ერთი საინტერესოა ქვედა ბოლო დიდი იყო თუ ზედა”.

პასუხი: დიახ, მართალს ამბობთ, რომ ჯვარს შუბლზეც იწერდნენ და სხეულის სხვა ნაწილებზეც (მორწმუნეები დღესაც ვაკეთებთ ამას), როგორც ეს ცნობილია, მაგ., წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებიდანაც. მაგრამ ყველგან, სადაც ჯვარს ისახავდნენ, შუბლი იქნებოდა, სახე თუ გულ-მკერდი, ჯვრის კვეთა იყო მაცხოვრის ისტორიული ჯვრის ფორმისა და არა ამობრუნებულისა (როგორზეც აცვეს წმ. მოც. პეტრე*) ან იქსისებურისა (როგორზეც გააკრეს წმ. მოც. ანდრია), რადგან გამოხსნა მოიტანა არა მოციქულის, არამედ მაცხოვრის ჯვარმა.

________________________

*მან ეს თვითონვე სთხოვა ჯალათებს სწორედ ამ აზრით: ღირსი არა ვარ, უფლის ჯვრის მსგავსზე მიმალურსმნოთ…

იგივე: ,,აკი ეკუმენისტი პატრიარქიაო და მასზე ლოცვა არ შეიძლებაო არ მჯერა მე მაგის”, _ წერს ჩვენზე.

პასუხი: ,,მასზე ლოცვა” და ,,მასთან ლოცვა” სხვადასხვა რამეა, ძმაო თუ დაო! ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პატრიარქზე ან ვინმეზე ლოცვა არ შეიძლება. თანაც, უნდა განვასხვავოთ ლოცვის სახეც: არის პირადი ლოცვა, როცა ყველა შეგვიძლია, მოვიხსენოთ და არის საზოგადო-ლიტურგიკული ლოცვა (პროსკომიდიის ანუ კვეთისას, დიდი გამოსვლისას ბარძიმ-ფეშხუმით, საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას, მიცვალებულთა პანაშვიდისას და სხვ.), როცა ვიხსენიებთ მხოლოდ ჭეშმარიტად მართლმადიდებლებს.

უფალი გვეუბნება, პირადი მტრისთვის ილოცეთო, მაგრამ არ გვეუბნება, მტერთან ერთად ილოცეთო. ვგრძნობთ, ახლა ის გაიფიქრეთ, ჩვენი პატრიარქი მტერს შეადარა ამ, მართლაც, ჩვენი დედაეკლესიის მტერმაო… ყოველ შემთხვევაში, გიხსნით: შედარება მოვახდინეთ წინადადების არა ობიექტებს, არამედ გარემოებებს შორის. საერთოდ, შედარებისა და გატოლების ცნებათა შეპირაპირების შესახებ, რაც ძალზე უჭირს დღეს ჩვენს საზოგადოებას, იხ. ჩვენი ზემოდასახელებული ნარკვევის ,,შესავალში”…

,,კანონისტი” _ ,,ზილოტებს”: ,,მსოფლიო კრების შესაქმეები იქნებ განმარტოთ (პირველად მესმის)”.

პასუხი: შვილო დავით, თუ გსურთ, საჩუქრად გამოგიგზავნით მსოფლიო წმ. კრებათა ,,საქმეებს”, რათა ჯერ ისინი კარგად შეისწავლოთ და კანონიკურ საკითხებზე თვალსაწიერი გაიფართოვოთ (იხ. მაგ., ,,მსოფლიო კრებათა საქმენი”, ყაზანის სასულიერო აკადემიისა (1908წ.) და სანკტ-პეტერბურგის (1996წ.) გამოცემები, ოთხ ტომად, სულ 2088 გვ.). ისე, ის, რომ თქვენ, წიგნიერებას დაწაფებულმა ახალგაზრდამ, დღემდე ამ წიგნების შესახებ არაფერი იცით, თქვენი ბრალი ნამდვილად არაა _ კანონმოყვარული და კანონმორჩილი იერარქია რომ გვყავდეს, ეს კორპუსი, აქამდე, ქართულად ნათარგმნ-გამოცემულიც იქნებოდა და თქვენც, დარწმუნებული ვართ, მას ღრმად შეისწავლიდით. ღმერთმა დაგლოცოთ!

ამაზე დ. ჩიკვაიძემ გვიპასუხა: ,,მსოფლიო კრებების საქმეები ძალიან კარგად გამიგია, სახლშიც მაქვს და თუ უფალმა ინება, თარგმნასაც დავიწყებ წელს, მაგრამ აი “შესაქმეები” ვერ გავიგე. ისე, არა 4 ტომად, არამედ შვიდ ტომად არის ყაზანის სასულიერო აკადემიის გამოცემა. თქვენ ცხადია საკითხში გარკვევას არ ეცადეთ და ეგრევე გადმოხვედით ჭკუა-დარიგებაზე, რაც ჩემთვის, რუსთაველის უკვდავი სიტყვების არ იყოს (“გონიერსა მწვრთნელი უყვარსო…”) ერთობ სასიამოვნოა, მაგრამ გააჩნია ვისგან….”.

პასუხი: ისე, ვინც ,,მსოფლიო კრებათა საქმენი” იცის, რატომღა გაიკვირვა ,,ზილოტების” მიერ მოხსენებული ,,შე-საქმეები”? მით უმეტეს, ასე ჰქონდა, პატარა ტირეთი _ ,,შე-საქმეები”. თანაც, ამ წიგნებს, ზოგჯერ, ასეც მოიხსენიებენ-ხოლმე, რადგან მათი ქართული თარგმანი (გამოცემული) ჯერ არ არსებობს, რომ მისი სრული შესატყვისი დამკვიდრებულიყო. ხოლო ეს წიგნები სწორედ იმას აღწერენ, საეკლ. კრებებზე კანონები როგორ იქმნებოდა (აქედან, ბიბლიური ,,შესაქმეს” წიგნის ანალოგიით _ შექმნა-შესაქმე). ასევე, ამ კორპუსს ზოგ უცხო ენაზე ასეც ეწოდება: ,,აქტები”. მისი რუსული დასახელება ,,დეიანიია” კი ,,საქმეებთან” ერთად ნიშნავს ,,მოქმედებებს”, ,,ქმედობებს”, რაც, აგრეთვე, მონათესავობს ,,შექმნასთან”, ,,შესაქმესთან”. ყველა შემთხვევაში, რა უფრო ადვილი დასაშვები იყო: 1. ის, რომ ახალგაზრდა კანონისტს საეკლ. კრებათა ,,შე-საქმეების” წაკითხვისას მართლაც ,,პირველად ესმა” ეს დასახელება და ვერ გულისხმა-ჰყო, საქმე ,,საქმეებს” რომ ეხებოდა (მით უფრო, ქართულად გამოუცემლობის გამო); თუ 2. ის, რომ მიხვდა, მაგრამ ოპონენტს ,,სიტყვაზე გამოედევნა”? _ ჰოდა, ჩვენი მხრიდან, რაც ეთიკურად შედარებით ადვილი დასაშვები იყო, ჩვენც ის დავუშვით… თანაც, ოთხ ტომად მოვიხსენეთ არა ყაზანის, არამედ სანკტ-პეტერბურგის გამოცემა, რომელშიც შედის სწორედ ის 7 ნაწილი. ისე, თქვენს ადგილზე, ამ, საკმაოდ ძვირადღირებული გამოცემის საჩუქრად შემომთავაზებელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, მადლობას მაინც ვეტყოდი…

,,კანონისტი” _ ,,დიდგორს”: ,,ისიც კარგია, პავლე მოციქულს რომ ვერ მოესწარით, თორემ სამსხვერპლო ბომონს რომ ქრისტეს სახელი უწოდა საიმისოდ, რომ წარმართნი მოექცია (საქმ. 17 თავი), ალბათ ანათემის ცეცხლს გადასცემთ, რეებსაა შენ რომ ბედავ, რას უწოდებ მაცხოვრის უწმიდეს სახელს, “საეკლესიო სამართლით” განკვეთილი ხარ მოციქულებიდანო!!”.

პასუხი: ამან უნებურად გაგვახსენა 3-4 წლის წინანდელი, მივიწყებული ამბავი: საქ. საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი მღვდელი გვეუბნება, პავლე მოციქულმა, წარმართნი რომ მოექცია, სამსხვერპლო ბომონს ,,დიდი ღმერთის” სახელი უწოდაო (მიგვითითა ,,საქმე წმ. მოციქულთა”: 19,27)… ბუნებრივია, გაგვაოგნა ამის მოსმენამ (რა თქმა უნდა, არა იმან, _ ეს რა უთქვამს მოციქულსო; არამედ იმან, _ ამას რას ამბობს მღვდელი-თქო) და რახან ჩვენი მოსაუბრე თავდაჯერებით მოითხოვდა, წმ. წერილის მოცემული ადგილი გადამეკითხა, ეს იქვე გავაკეთე, მაგრამ იქ, რა თქმა უნდა, სრულიად საწინააღმდეგო წერია: ეფესოში, ვინმე ვერცხლისმჭედელი დიმიტრი, საკუთარი შემოსავლის დაკარგვის შიშით აღძრავს რა წარმართებს წმ. მოციქულ პავლეს სამტროდ, ბრალდებით, _ მან ამის თქმით, ,,არა არიან ღმერთნი ხელით ქმნულნი”, მრავალნი შეაცდინაო (26), ამბობს (დიახ, დიმიტრი და არა პავლე): მისი (პავლეს) ქადაგებით ,,დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი* და ასიაი** ჰმსახურებს” (27).

