საგანგებო განცხადება

ტროპარი ჯვრისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაი შენდა.

ქართველი ერი დღეს ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ერთი ნაწილი, რომელიც გუნდრუკს უკმევს  დღევანდელ უღმერთო-უკანონო ხელისუფლებას, მზადაა საქართველოს ფიზიკური სხეულის გადასარჩენად ყოველგვარ მორალურ დათმობებზე წავიდეს, ხოლო სულიერების გადარჩენას არად დაგიდევს.
 
ვაცხადებთ, რომ ვერც ერთი უღმერთო და უკანონო ხელისუფლება ვერ შეძლებს საქართველოს სწორ გზაზე დაყენებას, ვინაიდან უკანონობა სიკეთეს ვერ იქმს. წმიდა მოციქულთა პეტრეს და პავლეს  9-10 განწესება გვაუწყებს: „თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს“. ქართველმა მოძღვარმა გიორგი სხილაძემ თავის ნაშრომში საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან” „გარდაქმნამდე” კიდევ ერთხელ შეგვახსენა ეს ღვთიური ჭეშმარიტება.
 
საქართველო ტაძარია და თუ ამ ტაძარში მართლმადიდებლობის უარმყოფი ერი იცხოვრებს, მაშინ ეს ტაძარი აღარ იქნება წმიდა, ის აღარ იქნება ის საქართველო, რომელშიც იდიდება უფალი! რად გვინდა მერე ქართველებს ასეთი ტაძარი, სადაც ჭეშმარიტი ქრისტეანები აღარ იცხოვრებენ?! საქართველოს “ნატოში” შესვლით ვთქვათ და დროებით გადაწყდეს რუსეთის მიერ საქართველოსგან მიტაცებული ტერიტორიების შემოერთების საკითხი, მაგრამ ქართველი ერისთვის უცნობია რა არის „ნატოში” გაწევრიანების საფასური. იქნებ მართლმადიდებლობის უარყოფა და ეკუმენიზმის აღიარება? გვიღირს კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს ასეთი ღალატის ჩადენა უფლის წინაშე თუნდაც დაკარგული ტერიტორიების მიერთების სანაცვლოდ? დღეს უფალი ცდის ქართველი ერს და თუ იპოვის მასში საკმარის რწმენას დაკარგულ მიწა-წყალის დაბრუნება მასზე უკეთ ვის ხელეწიფება?

მათეს სახარებაში უფალი ბრძანებს: „და ნუ გეშინიათ იმათი რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.” (სახარება მათესი, თ.10-11), ხოლო წმინდა ფილარეტ მოსკოველი, რომელიც  პირია ღვთისა გვიქადაგებს: „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!” ახლა დადგა დრო ქართველმა ერმა სახარებისეული სიბრძნის თანახმად გადაწყვიტოს რომელი უფრო საშიში მტერია მისთვის, ზოგადად მართლმადიდებელი რუსეთი, რომელიც გვბომბავს, ტერიტორიებს გვართმევს და გვჟლეტავს, თუ იეღოველურ-ბაბტისტური-დემოკრატიული ამერიკა, რომელსაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს ჩვენი. არც ის დაგავიწყდეთ ქართველნო რომ ეროვნული ხელისუფლების განდევნის გეგმა ამერიკაში დაიწერა და სამაჩაბლოცა და აფხაზეთიც ამ გეგმის თანახმად განკარგა საქართველომ. ანტიქრისტეს გამეფებისათვის მებრძოლი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორები ჩვენი სულიერების მტრები ჯორჯ ბუში და ძმანი მისნი  რომ გაგვიხდია დღეს მეგობრად და ასე ვებრძვით ხორციელ მტერს პუტინ-მედვედევს რა წყალობას უნდა ველოდოთ ღვთისგან ამ უთანასწორო ომში? ჩვენ არ გვყავს ერთგული შემწე და მეგობარი არავინ გარდა ღვთისა, ასე იყო წარსულშიც და ასეა დღესაც, ამიტომ იყო რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები და წმიდა მეფე-დედოფალნი პირველ რიგში ღმერთს აამებდნენ ერთგულებით, მასზე ამყარებდნენ სასოებას და ამიტომაც იმარჯვებდნენ მტრებზე! ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ვაცხადებთ მას ჩვენი მამულის უბოროტეს მტრად, ასევე ვერ მივიღებთ მეგობრად ჩვენი სულიერების – მართლმადიდებლობის მტრებს, ახალი მსოფლიო წესრიგის მესვეურებს.

“ნატოში” საქართველოს შეყვანის გეგმამ და თან ამის ფონზე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მცდელობამ გამხეცებული რუსეთი კიდევ უფრო მეტად გაამძვინვარა, რომელიც ამერიკის მუდმივი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის მარიონეტულ-უკანონო ხელისუფლებამ გამოიწვია და ეს არაგონივრული მარიონეტული პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რადგან ამას მხოლოდ უაზრო მსხვერპლი, ნგრევა და საქართველოს ახალი ტერიტორიების ანექსია შეიძლება მოყვეს შედეგად.

ეს არ არის საქართველოს ომი, არამედ ჩვენი სისხლის ხარჯზე მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის ომი და ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაშიც კი საქართველოს თავს მოახვევენ სახელმწიფოებრივი მოწყობის კონფედერაციულ ვარიანტს, რომლითაც აფხაზეთს და სამაჩაბლოს მიენიჭება „განუსაზღვრელი უფლებები“. ეს „განუსაზღვრელი უფლებები“, რომელსაც ოს და აფხაზ სეპარატისტებს სთავაზობენ შესაძლებელია შავი ჭირივით გავრცელდეს საქართველოს სხვა რეგიონებში, რაც დასაბამს მისცემს საქართველოს დაშლას „განუსაზღვრელი უფლებებით“ აღჭურვილ რესპუბლიკებად. ღმერთმა დაიფაროს საქართველო მოვლენების ამდაგვარად განვითარებისაგან.

„დიდგორის“ რედაქცია

„დიდგორის“ პრესსამსახური

Advertisements