______________

*მთელი ქვეყანა.

**აზია.

ახლა, მოვიხმოთ ოპონენტის მიერ მითითებული ადგილიც, სადაც წმ. პავლე არეოპაგელებს შეჰღაღადებს: ,,…კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. რამეთუ, მიმო-რაი-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაური ღმერთი. აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ, ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაი არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაი არს უფალი, არა ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს, არცა კაცობრივთა ხელთა მიერ იმსახურების…” (საქმე: 17,22-25). ასე, რომ წმ. პავლემ ქრისტეს სახელი უწოდა არა ბომონს (ნუ იყოფინ; უფლის მოციქულისადმი ეს უნებური, მაგრამ მკრეხელური ცილისწამება ღმერთმა გაპატიოთ!), არამედ მასზედ გაკეთებულ წარწერას: ,,შეუცნობელ ღმერთს!”. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად სხვადასხვა რამაა და ,,შუა უზის დიდი ზღვარი”, რადგან წმ. მოციქულებზე უკეთ არ ვუწყით, რომ ,,ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან” (ფსალმ. 95,5).

არაკეთილგანწყობილმა მკითხველმა ჩვენზე უცებ იფიქრა, _ რა მოხდა, ადამიანს ტექსტი აერია და ჩვენი ტაძრის მღვდელსა და მედავითნეს (წიგნისმკითხველს) ამასაც უკირკიტებო?!. რა თქმა უნდა, საქმე რომ მხოლოდ ამაში იყოს _ კაცმა ერთის ნათქვამი, შემთხვევით, მეორეს მიაწეროს _, ამ შემთხვევას არც გავიხსენებდით, რადგან ტექსტი ვის არ არევია! მაგრამ აქ საქმე გვაქვს არა, ასე ვთქვათ, ფილოლოგიურ წვრილმანთან, არამედ დიდ საშინელებასთან: მორწმუნემ, რაც არ უნდა ცუდად ახსოვდეს წმ. წერილი, როგორ უნდა დაუშვას, რომ ღმერთის წმ. მოციქული ასეთ რამეს იტყოდა?! _ ამას აქვს ერთადერთი, მაგრამ არა გამამართლებელი ახსნა: როცა ჩვენ ვამბობთ და ვწერთ ხოლმე, საქ. ეკლესიაში, სამწუხაროდ, ,,სერგიანული” სულისკვეთებაა გაბატონებული-თქო, მისი მსახურნი მრისხანებაში ცვივიან. მაგრამ აქ წარმოდგენილმა მაგალითებმა ეს კიდრვ ერთხელ არ დაადასტურეს?!: ხომ ხედავთ, მედავითნე როგორ ამბობს, _ პავლე მოციქულმა ეს ქნა ,,საიმისოდ, რომ წარმართნი მოექცია”-ო; ხოლო ზემოხსენებული მღვდელიც, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, იგივე მიზნით ამართლებდა იგივე ქმედებას. აი, სადამდე შეიძლება, დაიყვანოს მორწმუნეები გაუკუღმართებულმა აზროვნებამ, რომელშიც აღმსარებლობის სული შეუცვლია ყველასთან დათმობებზე წასვლას, ვითომ, ,,საიმისოდ, რომ წარმართნი მოაქციონ” ან ,,ეკლესია გადაარჩინონ”. მაგრამ ეკლესიას ჩვენ კი ვერ გადავარჩენთ, ეკლესიამ ჩვენ უნდა გადაგვარჩინოს. თანაც, კათოლიკურ-იეზუიტურ-მასონური ,,მიზანი ამართლებს საშუალებას”, ბევრს, რატომღაც, ქრისტეანული დევიზი ჰგონია…

,,მხევალი ნინო” (ჩვენზე): ,,რა საწყენია, სასულიერო პირი, ჩვენებად და თქვენებად რომ ყოფს საოზგადოებას…”.

პასუხი: განსაკუთრებით მძიმე წასაკითხია თქვენი ეს შენიშვნა, რადგან ჯერ ერთი, ჩემო დაო (შესაძლოა, ძმაო), ,,ჩვენ”-ს და ,,თქვენ”-ს ვხმარობთ, როგორც I და II პირის ნაცვალსახელებს, შესაბამისად, საკუთარ თავსა და ჩვენს ოპონენტზე (ოღონდ, უბრალოდ, მრავლობითი რიცხვის ფორმას ვხმარობთ საკუთარ თავზე მოკრძალებულობის, ხოლო საპასუხო ობიექტზე _ ზრდილობიანობის გამოსახატავად), და არავისაც არ ვყოფთ და არც ამის უფლება-სურვილი გვაქვს. და რაც მთავარია, ხალხს ჩვენ როგორ ვყოფთ, როცა ჩვენსას არაფერს ვქადაგებთ?! უფალი კი, ვისი მოძღვრების ქადაგებასაც ვცდილობთ, თავად ბრძანებს: ,,ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვი თქუენ, არამედ განყოფად. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან; და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი” (მარ.: 12, 51-52; მათ.: 10, 36). როგორც ჩანს, ამ ,,ფორუმელს” ჯერ წაკითხული არა აქვს ეს სიტყვები*…

______________

*თუმცა, ეს რა გასაკვირია, როცა იგივე სიტყვები სახელმწიფოს პირველმა პირმაც (ე. გ. შევარდნაძე) კი, ერთხელ, საჯაროდ გამოსვლისას უკუღმა მოიყვანა, რადგან, როგორც ჩანს, როცა მას ,,სახარებიდან” ეს ადგილი მისმა მრჩევლებმა დაუწერეს, ქვეცნობიერად იფიქრა, _ აქ, უსათუოდ, შეცდომაა, ქრისტე ამას როგორ იტყოდა, _ პირიქით უნდა იყოსო…

,,აბხაზი” დაგვექადნა, ჩვენც ვიცით ,,რაღაც-რაღაცები” და უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებო…

პასუხი: ველოდებით!

ისე, საკუთარი აღსარების საჯაროდ თქმა, როგორც ამას პირველი ქრისტეანები იქმოდნენ, ღვთის მადლით, არასდროს გვიჭირდა; ამას ჰიმნოგრაფიულად ამაღლებული პოეზიით მომავალშიც ვაპირებთ, თუ უფალი მაცოცხლებს…

,,კანუდოსელი” (ზ. ოსმანოვი ჩვენზე): ,,სხილაძე რომ დებილია და თან პრეტენზიული – ეს რომელ კატეგორიას განეკუთვნება?”

პასუხი: რა უარყოფითი ეპითეტებითაც მამკობთ და სხვებიც ,,მამკობენ”, ყველაფერი ვარ; მაგრამ განკვეთილი _ არა.

,,კაიროსი” (მოგვმართავს): ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი შენდობის თხოვნა და იგივე ჩვენგან, თუკი კამათისას უნებურად რაიმე უზუსტობა გამეპარა ან იგივე მხილება განკითხვაში გადავიდა”.

პასუხი: მარტო უზუსტობა არა და აშკარა ცილისწამება (ხმას რომ მივრცელებთ, მღვდლობაშეჩერებულიაო) კი ,,გაგეპარათ” და ამას არც აღიარებთ და ამაზე შენდობასაც არ ითხოვთ, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, ძმაო, დაო თუ შვილო და თქვენც _ უფალმა მოგიტევოთ! _ მაცხოვარმა რომ თავისი თავი შემაყვაროს ყველაზე და ყველაფერზე მეტად; სულიწმინდით მალოცოს, მატიროს, მააზროვნოს, მამეტყველოს, მაწერინოს, მამართვინოს და მამოქმედოს; მომანიჭოს თავმდაბლობა, სინანული, სიბრალული, სიყვარული, სიმშვიდე, მოთმინება და ბერობის, ასევე, მისთვის მოწამეობრივი (ტანჯვა-წამებით) სიკვდილის სურვილი და ძალა (რომელთა ღირსი, სამწუხაროდ, არა ვარ), _ ეს ჩვენი ოცნება და ყოველდღიური ლოცვაა; ეს სულიერ ასპექტში (ბარემ, იმასაც გაგიმხელთ, რა მოდის ამის შემდეგ: რომ მანვე არ მომასწროს ჩემი უსაყვარლესი მეუღლისა და სულიერი შვილების სიკვდილს; არც _ ჩემი ოჯახის სხვა წევრთა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვინმეს სიკვდილს მსურს, მომასწროს).

მინაწერი (P.S.): იქნებ, დიდ პატივში ჩაგაგდოთ, გამოწვევა რომ მიიღო და ერისკაცს მოძღვარი ,,გაგეპაექრათ”?! ამან ხიბლი არ გაგიძლიეროთ!.. _ თუ ეს ასეა, ესეც შემინდეთ!

+ + +

,,ვინ ჩააცვა ამათ ანაფორაო” _ კითხულობდა, ადრე, ერთ-ერთი მოპასუხე ჩვენზე, ვინც საქ. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ (თუ ვერ) ვიმყოფებით. ამის საპასუხოდ იძულებული ვართ, განვმარტოთ: წინა ,,კომენტარებშიც” ნათქვამია, რომ პირადად ჩვენ უცხოეთში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად, ემიგრაციული ეკლესიის ახლოს გასაცნობად და მის იურისდიქციაში გადასასვლელად ჩამოვედით. მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ პარიზის წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში (კონსტანტინოპოლ-სტამბოლის საპატრიარქო) მსახურების ლოცვა-კურთხევა მოგვცა (სადაც, თავი რომ დავანებოთ მოდერნისტულ-ეკუმენისტურ გადახრებს, სამწუხაროდ, ე. წ. ახალი ანუ შერეული _ ნახევრადკათოლიკური კალენდარული და ცხოვრების სტილია გამეფებული), რაზეც უარი პირადად განვუცხადეთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ სარწმუნოებრივი მოსაზრებით; მერე გაგვგზავნა პარიზის სერბულ ტაძარში, რაშიც, სამწუხაროდ, დავემორჩილეთ (თუ რატომ ,,სამწუხაროდ”, ამას ქვემოთ მიხვდებით)… იქ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არასწორ, საღვთო კანონთა საწინააღმდეგო კურთხევას, რომელი იერარქიდანაც არ უნდა მოდიოდეს, არ უნდა დავემორჩილოთ.

ახლა, _ რაც შეეხება ჩვენს სერბულ ტაძარში მყოფობას.

თავიდან, როცა თბილისის საპატრიარქო ფორმალურად გამოვიდა ეკუმენური ორგანიზაციებიდან (20.05.1997წ.), მიმოთქმა გავრცელდა და დაიწერა, კიდეც, რომ ბელგრადის საპატრიარქოც ტოვებდა ეკუმენურ საბჭოს; ამ ყველაფერმა ზემოთქმულმა და კიდევ იმან, რომ საქართველოს, იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიების, ასევე, ათონის მთის მსგავსად ეს საპატრიარქოც ძველ ანუ სწორ საეკლესიო კალენდარულ სტილს ინარჩუნებდა, დაგვათანხმა სერბულ იურისდიქციაში დროებით შესვლაზე, რადგან იმხანად (2000წ.) მოსკოვის საპატრიარქოსთან ხელოვნური მიერთების დაჩქარების გამო ემიგრაციულ ეკლესიაში არეული მდგომარეობა სუფევდა, ხოლო იერუსალიმის ეკლესიის იურისდიქცია, რომელიც სერბულთან შედარებით უფრო გვიზიდავდა, კანონიკურად მხოლოდ ისრაელ-პალესტინა-იორდანიის ისტორიულ მიწებზე ვრცელდება (თუ არ ჩავთვლით ა.შ.შ.-ში არსებულ რამდენიმე სამრევლოს) და ევროპაში _ არა. თან, უფალს ყოველდღიურად ვევედრებოდით, ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიაში დავემკვიდრებინეთ…

პარიზის სერბულ ტაძარში დაგვხვდა ადამინურად საყვარელი ეპისკოპოსი, გულთბილი ხალხი და ეკლესიურად _ განუკითხაობა…

რამდენიმე წელი ამაოდ ველოდეთ იქ მდგომარეობის გამოსწორებას და ჩვენი მხრიდანაც არაერთგზის ვეცადეთ ამას მოკრძალებული თხოვნით, რჩევით, შეგონებით, მხილებით. მაგრამ ბოლოს, იმედი გადაგვიწურა და როგორც იტყვიან, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა იმან, რომ მოულოდნელად ტელევიზიით ვიხილეთ ჩვენი მმართველი ეპისკოპოსი ეკუმენურ ლოცვაზე ლიონის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკურ მესსაზე კათოლიკეებთან ერთად თანალოცულობდა პროტესტანტთა და სხვათა ,,სამღვდელოება” და ყველა იმ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, რომელსაც აქ, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპაში, ეპარქიები გააჩნია (კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის…). ამ კადრების ნახვისთანავე (და სხვა დარღვევების გამოც), მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობის თანახმად (თუნდაც, ,,ორგზისი წმინდა დიდი კრების” XV კანონი), ვალდებული ვიყავი, შემეწყვიტა ევქარისტიული ერთობა ჩემს ეპისკოპოსთან და მისგან იმ დღიდან ლოცვა-კურთხევაც კი აღარ ამეღო, რადგა მან საჯაროდ იქადაგა (საქმით*) ერესი; კერძოდ, ეკუმენიზმი. ისევ ვეცადეთ, მისგან პასუხი მიგვეღო მომხდარის გამო, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდით რა მის უსუსურობაში, რაიმე შეეცვალა სერბეთის საპატრიარქოში გამეფებულ ეკუმენიზმსა და საერთოდ, ღვთისგან განდგომილებაში (აპოსტასია), _ სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა, მიუხედავად სერბი ეპისკოპოსისა და ერის სიყვარულისა, მიგვეღო გადაწყვეტილება მაინც საზღვარგარეთის ეკლესიაში გადასვლისა (სხვა გამოსავალი, იმხანად, უბრალოდ, არ ჩანდა).

ამის მერე დადგა საკითხი, თუ როგორ მოიქცეოდა ჩვენი ქართული მრევლი. ჩვენ არავისთვის მოძღვრულადაც კი არ გვიიძულებია, ჩვენთან ერთად წამოსულიყო; უბრალოდ, ჩვენგან ტელევიზიით ნანახი სულიერი ,,სოდომ-გომორის” შესახებ ვაუწყეთ**, მდგომარეობა განვუმარტეთ ჩვენს სულიერ შვილებს და თითქმის ყველა, ერთსულოვნად, მცირე გამონაკლისის გარდა, გააზრებულად წამოვიდა ჩვენთან ერთად.

ვინმემ რომ საეჭვოდ არ მიიჩნიოს ჩვენი ამ გადაწყვეტილების წმინდად სარწმუნოებრივი განპირობებულობა (მოტივაცია), იძულებული ვართ, ესეც განვმარტოთ (ისედაც, ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურის ყველაფერი უნდა უწყოდეს ხალხმა): შევნიშნავთ, რომ პარიზის სერბულ ტაძარში დიაკვნობისას საღვთისმსახურო გასამრჯელოს შეგნებულად არ ვიღებდით; მაგრამ ასე იყო თავიდან. ჩვენი მღვდლად კურთხევის (14/27.01.2002) შემდეგ კი, როცა სერბულ ტაძარს ქართული მრევლიც და მისი შენაწირიც მიემატა, ეპისკოპოსისა და სამრევლო საბჭოს გადაწყვეტილებით ეს მდგომარეობა შეიცვალა და ჩვენ ვალდებული ვიყავით, მის ლოცვა-კურთხევას დავმორჩილებოდით და გარკვეულ გასამრჯელოზე დავთანხმებულიყავით. ხოლო ემიგრაციული ეკლესიის რუსულ ტაძარში გადასვლამდე წინასწარ ვიცოდით, რომ იქ არანაირი ნივთიერი დახმარება არ გვექნებოდა (პირიქით, ჩვენი ქართული მრევლი უნდა შეწეოდა მის მცირერიცხოვან ეკლესიას). მაგრამ მიუხედავად ამისა, იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებისადმი ერთგულების ანუ სულის ცხონების ნიშნით შევიცვალეთ და არა სხვა მოსაზრებით, _ ღმერთმა დაგვიფაროს (ხაზგასმით გვსურს, განვაცხადოთ: მით უფრო, უცხო ერისგან ანგარების სახით ერთი სანტიმიც კი არასოდეს აგვიღია და ამას არც არასდროს ვაპირებთ)!

იმ მცირე გამონაკლისს კი, რაც ქართველთაგან სერბულ ტაძარში დარჩა, საქართველოს საპატრიარქოს მღვდლები დღემდე აბრკოლებენ და ნებას არ რთავენ, მოდერნიზმ-ეკუმენიზმში აშკარად მხილებული ეკლესია დატოვონ და მიუხედავად გარკვეული ისტორიულ-ადმინისტრაციული წინაღობებისა, მაინც მართლმადიდებლურში გადმოვიდნენ. _ პირიქით, მორწმუნეებს თუ რწმენაში მოსაქცევ ხალხს ჩვენთან მოსვლაში იმითაც აბრკოლებენ, რომ მათგან (საქ. საპატრიარქოს მღვდელთა და მათ სულიერ შვილთაგან) ერთნი ცრუ ხმებს შეგნებულად ავრცელებენ, თითქოს ჩვენ არაკანონიერი მღვდელი ვართ იმის გამო, რომ ორჯერ ვართ მღვდლად ნაკურთხი (?) _ საქართველოში და საფრანგეთში; ხოლო მეორენი იმასაც ცრუობენ, რომ თითქოს სამღვდელო ხარისხი ჩამორთმეული გვქონდეს. _ ვადასტურებთ: არც საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებს, არც ემიგრაციული ეკლესიის სინოდს და არც არავის ფორმალურადაც კი არ განვუკვეთივართ მღვდლობიდან და ამ ორივე ბრალდების ნამდვილობა-არანამდვილობა ნებისმიერ დაეჭვებულს შეეძლო, გადაემოწმებინა აღნიშნულ ინსტანციებში სატელეფონო ზარითაც კი… მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ხშირად მართლდება წინასწარმეტყველება, _ ერიდეთ, ცრუ ძმებისგან იქნებითო დევნილნი!.. _ ღმერთმა შეუნდოს ჩემს გზააბნეულ ძმებს!

______________

*ქრისტეანულ პრაქსისში საქმე (პრაქტიკა) რომ უმთავრესია, ამას მოწმობენ მაცხოვრის მეორედ მოსვლისას, საშინელ სამსჯავროზე მისგან კვლავ წარმოსათქმელი სიტყვებიც: ,,…განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი”//,,მოქმედნი სიცრუვისანი” (მ. 7,23; ლ. 13,27); ,,მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თვისნი, და შეკრიბნეს სოფლისაგან თვისისა საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი სახუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი” (მ. 13,41-42); ,,გამოვიდოდიან კეთილისა მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა” (ი. 5,29).

**აქ, ალბათ, ,,ფორუმელები” შეგვაგონებენ, არ უნდა გაგემხილაო (შენიშვნები, თარგმანი და ხაზგასმები ჩვ., ავტ.)…

მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი

მღვდ. გიორგი სხილაძე – კომენტარების კომენტარები (ნაწ. III)

კომენტარების კომენტარები (3)

m_g_sxiladze_2

მღვდელი გიორგი სხილაძე (წინდობა)

                                         +  +  +

   აგრძელებთ, შეძლებისდაგვარად, ვუპასუხოთ ,,მართლმადიდებლურ ფორუმზე” ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს (მათი სტილი და პუნქტუაცია აქაც დაცულია).

+

   ,,კანონისტი”*: ,,სქიზმა (ბერძნ. “გახლეჩა”) ეწოდება მოვლენას მართლმადიდებლურ სამყაროში, როდესაც რომელიმე დაჯგუფება უარს ამბობს გარკვეული მოტივებით მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაზე და გადის ცალკე. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოძღვრება ძირითადად ექცევა მართლმადიდებლურ მოძღვრებაში, ამიტომ არ ეწოდებათ “მწვალებლები”, არამედ სქიზმატები, ანუ განხეთქილებაში მყოფები. საეკლესიო კანონებით, მათთან საეკლესიო საიდუმლოებები ისევე მიუღებელია, როგორც მწვალებლების, ხოლო როგორც განდგომილებს, უფლება არ აქვთ ბრალი დასდოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას”.

______________

   *ამ ზედსახელით აქამდე მოქმედი, როგორც მასზე ახლახანს წავიკითხე, ყოფილა შრომისმოყვარე, განათლებული, ენათა მცოდნე, ახალგაზრდა დოქტორანტი დავით ჩიკვაიძე. შვილივით ვლოცავ და ვუსურვებ, აქამდე დაშვებული შეცდომები მალე გამოესწორებინოს, მეტი ცოდნით, გონიერებითა და სულიერებით აღვსილიყოს და წუთითაც არ დავიწყნოდეს წმ. პავლე მოციქულის შეგონება: ცოდნა აამპარტავნებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს. 

   პასუხი: წინააღმდეგობაში ვარდებით, როცა აქ, ამ შემთხვევაში, სწორად წერთ, მწვალებლების საეკლესიო საიდუმლოებები მიუღებელიაო, ხოლო სხვაგან _ არასწორად: ,,მსოფლიო კრების კანონები ერეტიკულ საკრებულოთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ცნობენ”; ჩვენზე, თქვენივე ევქარისტიის ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხსა და განუკვეთელ მართლმადიდებელ მღვდელზე, სიტყვა მღვდელს ,,ბრჭყალებში” სვამთ (რითაც ჩვენს მღვდლად არცნობას გამოხატავთ), ხოლო რომაული კათოლიციზმის მწვალებელ ,,პაპს” _ არა, რითაც მის პაპობას ანუ პატრიარქობას ცნობთ, რასაც, ირიბად, არც სხვაგან მალავთ: ,,რომის ეკლესიის მეთაური და თვითონ ეკლესია…”. რომის მწვალებლურ საკრებულოს მწვალებლურს თუ არ უწოდებთ, სქიზმატიკურს მაინც რატომ არ უწოდებთ, როგორც ამას იოლად აკეთებთ მართლმადიდებლებთან მიმართებაში?

   იგივე (მოგვმართავს ჩვენ): ,,საერო პირს დამოძღვრის უფლება რომ არ მაქვს ვიცი. არც ვაპირებ”.

   პასუხი: იცით, მაგრამ მაინც იქმთ! რადგან დამოძღვრა მარტო ის კი არ არის, ერისკაცმა ანაფორა მოისხას და ისე იქადაგოს, არამედ ის, რასაც თქვენ _ ზოგგან, უხეში შეცდომებით _ წერთ და ავრცელებთ ეკლესიოლოგიურ-სამოძღვრო საკითხებზე; საინტერესოა, ვისი ლოცვა-კურთხევით?

   იგივე: «ფაქტია, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონით არაერთი მწვალებელი (მათ შორის – არიოზის მიმდევრებიც კი!) მიიღებიან ნათლისღების გარეშე, რადგან “მათი ნათლისღება არ განსხვავდება მართლმადიდებელთაგან”».

   პასუხი: ამ ციტატაში, რომელიც დედანში ასეა _ ,,ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან”, ნათქვამია არა ის, რომ მათი ნათლისღება სრულყოფილ ანუ მადლმოსილ ნათლისღებად ითვლება, არამედ ის, რომ მათნაირი ნათლისცემა (იგულისხმება _ ნათლისცემის ფორმა და ფორმულა ანუ წყალში სამგზისი შთაფლვა) გარეგნულად იგივეა, რაც მართლმადიდებლური. ეს რომ ასეა, ადასტურებს იმავე კანონში ამ ციტატის გაგრძელებაც: ,,რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორებიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი ანუ ფრიგიელნი [ანუ პეპუზიანელნი], საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩანიან, და სხვა მწვალებლები… თუ მოისურვებენ მართლმადიდებკლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან, როგორც წარმართნი [ე. ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ]”.

   დავით, წინა კომენტარებში ორგზის შეგაგონეთ წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონებით, მაგრამ მაინც აგრძელებთ მკითხველის შეცდომაში შეყვანას, _ თითქოს, ეკლესიის მიღმა ნათლობის საიდუმლო აღესრულებოდეს. რაღას მივაწეროთ ეს? ჰკითხეთ, ერთი, ჩემზე და თქვენზე სულიერ და განათლებულ ადამიანებს, მაგ., ედიშერ ჭელიძეს (გიორგი ანდრიაძესთვის, წინა კომენტარში გთხოვეთ, გეკითხათ), მღვდ.. არჩილ მინდიაშვილს, თეოდორე გიგნაძეს, ზურაბ ანთაძეს, არქიმ. რაფაელ კარელინს, ეპ.. იოანე გამრეკელს, სპირიდონ აბულაძეს ან სხვას, ან ბოლოსდაბოლოს, თვით პატრიარქს (გთხოვთ, მათი პასუხი გამოაქვეყნოთ ან ჩვენ მაინც მოგვწეროთ; წინასწარ გმადლობთ!). ისე, აქ ჩამოთვლილთაგან სიამოვნებით დავჯდებოდით ერთ-ერთთან ან ყველასთან ერთად, პირისპირ, საპატრიარქოს ან სხვა ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთით, და მიუხედავად იმისა, რომ მათზე უღირსი ვარ ცოდნითაც და ყველაფრითაც, თქვენც და მსმენელთაც, ,,მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა” (წმ. პავლე თებელის ,,კონდაკიდან”), ბევრ რამეზე აგეხილებოდათ თვალი, რადგან ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და სიმართლე ჩვენს მხარესაა; ხოლო სადაც სიმართლეა, იქ უფალია; უფალი კი უძლეველია.

   იგივე: ,,მსოფლიო კრებებმა რამდენიმე სამოციქულო კანონი გააუქმეს, მათ შორის – ეპისკოპოსთა ქორწინებისა. საეკლესიო კანონებით კი, მოქმედებს უფრო ახალი კანონი”.

   პასუხი: აქაც, დაბნეულობაში შეგყავთ სარწმუნოებაში გამოუცდელნი და აფიქრებინებთ, რომ წმ. მოციქულები ერთს ასწავლიდნენ და სხვა წმ. მამები _ მეორესო. სინამდვილეში, მსოფლიო კრებებმა ,,ეპისკოპოსთა ქორწინების” (ასეთი რამùარ არსებობს) კანონი კი არ გააუქმეს, არამედ, VI მსოფლ. კრებამ დაადგინა, იმიერიდან ეპისკოპოსებად მხოლოდ შავი (ბერად შემდგარი) სამღვდელოებიდან აერჩიათ, რადგან იმხანად, უკვე, ბერ-მონაზვნობა საკმაოდ მომრავლებულიყო. თან, კრებამ განმარტა, რომ წმ. პავლე მოციქულის სტყვები, ,,[ეპისკოპოსი] ერთის ცოლის ქმარ” (I ტიმ., 3: 2), ნიშნავს არა იმას, რომ ცოლი უნდა ჰყავდეს, არამედ იმას, რომ მომავალი ეპისკოპოსის ერთნაცოლარობაა დასაშვები და არა ორნაცოლარობა (,,მცირე სჯულისკანონი”, VI, 83).

   იგივე (მოგვმართავს): ,,მესმის, რომ ძნელია, საერო პირისგან და მით უმეტეს – ასაკით ახალგაზრდისგან მხილების მიღება, მაგრამ იქნებ შეძლოთ….”.

   პასუხი: აქ კი ნამდვილად ვეღარ გათვალეთ, რა სიმართლეც წაგცდათ… თქვენივე ლოღიკით, თუ სასულიერო პირის მხილება დასაშვებია საერო პირისგან, ,,მით უმეტეს _ ასაკით ახალგაზრდისგან”, ეს მით უფრო არაა დასაშვები სასულიეროსაგან?!. ან წამაკითხეთ, სად წერია, _ მღვდლის მხილება შეიძლება, ხოლო მღვდელმთავრის _ არა?!. თქვენ ჯერ მათ მიმართეთ, ვისაც ჩვენ ვამხელთ, მხილების მიღება, იქნებ, შეძლოთ-თქო და მერე (ან მანამდეც), სიამოვნებით მოგისმენთ, _ რაში მამხილებთ, რომ ამისი მიღება შევძლო. ოღონდ, გთხოვთ, მიმითითეთ კერძოდ და გარკვეულად და არა ზოგადად და ზერელედ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით! ჩემი მხილება რომ გაგიადვილოთ, იქნებ, გაგახსენოთ, რას გვასწავლის ეკლესია ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”? და რა მოხდება იმ შემთხვევაში, ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს”? თან, გთხოვთ, რომ თქვენ, როგორც კანონისტმა, ამიერიდან ამით მაინც დამოძღვროთ ახალგაზრდობა:   

   ,,ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, _ იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებულ იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი” _ ,,დიდი სჯულისკანონი” (თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 1975წ. (ძველქართულად); ახალქართულად _ ,,საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987წ.), ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს: ბასილი დიდის კანონი 71″.

   იგივე (მოგვმართავს): ,,II მსოფლიო კრების მე-6 კანონი გაიხსენეთ, რას გიკრძალავთ იგი საქართველოს ეკლესიის მიმართ”.

   პასუხი: ჯერ რომ ის გაგვეხსენებინა, რას უკრძალავს ეს და სხვა მრავალი კანონი თქვენს სათაყვანო იერარქებს, ძალზე შორს წავიდოდით… მაგრამ მოდით, მაინც, ერთად გავიხსენოთ ეს წმინდა კანონი და მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა, ვის მხარესაა სიმართლე:

   ,,კონსტანტინოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე; არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი; და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი. საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება, ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ, ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, _ სამღვდელო პირი იქნება იგი თუ საერო. არ მიიღება არც ის ბრალმდებელი, ვინც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი. […] ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. […]”.

   რას და ვის უკრძალავს ეს დიდებული კანონი ,,საქართველოს ეკლესიის მიმართ”, როგორც თქვენ ამბობთ? _ ცილისწამებას ყველას, ხოლო ბრალმდებლობას _ მწვალებელს, განხეთქილების მომწყობს, ეკლესიის ან ვინმესგან ბრალდებულს, განკანონებულს, გაძევებულსა და უზიარებლობით დასჯილს. უღირსი ადამიანი კი ვარ, მაგრამ აქ ჩამოთვლილთაგან რომელში მდებთ ბრალს? ვთქვათ, განხეთქილების მოწყობაში? _ თქვენ მსჯელობა იქით მიგყავთ, რომ ემიგრაციული ეკლესია, სადაც ამჟამად ვართ, განხეთქილებაა და მისი წევრი _ ე. ი. განხეთქილების მომწყობი. მაგრამ აქ ორგზის ცდებით: 1. ეს ეკლესია, ჩვენი და მრავლის გამოძიებითა და ცრწმენით ეკლესიაა; 2. დავუშვათ, ასეც რომ არ იყოს, თეორიულად, განხეთქილებაში მყოფი არ გულისხმობს განხეთქილების მომწყობს. ზემორე, თქვენს მიერვე რეკომენდირებულ კანონში, გარკვევითაა ახსნილი, ვინ არიან ,,განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ” (იგულისხმება ეპისკოპოსი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს, ხოლო ხუცესი ან დიაკონი _ თავის ეპისკოპოსს არასაკმარისი მიზეზით განდგომილი). პირადად, ჩვენ არანაირი ,,ცალკე კრება” არ მოგვიწყვია, არც უკურთხევლად საკურთხეველი აღგვიმართავს და ამას არც მომავალში ვაპირებთ; ღმერთმა დაგვიფაროს! თანაც, ჩვენს მიმართვებში ვახდენთ არა ბრალდებას, არამედ მხილებას (ამ ცნებას, კიდევ ერთხელ, ურევთ აქ, უკვე, ბრალდებაში), რადგან ბრალდება გულისხმობს რაღაც დაფარული ქმედებისა თუ აზრის სააშკარაოზე გამოტანის მცდელობასა და შესაბამის დასჯას (რაც იგულისხმება ზემომოტანილ კანონში, როცა საუბარია საჩივარსა და მის დამტკიცებაზე). ხოლო ჩვენს შემთხვევაში არაფერია დაფარული და გამოსაძიებელი, არც გასასაჩივრებელი და დასამტკიცებელი, _ ყველაფერი ის, რაზეც გულისტკივილით ვსაუბრობთ, თქვენ რომ ლანძღვა-გინება გგონიათ, განა ვერ ხედავთ, დღისით, მზისით რომ ხდება და გამოსწორება არაფერს ეტყობა?: ყველა ,,სიკეთესთან” ერთად, ტაძრებსა და სახლებში გახურებული ვაჭრობა მღვდელმოქმედებისას _ საკურთხეველში ,,მოსარიგებლად” მეჯვარეების შეყვანითა და მღვდლის მიერ სიძის საქორწინო ბეჭდის გირაოდ დატოვების ჩათვლით… უფალმა მრუში დედაკაცის ცოდვა, ხუთი ,,ქმარი” რომ გამოეცვალა, დაფარულში მშვიდად ამხილა, ხოლო ისრაელი ერის საპირველიერარქო საყდარზე საჯაროდ ამბობს: მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი (მათე: 23, 2). და მთავარ ტაძარში აშკარად მოვაჭრე ხალხს მაგიდები აუყირავა, მტრედები დაუფრთხო და მათრახით გამოასხა გარეთ ყველა, ,,და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს; ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა” (ლუკა: 19, 46). თანაც, ამის ხილვა მის მოციქულებს უნებურად გაახსენებს უფლის სიტყვებს, თქმულს დავით წინასწარმეტყველის პირით: ,,[უფალო], შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე” (ფსალმ.: 68, 10), რაც იმას მოასწავებდა, რომ განკაცებულ ღმერთს სწორედ მისი მსახურნი _ მღვდელმთავარნი მოკლავდნენ…

   იგივე (მოგვმართავს): ,,ჭეშმარიტი რწმენით აღვსილი დაუბრუნდით დედაეკლესიას”.  

   პასუხი: თქვენი ქვეცნობიერი გათვლა ასეთია: რახან ქართველი სასულიერო პირი საქ. საპატრიარქოს იურისდიქციაში არ ვიმყოფები, ზერელე მორწმუნეებს აფიქრებინოთ, მაშ, განხეთქილებაში იმყოფება ეკლესიასთანო. აკი, პირდაპირ ასკვნით, კიდეც და მმოძღვრით _ დაუბრუნდით დედაეკლესიასო (ბევრს დედაეკლესიის ცნებაც რომ არასწორად ესმის, ამას მკითხველს ქვემოთ განვუმარტავთ)! მაგრამ თქვენ და თქვენი სულიერი ძმები აქ სიტყვას ,,დედა” შემთხვევით არ ხმარობთ ხოლმე; არამედ, _  რათა ამით გააძლიეროთ მგრძნობელობითი (ემოციური) ფონი, რომ დედის მოღალატესთან გაიგივებულის წარმოდგენით უფრო გაგიადვილდეთ განხეთქილების მომწყობთა რიგში ჩვენი შერაცხვა, რათა ეს კანონი რამენაირად უარყოფითი ასპექტით ,,მოგვარგოთ”… გავიწყდებათ კია, რომ ბევრი ქართველი წმინდანი არ იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ისეთ ეპოქებშიც კი, როცა იბერიის ეკლესია სულიერად ჰყვაოდა და რა საგანგაშოა, ჩემისთანა უღირსსაც რომ იგივე ბედი ეწია პოსტათეისტურ დროებაში, როცა საქ. ტაძრები ქცეულა ქვაბ ხორციელ თუ სულიერ ავაზაკთა და ახალი ,,რუის-ურბნისის” კრებას საჭიროებს?!. თუ იმის თქმა გსურთ, რომ სხვა ევქარისტიაში მყოფს უფლება არა აქვს ჩვენს საქმეებში ჩარევისო, ამაზეც მოგახსენებთ, რომ კანონთა მიხედვით, ეს ეხება შიდაადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებს (ამაში არასდროს ჩავრეულვართ) და არა დოგმატურ-კანონიკურსა და ზნეობრივს. თანაც, უფრო მეტს გეტყვით: სხვა ევქარისტიაში არ ვყოფილვართ, ერთი ბარძიმი გვქონდა თქვენ და მე, როცა გამოვეცით ჩვენი ნარკვევი*, რომელშიც, ყველა ძირითადი მტკივნეული საკითხია დასმული, მაგრამ ვინ შეაშფოთა ამან და თქვენგან ან საქ. საპატრიარქოდან ვინ გამოგვეხმაურა (თუ არ ჩავთვლით, მუქარებსა და შეურაცხყოფებს)?!

______________

   *«საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან” ,,გარდაქმნამდე” (1985-2003წწ..)», პარიზი, 2004წ.; ელექტრონული ნუსხა: http://saqme.fr/saqme%20pdf.pdf

   აი, დედაეკლესიის დაპირებული განმარტებაც: ეკლესიასთან მიმართებაში ,,დედა”, პირველ ყოვლისა, იხმარება იგივე მნიშვნელობით, როგორც ცნებებთან: არსი, მიწა, სამშობლო (აქედან, _ ,,ადგილის დედა”, ,,ქართვლის დედა”), ენა, აზრი, ბოძი, ქალაქი, ძარღვი, ბუდე, ფუტკარი და სხვ., რაც დიდ განმარტებას არავისთვის საჭიროებს, რადგან როგორც დედაა მშობელი ახალი სიცოცხლისა, ისეა ეკლესია სულიერად აღმომშობელი სულისა. ეკლესია არის ,,სძალი უფლისა”, რომელთანაც ღმერთკაცს ისეთივე სიყვარული აქვს, როგორიც სიძეს სასძლოსთან (ეს მხატვრული სახეებით ყველაზე სრულყოფილადაა გადმოცემული წინასწარმეტყველ სოლომონის წიგნში ,,ეკლესიასტე” და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში). სახისმეტყველებითად, ეს მოჰგავს ,,ქალწულსა მდედრსა”, რასაც თავად წმ. ეკლესია უწოდებს წმ. ნინოს მისდამი აღვლენილ ლოცვა-საგალობელში (,,დაუჯდომელი”, ,,იკოსი” XI). ხოლო ეკლესიოლოგიურ-ისტორიული გაგებით რომელიმე საპატრიარქო საყდრისთვის დედაა მისთვის ქიროტონიულ-ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის, ავტოკეფალიის, მიმნიჭებელი ეკლესია; ჩვენს შემთხვევაში _ კონსტანტინოპოლ-ანტიოქიის ისტორიული საყდრები, სლოვენური ეკლესიებისთვის _ ასევე, ბერძნული საყდარი და ა.შ. მთლიანობაში, ეს ეკლესიები _ მიმნიჭებელიც და მინიჭებულიც _ ერთიდაიგივე დოგმატურ-კანონიკურ საზღვრებში (დასაშვებია, მხოლოდ, ეროვნულ-საწესჩვეულებო სახესხვაობანი) არსებობს და მისტიკურად დედაეკლესია წარმოადგენს ერთ, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას. რომელიმე მის წევრ ანუ და-ეკლესიას (აქ დაი დედის ანალოგიითაა) აბსოლუტური დამოუკიდებლობა არა აქვს, რადგან რომელი საყდარიც გადაცდება ამ საზღვრებს, ის მეყვსეულად ხვდება წმ. გენადი კონსტანტინოპოლელისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლისეული კითხვის ნიშნის ქვეშ: განეშორა, ან როდის განეშორება მას მადლი სულისა წმიდისა, რაც არის რელიგიური კრებულის ეკლესიად ყოფნის უცილობელი პირობა? ამიტომ, ნებისმიერ გულწრფელ მორწმუნეს არათუ უფლება, ვალდებულებაცა აქვს, ,,სხვის საქმეში” ჩაერიოს, რადგან, ვთქვათ, რომელიმე ეკუმენისტურმა სინოდმა რომ ამერიკელი და ინგლისელი პროტესტანტებივით ქალი ,,აკურთხოს” სასულიერო პირად, საქ. იერარქია მის საქმეში არ ჩაერევა და სტუმრად გამოგზავნილ მღვდელქალა ,,მზექალას” საკურთხეველში შეუშვებს და მას ხელზე ეამბორება?  

   ასე, რომ ,,დედაეკლესია”, დისციპლინარული გაგებით, არ წარმოადგენს მგრძობელობით-მამულიშვილურ, ეთნოფილეტურ ცნებას. ასეთი გაგებით, შეგეძლოთ, გეხმარათ ,,მშობლიური ეკლესია”, ვინც (და არა _ რაც) ნამდვილად რომ გვენატრება, ამას, ჯერ კიდევ, ჩვენს 5 წლის წინანდელ, ზემოდასახელებულ ნარკვევში გამოქვეყნებული ჩვენივე სონეტის მინამღერიდან იგრძნობდა გულგამთბარი მკითხველი: მომასმენინეთ, გევედრებით, რამე ქართული, რომ ჩემი ერის ტკივილები უფრო მეტკინოს!..

   იგივე: ,,ისე კი, სასხვათაშორისოდ, აღვნიშნავთ, რომ რუსული ემიგრანტული ეკლესია დაუბრუნდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს”.

   პასუხი: სად არის ლოღიკა თქვენს მსჯელობაში? თუ ეს მართლაც ასეა, როგორც აქ წერთ, მაშ, როგორც ემიგრაციული ეკლესიის მღვდელს, რატომღა გვიწოდებთ სქიზმატიკოსს? ხოლო თუ _ არა, რატომ წერთ ასე?

   მკითხველს კი განვუმარტავთ: ემიგრაციული ეკლესია არც არასდროს განვარდნილა მსოფლიო მართლმადიდებლობის წიაღიდან. მისი არსებობის ოთხმოცდაათწლიანი მყოფობის ბოლო ათწლეულში დაიწყო, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, შიდააპოსტასია, რაც მოსალოდნელიც იყო, უკვე, დასავლურ-ამერიკულ გარემოში გაზრდილი ახალი თაობისგან. დაიწყო გადაბირების ოპერაცია, რომელსაც, უშუალოდ, ჩვენი მტერი და მკვლელი ვ. პუტინი ხელმძღვანელობდა თავის აგენტურასთან ერთად. კრემლისა და საპატრიარქოს ერთობლივი მიზანი იყო, რომ ამ იურისდიქციას, მოსკოვთან მიერთებით (თვითლიკვიდაციით), არსებობა შეეწყვიტა, როგორც ემიგრაციულ ეკლესიას, რათა ბოლომდე ჩაეხშოთ თავიანთი სინდისის მამხილებელი ხმა, რომელიც მსოფლიოში ყოველთვის გაისმოდა ემიგრანტებისგან. მაგრამ მადლობა ღმერთს და ამ ეკლესიის პირველიერარქმა _ მიტროპოლიტმა ვიტალიმ, რომელიც 96 წლის ასაკში აღესრულა, გარკვეული სისუსტეების გამოვლენის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო როგორც მისი ღრმა ასაკით, ასევე, მისი იურისდიქციის უდიდესი ნაწილის გადაბირებითა და კრემლის საპატრიარქოსთან ,,მიბმით”, _ საბოლოოდ, სიცოცხლის ბოლო წლებში, შეძლო ძალების მოკრება და ფიზიკური დევნის, დაპატიმრების (ამის ვიდეოკადრები არსებობს), ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ძალით შემოწმებისა და მრავალი სხვა ცილისწამებისა და ბინძური ზემოქმედების მიუხედავად, სინოდიდან ერთ-ერთ ეპისკოპოსთან (სხვათაშორის, ბაბუით ქართველთან) ერთად აკურთხა ახალი ეპისკოპოსები და ასე განაახლა და ააღორძინა ემიგრაციული ეკლესია*, რომელშიაც დღეს ჩვენც ვიმყოფებით ქართულ-რუსულ-ფრანგულენოვან მრევლთან ერთად.

______________

   *მიტრ. ვიტალის გარდაცვალების შემდეგ, 2006წ., პირველიერარქის მოვალეობას ასრულებს სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი ვლადიმერი, რომელიც კატაკომბურ ეკლესიაშია გაზრდილი; ჩვენი, პარიზისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მმართველია ეპისკოპოსი ბიქტორი, ეროვნებით გერმანელი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც მღვდელმთავრად კურთხევამდე ციმბირის უღრან სტეპებში მღვდელმონაზვნად მოსაგრეობდა.  

   ჩვენ აქ არ შევუდგებით ემიგრაციული ეკლესიის ისტორიის მოყოლას; შევნიშნავთ, მხოლოდ: ჰკითხეთ, ერთი, ქართველ სამღვდელოთა განათლებულ ნაწილსა და ღვთისმეტყველთ, რომლებიც, პირადი საუბრებიდან ვიცით, დიდ პატივს მიაგებენ ამ ეკლესიის მამებს: ამერიკელი მღვდელმონ. სერაფიმე როუზი (როუზენი) და წმ. იოანე მაქსიმოვიჩი _ შანხაიის, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მთავარეპ., სასწაულთმოქმედი, წმ. მიტრ. ფილარეტ აღმსარებელი და მთავარეპ. ამბერკი და სხვ., რომელთა წიგნებსაც ისინი ავრცელებენ, _ სქიზმატიკოსები იყვნენ-თქო?! ან, იქნებ, სქიზმატიკოსი იყო ამ ეკლესიაში კათოლიკობიდან გადმოსული, ესპანური წარმოშობის კანადელი იოსებ მუნიოსიც, რომლის ხელებშიც, მის წამებით მოკვლამდე, 15 წლის მანძილზე მოსდიოდა მირონი ყოვლადწმ. ღვთისმშობლის იბერიის (ქართული) ხატის ასლს (რომლის სახელობისაცაა ჩვენი პარიზული სამრევლო)?!

   ჩვენს მიდგომებში ის განსხვავებაა, რომ ჩვენ კერძო, თუმცა, საგანგაშო, ხასიათის დარღვევებს ვგმობთ, ხოლო თქვენ _ ეკლესიას (ღმერთმა შეგინდოთ!).  

   იგივე (მოგვმართავს): ,,რაც შეეხება თქვენ მიერ ჩამოთვლილ “უბედურებებს”, რომლებიც ვიღაც-ვიღაცეებს ეწვიათ, მინდა გითხრათ, რომ მე ეს არაფრის საფუძველს მაძლევს, რადგან არაერთი წმინდანი ვიცით, უეცარი სიკვდილით აღსრულებული და მგონი ეს მათ ემიგრანტული ეკლესიის მხილებით არ მოსვლიათ”.

   პასუხი: წინა ,,კომენტარებში” რომ მაგალითები მოგიტანეთ, იქ საუბარი იყო ემიგრაციული ეკლესიის არა მხილებაზე, არამედ გმობაზე (მოკლედ, მხილებას, ამ სათნოებას, აქამდე განკითხვასა და ლანძღვა-გინებაში ურევდით, ახლა კი _ გმობაში). დიახ, წმინდანიც შესაძლებელია, ჩვენთვის დაფარულ მიზეზთა გამო უცნაურად გარდაიცვალოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წმ. ეკლესია, შესაძლებელია, ვგმოთ და უცნაური სიკვდილით არ დავისჯებით. ზემოხსენებული მაგალითები შეგვიძლია, შემთხვევითობას მივაწეროთ თანაბრად იმავე ხარისხის ალბათობით, რა ხარისხის ალბათობითაც შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჭეშმარიტების ანუ სიმართლის და წმ. ეკლესიის მგმობელი არიოზი შემთხვევით ჩავარდა თავით საპირფარეშოს ორმოში და გაიგუდა…

   იგივე (მოგვმართავს): ,,საიტი*, რომელიც ასე ანგაჟირებულია პოლიტიკური ამბიციებით, თქვენნაირი მოზომილი მოსაზრება მას არ ესაჭიროება არანაირად…..”.

______________

   *იგულისხმება ,,დიდგორი”.

   პასუხი: აქ დაშვებულ ღრამატიკულ ლაფსუსსა და იმას რომ არ შევეხოთ, _ აქ, ალბათ, სიტყვის ,,ესაჭიროება” ნაცვლად სიტყვის ,,ესადაგება” ჩასმა რომ გსურდათ, _ სიბრძნისმეტყველებით განსჯას მაინც გიწუნებთ, რადგან საღი აზრი გვკარნახობს: მოზომილი მოსაზრება სწორედ ანგაჟირებულს ესაჭიროება, თუ ესაჭიროება! რაც შეეხება საერო ელ-გვერდ ,,დიდგორს”, რომლითაც ქადაგების შეწყვეტას გვიკიჟინებთ, თუ გნებავთ, ჰკითხეთ მის რედაქტორსა და პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს და ჩემზე უფრო გულწრფელად ისინი განგიმარტავენ, რა უფრო მოგვწონს და რა არა _ რას ვუსწორებთ ერთმანეთს და რას არა… რედაქტორს პირადად ვიცნობთ და რახან გაინტერესებთ, შეგვიძლია გითხრათ, რომ არის პატიოსანი ახალგაზრდა კაცი, ეროვნული ხელისუფლების კანონიერი წარმომადგენელი _ რომელსაც მუხლი არ მოუდრიკავს ,,ბაალის” წინაშე _, ღვთისმეტყველების სიღრმეებით დაინტერესებული მორწმუნე, მართლმადიდებლობის დაცვის მოშურნე, ეკლესიისათვის თავგადადებული მრევლი… რომ აღარ გავაგრძელო, ამ ადამიანს უფლისა და სამშობლოსათვის (მათ შორის, ჩემთვისაც და თქვენთვისაც) სიკვდილი სწყურია. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ კი, რომელიც რელიგიურ გვერდს განაგებს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობთ, სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა მაინც გვაქვს უფლისადმი და მოყვასისადმი მისი უანგარო სიყვარულის, რჯულის დაცვისთვის თავგანწირულობისა და დაუღალავი შრომისმოყვარეობის გამო. ღმერთმა გამოგვასწორებინოს ჩვენი შეცდომები ოთხივეს და დაგლოცოთ სამივენი!

   იგივე (გვირჩევს): ,,საიტს, რომელსაც (უფალმა შეუნდოს!) პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვები მოჰყავს ლამის წმინდა მამასავით, რომელსაც ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა შტაინერიზმთან, თქვენ ნამდვილად უნდა განერიდოთ. ეს ჩემი პირადი აზრია”.

   პასუხი: ჯერ, თუ შეიძლება, თქვენ მიპასუხეთ ორ შეკითხვაზე: 1. ჰქონდა (აქვს) ილია მეორეს ეკუმენიზმთან ,,ძალიან საეჭვო კავშირები”? 2. რომელი უფრო დიდი ცდომილებაა, შტაინერიზმი თუ ეკუმენიზმი (ღმერთმა ორივე შეაჩვენოს!)? და მერე, ჩვენი კომენტარების შემდეგ ნაწილში, თუ უფალი გვაცოცხლებს, სიამოვნებით აგიხსნით ამ საკითხს… თუ ზ. გამსახურდიას, ხსენებულ ელ-გვერდზე გამოტანილი, ციტატების გამო _ სადაც არამართლმადიდებლური და არამამულიშვილური არაფერია _, ტექნიკურ საშუალებებს (რითაც ღვთის სიტყვას ვავრცელებთ) უნდა განვერიდოთ, _ განა, თქვენივე მსჯელობით, უფრო არ უნდა განვერიდოთ რჯულგანრიდებულთ?!

   იგივე (მოგვმართავს): ,,უბრალოდ, “დიდგორის” საიტი იმდენად აღვსილია ბოღმითა და საეკლესიო კანონიკის ნულვანი ცოდნით, რომ მართალი გითხრათ, თქვენ არ გეკადრებათ, მაგ საიტზე რამე განათავსოთ”.

   პასუხი: გმადლობთ შექებისათვის, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებ, რადგან ისიც კი არ ვიცი, რომ არაფერი ვიცი. მაგრამ თქვენი ეს შენიშვნა, უბრალოდ, მარტივ კრიტიკასაც ვერ უძლებს: განა ,,რუსთავი-2″ ან რომელიმე სხვა ტელევიზია თუ გაზეთი, ვისაც ქართველი სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები ინტერვიუებს აძლევენ, ყოველთვის სათნოებებით ან ,,კანონიკის ცოდნით” გამოირჩევიან? ან, იქნებ, თქვენი ,,ფორუმი” ყველაფერში უნაკლოა, რომელზეც, მიუხედავად ამისა, რამდენიმე კომენტარი, უკვე, გამოვაქვეყნეთ და ამ ნაწილის განთავსებასაც ვაპირებთ (თუ ტექნიკურად ხელს არ შეგვიშლით)?! ჩვენს სამრევლო ელ-გვერდზე _ http://saqme.fr _ თუ რაიმე საქმიანი შენიშვნა გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ.

   იგივე: ,,ვინ დაგირიგათ “მადლმზომი”? ვინ გეკითხებათ ვის აქვს მადლი და ვის არა??* …თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?**; …გაფრთხილდით ცოტა. და სერიოზულად მოეკიდეთ უფლის მადლზე საუბარს……; …და თუნდაც ისე იყოს, როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს არ გაძლევთ უფლებას სქიზმატებს, უმადლოდ გამოაცხადოთ 21-საუკუნოვანი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ადგილობრივი ავტოკეფალია – მცხეთის საპატრიარქო”.

______________

   *თუმცა, ამას თვითონვე, სხვა კომენტარებში, დაჟინებით გვეკითხება;

   **თუმცა, ამავე დროს, თვითონვე, სხვა კომენტარებში, დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, ეს სწორედ რომ ერთპიროვნულად განვსაზღვროთ (?).

   პასუხი: რაც შეეხება მართლმადიდებელ საპატრიარქოთა მადლმოსილების საკითხს, ჩვენი ნაწერებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჯერ გარკვეული გზა გვაქვს გასავლელი, რომ ამ ურთულესი თემის სიღრმეებს ბოლომდე ჩავწვდეთ. წინასწარ კი დაგამშვიდებთ, რომ ამ (და არცერთ) საკითხს, ღვთის მადლის წყალობით, ჩვენ არც ფუნდამენტალისტური ფანატიზმით და არც ლიბერალური სკეპტიციზმით განვიხილავთ. რაც შეეხება ამ თემის ფილოსოფიურ განზოგადებასა და საბოლოოდ, არა გულგრილად თავის დამშვიდებას, არამედ სამეუფეო და ზილოტური მიდგომის ჩამოყალიბებას, ანალიტიკური მსჯელობისათვის დაგაკვალიანებთ ყველაზე დიდი მადლის _ უფლის ხორცისა და სისხლის _ მისაღები, იმედია, თქვენგან ხშირად მოსმენილი, ლოცვიდან: ,,არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა, ამინ!” (შდრ.: I კორინთ.: 11,27-30). _ ამინ!! 

   იგივე (ჩვენდამი): ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი გულით ნათქვამი შენდობის თხოვნა ჩვენდამო და ჩვენც იმავეს გთხოვთ თქვენ”.  

   პასუხი: გმადლობთ, შვილო; და უფალმა თქვენც შეგინდოთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი”!

   დავით, თქვენ ერთ-ერთ მოპაექრეს შენიშვნა მიეცით, ჯერ მართლწერა ისწავლე და მერე წერე საეკლესიო დოგმატებზეო… საწყენად არ გეუბნებით და _ არც ჩვენ გვაწყენდა, გამართულად წერის ხელოვნებას დავვუფლებოდით და ერთმანეთის ნაწერებიდან გვესწავლა მართლწერაც და გულმართალი აზროვნებაც.

 +

   ახლა, ,,ფორუმის” ყველა მკითველს, მათ შორის, ,,კანონისტს” (დ. ჩიკვაიძეს), ,,კაიროსსა” და ,,აფხაზს”, მივმართავთ: ეთანხმებით აქ ,,მაძიებლის” ზედწოდებით შემოსულის აღიარებასა და ახსნას?: ,,უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია ვამჩნევ პატრიარქს ამ „ნაკლს” ჯვრის გადასახვისას და ვმადლობ უფალს, რომ მისი სახით ვხედავ ნიმუშს ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომელიც შორსაა სანახაობითობისგან”.

   _ ჩვენი საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე გვეგონა! მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯვრის გამოწერა და სხვაზე გადასახვა სანახაობითობა კი არა, ძალმოსილი ქმედებაა, რომლის სწორად შესრულებისას დემონები განილტვიან, ხოლო არასწორად შესრულებისას, როგორც მამები გვმოძღვრიან, _ ხარობენ. ჯვრის ძალა ,,სანახაობითობაა” ე. წ. იეღოველების, უფრო სწორად, არიოზელების ანუ რასელისტების და სხვა სექტებისათვის…

+

   ,,კანონისტი”: ,,რომის ეკლესიის მიერ დოგმატური სწავლების დარღვევა სახეზეა…” (ჩამოთვლით მის 8 დოგმატურ დარღვევას), ,,…მაგრამ რომის ეკლესიის მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”.

   პასუხი: რასაც აქ ამბობთ, ეს არის, უბრალოდ რომ ვთქვათ, საღვთისმეტყველო სირცხვილი. ჯერ ერთი, პაპიზმი, მისი საბოლოოდ ჩამოყალიბებიდან დღემდე (954 წლის მანძილზე), ყველა წმ. მამის მიერაა გამოცხადებულიც და დამტკიცებულიც მწვალებლობად და ადგილობრივი ეკლესიებიც, სანამ ეკუმენიზმის გზას დაადგებოდნენ, ამასვე ამტკიცებდნენ და ასწავლიდნენ; მეორეც: არაფერს ამბობთ 1438-39წწ.. ფერარო-ფლორენციის კრების ისტორიაზე, როცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმართებოდა მოლაპარაკებები და წმ. მარკოზ ეფესელის მიერ რჯულგამყიდველ პატრიარქ იოსებისა და მღვდელმთავრების მხილების შედეგად, მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, 1054წ-ისა და სხვა დროთა მსგავსად, კიდევ ერთხელ, გამოაცხადა კათოლიციზმი, როგორც საყოველთაო ერესი. იქნებ, წმ. მარკოზს, მსოფლიო ეკლესიის ამ ერთ-ერთ მნათობს, არა სცნობთ და მის ხატს არ ეთაყვანებით?! ის ხომ წმინდანად, ძირითადად, სწორედ აქ მოყვანილი ღვაწლისთვის შეირაცხა და არა სხვა რაიმე დამსახურებისთვის. სხვა მრავალთან ერთად, წაკითხული გაქვთ, ვთქვათ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება ,,გრდემლი”, სადაც რომაული პაპიზმის ათეულობით ცდომილებაა განხილული? ყოველ ცრუსწავლებაზე რომ მსოფლიო კრება იწვეოდეს, მაშინ, ბოლო მსოფლიო კრება არასოდეს უნდა დაშლილიყო, რადგან ახალ-ახალი მოძღვრება, წმ. პავლე მოციქული ,,დედაბრულ ზღაპრებსა” და ,,ყურისმომაქავებელს” რომ უწოდებს, გეომეტრიული პროგრესიით იქმნებოდა და იქმნება… მას შემდეგ (XIXს.), რაც რასელისტთა ნეოარიანული სექტა _ თავს ხან იეღოვას და ხან იაჰვეს მოწმეებს რომ უწოდებენ და სინამდვილეში, ეშმაკის მოწმეები არიან _ წარმოიშვა, მსოფლიო კრება გაიმართა, ეს ცრუსწავლება რომ დაეგმო?! თქვენთვის მათი ,,მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ”? განა, საკმარისი არ არის, მსოფლიო წმ. კრებები, რომლებზეც რომის მართლმადიდებელი პაპებიც ესწრებოდნენ და საერთო გადაწყვეტილებებს ხელს პირველები აწერდნენ, ასე რომ განაჩინებენ?: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!” და სხვ. (იხ. ქვემოთ მოტანილი კანონები). ისტორიულად, კრება ესაჭიროებოდა თვისებრივად ახალი მწვალებლობის გამოძიებასა და დაგმობას და არა წინასწარ გათვლილსა და უკვე განქიქებულს (მაგ., პაპიზმსა თუ ეკუმენიზმს), რომელიც თვითნებურად (ავტომატურად) ხვდება ანათემის ქვეშ (იხ. ქვემოთ). _ თუ ჯერ სწავლობთ, და კარგია, რომ სწავლობთ, დაირქვით ,,მოსწავლე” ან როგორც ერთსა აქვს _ ,,მაძიებელი” (და მართლაც, რომ ეძიებს…) და არა ,,კანონისტი”, რომ ისედაც დაბნეულ ჩვენს საყვარელ ხალხს თავგზა კიდევ უფრო არ აურიოთ!.. ფრთხილად იყავით, _ ყოფილმა მღვდელმა (დეკანოზმა) ბასილი კობახიძემაც, რომელიც გულწრფელად მებრალება, ასეთი აზრებით დაიწყო… 12 წელია კათოლიკურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და აქ ძნელი არ არის, უფრო ახლოს გაიგო, რაა პაპიზმი; საჭიროებს ის მსოფლიო კრებას თუ არა. ამ საკითხის თქვენეული განმარტება ჰგავს თქმას იმისას, რომ მართალია, ვაშლი დამპალია, მაგრამ საჭმელად უვარგისად ის ჯერ არავის გამოუცხადებიაო… ახლა, არა თქვათ, ეკლესიას ვაშლს უდარებსო! _ დიახ, ვუდარებ და არა _ ვუტოლებ (თუ ჯერ არ გიხილავთ, იხ. ამის განმარტება ჩვენს ზემოდასახელებულ ნარკვევში, რომლის თავიდან ბოლომდე გულწრფელ და გულდასმით წაკითხვას გთხოვდით და მერე, თქვენი შენიშვნების გამოქვეყნებას!).

   მსოფლიოს VI წმინდა კრების კანონიდან: ,,ჩვენ მათ* დადგენილებას, როგორც სულის** მიერ აღმოთქმულს, ვაღიარებთ და მომდევნო თაობებსაც ვასწავლით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის ეკლესიაში გაბრწყინებულ, ქვეყნის მნათობ და ამქვეყნად ხსნის სიტყვის მტვირთველ კაცთა სარწმუნოების მტკიცედ პყრობას და სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილსა და სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ, ხოლო მათ წინააღმდგომს, ყველას უკუვაგდებთ და შევაჩვენებთ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ გათავხედებულებს და სიცრუის ხმამაღლა მეტყველებს. ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ-იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტეანთა კრებულისაგან*** და ისინი, როგორც უცხოები, გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას”.

   ამასვე ადასტურებს მომდევნო, VII და უკანასკნელი მსოფლ. წმ. კრებაც:

   ,,საღვთო კანონების დაცვა აუცილებელია; წინასწარმეტყველის ხმა უკუნისამდე გვამცნობს, რომ დავიცვათ ღვთის მცნებანი, ვიცხოვროთ მათ შესაბამისად და ამით ხსნა მოვიპოვოთ****, რადგანაც ისინი უცვლელნი და შეურყეველნი არიან. ღვთის მხილველი დიდი მოსეც ასე ამბობს: მათ (ღვთის მცნებებს) არ უნდა მიემატოს რაიმე, არც უნდა დააკლდეს (II სჯულ.: 12, 32). საღვთო მოციქული (პავლე), რომელსაც ეამაყებოდა ეს მცნებები, ამბობს: ანგელოზიც კი, თუ ის გახარებთ თქვენ რაიმეს, გარდა იმისა, რაც უკვე გეხარათ და მიგიღიათ (ღვთის მცნებების სახით), შეჩვენებულ-იყოს (გალ.: 1, 8); მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის** საყვირთა, ყოვლადქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებების განჩინებათა დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის** მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ; ვინც განკვეთეს _ ჩვენც ვანვკვეთთ; ვინც უზიარებელ-ჰყვეს, უზიარებელ-ვჰყოფთ; ვინც განაკანონეს, ჩვენც, აგრეთვე, განვაკანონებთ მათ” (კანონი I).

_____________________  

   *მსოფლიოს პირველ ხუთ წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა;

   **სულიწმიდის;

   ***უკვე, მსოფლიოს პირველ ექვს წმ. კრებაზე დამსწრე წმ. მამათა;  

   ****ხაზგასმა და შენიშვნები ჩვენია (მღვდ. გ. ს.).


   მინაწერი (P.S.): ეს კანონები VII-VIII საუკუნეებში შეიქმნა, ხოლო ,,რომის ეკლესიის მწვალებლობა”  _ XI საუკუნეში. 


                                                        უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე

                                                            ლევილი, 2009წ. თებერვალი